საქმე №ას-348-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.შ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.შ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სავალდებულო წილის მიღება, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.შ–ის (შემდეგში: მამკვიდრებელი, მოსარჩელისა და მოპასუხის მამა) რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ....., რომლის 4/9 წილი გარდაცვალების მომენტისათვის მის საკუთრებად ირიცხებოდა.
2. მამკვიდრებელმა 2004 წლის 26 თებერვალს ანდერძი შეადგინა (დამოწმებული ნოტარიუს მ. ჩ–ის მიერ, რეესტრის N3-01) და სამკვიდროს მიმღებ პირად ე.შ–ი (შემდეგში: შეგებებული მოსარჩელე, მოპასუხე, აპელანტი, ანდერძისმიერი მემკვიდრე) განსაზღვრა.
3. მამკვიდრებელი 2006 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა, გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე ნ.შ–ი (შემდეგში: მამკვიდრებლის მეუღლე) და შვილები - გ.შ–ი (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მამკვიდრებლის შვილი, კასატორი), მოპასუხე და ნ., თ. და ფ.შ–ები (შემდეგში: მოსარჩელისა და მოპასუხის დები).
4. მოპასუხის სახელზე 2008 წლის 14 ივლისს სამკვიდრო მოწმობა გაიცა და მოპასუხე წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სამკვიდრო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.
5. მოსარჩელე 1978 წლის 9 ივნისიდან 2016 წლის 26 იანვრამდე წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე იყო რეგისტრირებული. მის საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომლის მისამართია: საბერძნეთი, ნეაპოლი, ს.გიფტაკი, ..... ქუჩა და, 1996 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ......., რომელიც 2016 წლის 22 სექტემბერს გაასხვისა.
6. მოსარჩელემ სამკვიდრო სახლში მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი საინფორმაციო ბარათი ნოტარიუსთან წარადგინა, რის საფუძველზეც მამკვიდრებლის უძრავ ქონებაზე, 2016 წლის 23 ივნისს, სამკვიდრო მოწმობა მოსარჩელის სახელზე გაიცა.
7. მამკვიდრებლის მეუღლე 2010 წლის 28 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა, რომელიც მოპასუხის განცხადებითა და ხარჯებით თბილისში გადმოასვენეს და დაკრძალეს.
8. მოსარჩელისა და მოპასუხის დებმა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით განმარტეს, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ფორმით სამკვიდრო არ მიუღიათ და მასზე პრეტენზიას არ აცხადებენ.
9. მოსარჩელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2006 წლის 1 მარტიდან - 2017 წლის 1 დეკემბრამდე შემდეგი პერიოდულობით დაფიქსირდა: შემოსვლა - 11.04.2006, გასვლა - 20.04.2006წ; შემოსვლა - 17.04.2016წ, გასვლა - 22.04.2016წ, შემოსვლა 12.11.2017წ გასვლა 17.11.2017 წელს.
10. სარჩელის საფუძვლები
10.1. მოსარჩელემ 2016 წლის 8 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 2008 წლის 14 ივლისს გაცემულ ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში მოპასუხის სახელზე რიცხული ქონების ¼ ნაწილში ცვლილების შეტანა და ამ ნაწილში უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
10.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მან სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო, მამკვიდრებლის მოვლისა და დაკრძალვის ხარჯები გასწია, რეგისტრირებულია სამკვიდრო სახლში, რომელიც გაარემონტა, აქირავებს და სამკვიდრო ქონებას დღემდე პატრონობს.
10.3 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ, როგორც მამის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე ძმის არსებობის ფაქტი დამალა და უძრავი ქონება სრულად დაირეგისტრირა საკუთრებად.
11. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
11.1 შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას, ნოტარიუსის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე 2016 წლის 23 ივნისს შეგებებული მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება წარმოადგენს.
11.2 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, შეგებებულ მოპასუხეს მამის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, ვინაიდან მისი მუდმივი საცხოვრებელი იყო და დღემდე არის საბერძნეთი, მამის გარდაცვალების შემდეგ მან საზღვარი მხოლოდ სამჯერ გადმოკვეთა, პირველად მამის დაკრძალვის პერიოდში, მეორედ - 10 წლის შემდეგ, ხოლო მესამედ - სასამართლო სხდომაზე დასასწრებად.
11.3 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, შეგებებულმა მოპასუხემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) სადავო ქონებაში მარტოოდენ რეგისტრაციის ფაქტით, ნოტარიუსი მოატყუა, თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაუმალა და სამკვიდრო მოწმობა მიიღო. თავის მხრივ, არც ნოტარიუსმა დაიცვა კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, რომ საკითხი სრულყოფილად გამოეკვლია.
12. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
12.1 მოპასუხემ (რომელიც იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორია) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას მხოლოდ ის დაეუფლა, რომლის დავალებითაც სამკვიდრო ქონებას მესამე პირები უვლიდნენ.
12.2 მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე 2007 წლიდან უძრავ ქონებას ფლობს საბერძნეთში, რომელიც მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს, ხოლო თბილისში წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი კვირით ჩამოდის და სადავო ქონება მას ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია.
13. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
13.1 შეგებებულმა მოპასუხემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საბერძნეთია, თუმცა, მამის უძრავ-მოძრავ ქონებას მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა, რემონტი გააკეთა, აქირავებდა, შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაც კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო.
14. თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1 თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა.
14.2 ნოტარიუსის მიერ მოპასუხის სახელზე 2008 წლის 14 ივლისს გაცემული ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილება შევიდა და მოსარჩელე ცნობილ იქნა 2006 წლის 8 აპრილს გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონების, ამჟამად მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ¼ ნაწილის მესაკუთრედ;
14.3 შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14.4 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1371-1374-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1503-ე მუხლებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (შემდეგში: ინსტრუქცია) 85-ე მუხლით.
14.5 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე 1978 წლის 9 ივნისიდან 2016 წლის 26 იანვრამდე რეგისტრირებული იყო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მისამართზე. იგი მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, 2006 წლის 11 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში და სამკვიდრო სახლში იმყოფებოდა იმავე წლის 20 აპრილის ჩათვლით. მას სამკვიდროზე უარი არასდროს განუცხადებია, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მამკვიდრებლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებასა და მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებს სამკვიდროს მიღების მიზნით დაეუფლა.
15. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
16.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
16.1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
16.1.2 თავდაპირველი სარჩელი მოპასუხის მიმართ, 2008 წლის 14 ივლისს გაცემულ ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო ქონებაზე ცვლილების შეტანისა და მოპასუხის სახელზე რიცხული წილის ¼ ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
16.2 სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე „მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო” და ამავე კოდექსის 1424-ე მუხლებზე ,,სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან“ დაყრდნობით იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის განხორციელებადობაზე.
16.3 სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მამის დაკრძალვაზე დასწრების მიზნით ჩამოსვლა და შემდგომ ქვეყნის ფარგლების კვლავ დატოვება სამკვიდროს მიღებად ვერ მიიჩნეოდა, მით უფრო, როდესაც მოსარჩელე 2006 წლის შემდეგ პირველად 2016 წელს ჩამოვიდა საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ მოწმობდა, რომ ფიზიკურად არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, ფაქტობრივი ფლობით მამის დანაშთ უძრავ ქონებას ვერ დაეუფლებოდა.
16.4 სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის მიერ ქონების დაუფლებასთან დაკავშირებით სარწმუნოდ არ მიიჩნია მოწმეთა ჩვენება, რომელთაც განმარტეს, რომ მოსარჩელე მამის გარდაცვალების შემდეგ მათ საქართველოში სტუმრობდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწმეები ზუსტ დროს (თუნდაც წელს) ვერ იხსენებენ და, ამასთან, საქმეში უტყუარი მტკიცებულებები იყო წარდგენილი საზღვრის კვეთის პერიოდულობასთან დაკავშირებით.
16.5 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, გარდა ზემოხსენებულ მოწმეთა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, მოსარჩელემ სხვა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით სადავო უძრავი ქონების ცალკეული ოთახების გაქირავებისა და ქირით პირადად სარგებლობის ფაქტი ვერ დაადასტურა, ისევე, როგორც - სამკვიდროს მართვა და ფაქტობრივად ფლობა.
16.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ მამის გარდაცვალებიდან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6-თვიანი ვადის გასვლას მოწმობს 2017 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მისივე ახსნა-განმარტება, სადაც მან მიუთითა, რომ დედის სიცოცხლეში საკვიდროს მიღების თაობაზე ნებას ვერ გამოხატავდა, რამდენადაც მშობლის სურვილს წინ ვერ აღუდგებოდა და მხოლოდ დედის გარდაცვალების (2010 წლის 28 ივლისი) შემდგომ (მამის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ) ზოგადი სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს.
16.7 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელის წარმომადგენლისა და მეუღლის მიერ 2017 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელე 1983 წლიდან ცხოვრობს, ხოლო 2007 წლიდან ფლობს ქონებას საბერძნეთში, თბილისში ჩამოსვლისას კი, საკუთარ სახლში რჩება - ნავთლუღის დასახლებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრება და უძრავი ქონების ფლობა შეწყვეტილი აქვს.
17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება.
17.2 კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი ნაწილი არ გამოიყენა, ისევე, როგორც - სსკ-ის 1320-ე მუხლი.
17.3 კასატორის განმარტებით, სამკვიდრო მამკვიდრებლის გარდაცვალებისას გაიხსნა, კასატორი დაკრძალვაზე თბილისში 2008 წლის აპრილში ჩამოვიდა და ერთი კვირის განმავლობაში სამკვიდრო სახლში იმყოფებოდა, როდესაც მამკვიდრებლის მოძრავ ქონებას დაეუფლა და, სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მათი მესაკუთრე გახდა.
17.4 კასატორის განმარტებით, პირველ სხდომაზე საქმის განხილვისას მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად დრო ესაჭიროებოდა და საქმის განხილვა სექტემბრისათვის უნდა გადადებულიყო. მოსარჩელე მხარემ ივარაუდა, რომ შემდეგ სხდომაზე გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, თუმცა მომხსენებელმა მოსამართლემ საქმის მოხსენება ხელახლა დაიწყო, მხარეთა განმარტებები კვლავ მოისმინა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს ეჭვი გაუჩნდა, რომ სასამართლო ხელოვნურად ცდილობდა საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას.
17.5 კასატორის განმარტებით, მოსარჩელის პირველი - თუნდაც ერთი ვიზიტი საკმარისი იყო სამკვიდროს მისაღებად.
17.6 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მამის დაკრძალვის შემდეგ მისი მოძრავი ქონების ნაწილი მიიღო, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მოსარჩელის შვილი რამდენიმე წელი სადავო სახლში ცხოვრობდა, ასევე, მოსარჩელე აქირავებდა ბინას, რაც მოწმეებმაც დაადასტურეს.
17.7 კასატორის განმარტებით, სანამ დედა ცოცხალი ჰყავდა, არ ჩქარობდა სახლის გადაფორმებას, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ძმები სამკვიდროს თაობაზე არ დავობდნენ, სამკვიდრო სახლის დიდი ნაწილი მოსარჩელემ საკუთარი ხელითა და სახსრებით ააშენა და ამიტომ იგი თავისად მიაჩნდა. მან ანდერძის არსებობის შესახებ ნოტარიუსისგან გაიგო.
17.8 კასატორის განმარტებით, მოპასუხე მუდმივად ცხოვრობს საბერძნეთში და არც მას უმტკიცებია სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა რეგისტრაციის ადგილისა, არ გააჩნია, იმის მიუხედავად, რომ უფლება აქვს, საკუთრებაში ჰქონდეს სხვა უძრავი ქონებაც, რაც გავლენას მის სამკვიდრო წილზე არ ახდენს. ის სხვა ბინაში იმ მიზეზით ჩერდებოდა, რომ სამკვიდრო სახლში მდგმურები ცხოვრობდნენ.
17.9 კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ვლინდება სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლება (მათი საბერძნეთში გატანით), უძრავი ქონებით სარგებლობა, სამკვიდრო ქონებაში ცხოვრება 2006 წლის 11 აპრილიდან იმავე წლის 20 აპრილამდე.
17.10 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავდება (იხ. სუსგ-ები - Nას-482-455-2012, 31.05.2012წ; Nას-1172-1127-2016წ. 31.03.2-17წ.);
17.11 კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე - ,,სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რომელიც უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის მანძილზე და რომლითაც დასტურდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება, საკმარისია, რომ სამკვიდრო მიღებულად ჩაითვალოს. სსსკ-ის (1964 წლის 26 დეკემბერი) 556-ე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, ისეთ კონკლუდენტურ მოქმედებებს, რომელიც მიუთითებს სამკვიდროს მართვაზე, შეიძლება, მნიშვნელობა ჰქონდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე, მართალია, არ ფლობს მამკვიდრებლის ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებიდან ირკვევა, რომ ამ ქონებას იგი თავისად მიიჩნევს“ (იხ. საქმე Nას-483-794-09, 04.02.2010წ.) -სუსგ. 555-526-2014, 10.10.2014წ.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-2017, 11.01.2018წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამემკვიდრეო სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ - მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (შდრ. სუსგ #ას-607-2019, 04.07.2019 წ.).
25. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა)- (შდრ. სუსგ-ები №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; № ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობიდან წარმოიშვებიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. მოცემულ შეთხვევაში, თავდაპირველი მოსარჩელის პოზიციას სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება დაუპირისპირა.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ფაქტობრივად დაუფლების ტვირთი, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მხარეზეა. ამასთან, მემკვიდრეს ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, შეუძლია დადგენილ ვადაში ქონების დაუფლების დადასტურება (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით).
28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე (მე-9 პუნქტი) და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ თავდაპირველი მოსარჩელის მამის დაკრძალვაზე ჩამოსვლა და შემდეგ ქვეყნის დატოვება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებას არ ნიშნავს, მით უფრო როცა, მოსარჩელე აღნიშნულის შემდეგ მხოლოდ 2016 წელს დაბრუნდა საქართველოში. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე 1983 წლიდან ცხოვრობს, ხოლო 2007 წლიდან ფლობს ქონებას საბერძნეთში, თბილისში ჩამოსვლისას კი, საკუთარ სახლში რჩებოდა ქ.თბილისში, .... დასახლებაში (კასატორმა საკასაციო საჩივარშიც მიუთითა, რომ ბინას აქირავებდა (რაც სადავოა) და აღნიშნულის გამო სადავო სამკვიდრო ქონებაში ვერ რჩებოდა).
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღებად მიიჩნევა პირის იმგვარი ქმედებები, რომელბიც საშუალო წინახედულების მქონე ადამიანს შეუქმნის რწმენას, რომ მემკვიდრე ქონებას, როგორც საკუთარს ისე იყენებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მის ბატონობას დაადასტურებდა. ასევე, მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების დაუფლება არ დასტურდება.
31. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 17.2-ე ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 85-ე მუხლი ჩამოთვლის იმ ფაქტებსა და დოკუმენტებს, რომლითაც შესაძლებელია სამკვიდროს ქონების ფაქტობრივად დაუფლების დადგენა, თუმცა, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხოლოდ აღნიშნული ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის გამოყენებით სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენა გაუმართლებელია, მით უფრო, როცა კანონით დადგენილ ვადაში აშკარად არ იკვეთება მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, რასაც წინამდებარე განჩინების 16.6-ე ქვეპუნქტში მითითებული გარემოებაც ადასტურებს.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას“, სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე მხარეთა ახსნა-განმარტების ეტაპიდან გაეგრძელებინა, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევისა და შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც კანონის დარღვევად ვერ განიხილება.
33. რაც შეეხება, კასატორის მიერ მითითებულ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს/განჩინებებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან არ განსხვავდება.
34. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომლის თანახმად, არც მოპასუხეს უმტკიცებია სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის დავის საგნის გათვალისწინებით, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას საქმესთან შემხებლობა არ აქვს.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.შ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.შ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1062,50 ლარის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 11 იანვარი), 70% – 743,75 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე