საქმე №ას-722-2019 29 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ნ.მ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ს.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ნ.მ–ამ“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი, კასატორი) შპს ,,ა.ს.კ–ისგან“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე), 2016 წლის 30 დეკემბერს, ელდაცვისა და მართვის ფარი შეიძინა (იხ.ტ.1, ს.ფ. 14-15, 57);
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 მოსარჩელემ, 2018 წლის 7 აგვისტოს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, ნასყიდობის საგნის საფასურის - 9703.28 ლარის დაკისრება მოითხოვა.
3. მოპასუხის შესაგებელი
3.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის თანხა სრულად გადაიხადა.
4. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.
4.1.1 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 9703.28 გადახდა დაეკისრა;
4.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 327-ე, 361-ე, 427-ე-429-ე, 477-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით.
5. სააპელაციო საჩივარი
5.1 მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6.2 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ამ უკანასკნელმა ვალდებულება შეასრულა და ნასყიდობის საფასური არა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვით, არამედ ხელზე გადაიხადა.
6.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ მტკიცებულებების სახით სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები წარადგინა, რომლითაც ის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების - 9703.28 ლარის არსებობას ამტკიცებდა.
6.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, ასევე, იმავე კოდექსის 175-ე მუხლის 11 ნაწილზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკითხი ეხებოდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურას, რომელიც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად არ მიიჩნეოდა და დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურების ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ უნდა ჰქონდეს ელექტრონული სისტემის წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისათვის არის ცნობილი. საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს, მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით. ანგარიშფაქტურა საგადასახადოსამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე - საგადასახადო ანგარიშფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში მიიღწევა ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც გათვალისწინებულია სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას.
6.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა დაადასტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა.
6.6 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს ხელზე ან სხვა რაიმე ფორმით, ნასყიდობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, უფრო მეტიც, საქმეში არსებული მოპასუხის 2018 წლის 3 მაისის წერილით, ამ უკანასკნელმა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება აღიარა და მიუთითა, რომ დავალიანებას ერთი თვეში ორ ეტაპად დაფარავდა.
6.7 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და მიუთითა სსკ-ის 429-ე მუხლზე, რომლის მიხედვით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე - იმავე კოდექსის 433-ე მუხლზე, თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად და განმარტა, რომ ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა.
6.8 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებეოლი მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
7.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.2 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია.
7.3 კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს ორი წლის განმავლობაში არ უჩივლა, თუმცა, მენეჯმენტის ცვლილების გამო, ,,გაახსენდა“, რომ სადავო თანხა ხელზე ჰქონდა აღებული და სასამართლოს გზით კვლავ შეეძლო, დავალიანების გადახდა მოეთხოვა.
7.4 კასატორის მტკიცებით, საქმე მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ვინაიდან სამოქალაქო ურთიერთობებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ანაზღაურებას ხელზე უხდიან, ამის გამო კი, კეთილსინდისიერი გადამხდელები არ უნდა იჩაგრებოდნენ.
7.5 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სადავოდ ხდის მისთვის საადვოკატო ხარჯის დაკისრებასაც.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“ (სსკ-ის 477-ე მუხლი).
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მოსარჩელემ (გამყიდველმა) ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ (მყიდველმა), ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, ამასთან დამატებით განმარტავს, იმის გამო, რომ მყიდველს სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია გამყიდველის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ მისი მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა, მარტოოდენ მხარის (მოპასუხის) ახსნა-განმარტებას, ვერ გაიზიარებდა სასამართლო, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ნ.მ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ნ.მ–ას" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 506 ლარის (გადახდის ქვითარი N0, გადახდის თარიღი, 2019 წლის 1 ივლისი), 70% – 354,2 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე