საქმე №ას-728-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.კ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ა.ე.ჯ–ა", გ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ს–ძე (შემდეგში: მოსარჩელის მეუღლე) შპს ,,ა.ე.ჯ–ასთან“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, საწარმო) წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მეორადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადილერო საქმიანობით იყო დაკავებული (იხ. ტ.2, ს.ფ. 162).
2. მოსარჩელის მეუღლეს, ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საწარმოს პარტნიორი ამერიკული კომპანიების - ,,ა.ე.კ–ის“ (პირველი ამერიკული კომპანია) და ,,ი.ი–ის“ (მეორე ამერიკული კომპანია) მიერ მინიჭებული უფლებით, პერსონალური პროფილი გააჩნდა, რაც საკუთარი ბალანისის ქონისა და ამერიკულ აუქციონებზე დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ინდივიდუალური კოდით სარგებლობის უფლებას ანიჭებდა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 162).
3. მოსარჩელის მეუღლე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, შემდგომში გაყიდვის მიზნით, ამერიკულ აუქციონებზე თავად არჩევდა, მისი შეძენის შემდეგ კი, ამერიკულ კომპანიაში, ნასყიდობის ღირებულებას, როგორც წესი, მესამე პირების მეშვეობით რიცხავდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 162).
4. ნ.კ–ამ (შემდგომში: მოსარჩელე, კასატორი), 2013 წლის 8 ნოემბრის ინვოისის თანახმად, პირველ ამერიკულ კომპანიას 1275 აშშ დოლარი, იმავე წლის 27 სექტემბრის ინვოსისის მიხედვით, მეორე ამერიკულ კომპანიას - 990 აშშ დოლარი, ხოლო ლევან სამხარაძემ (შემდგომში: მოსარჩელის მაზლი) მოპასუხეს 2013 წლის 11 ნოემბრის ინვოსისით - 335 ლარი გადაურიცხა (იხ. ტ.2, ს.ფ. 162).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1 მოსარჩელემ 2016 წლის 18 მარტს სარჩელი აღძრა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მოპასუხისა და გ.მ–ძის (შემდგომში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი) წინააღმდეგ და ამ უკანასკნელებისათვის - 2280 აშშ დოლარისა და 335 ლარის დაკისრება მოითხოვა.
5.2 მოსარჩელის განმარტებით, პირველი მოპასუხის შუამავლობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ აუქციონზე ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა და მისი საფასური (990 აშშ დოლარი), ტრანსპორტირებისა (1290 აშშ დოლარი) და საბაჟო მომსახურების ხარჯი (335 ლარი) გადაიხადა.
5.3 მოსარჩელის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება ფოთის ტერმინალში თანხის პირველი ჩარიცხვიდან 2 თვეში უნდა გადასცემოდა, თუმცა უშედეგოდ.
6. მოპასუხეების შესაგებელი
6.1 მოპასუხეემა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
7.1.1 მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2265 აშშ დოლარისა და 335 ლარის გადახდა დაეკისრათ.
7.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 361-ე, 408-ე, 394-ე, 709-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 103-ე მუხლებით.
8. სააპელაციო საჩივარი
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
9.1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა;
9.1.2 მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს მეორე მოპასუხესთან რაიმე შეთანხმების არსებობაზე და მისი მხრიდან რაიმე ვალდებულების დარღვევაზე არ მიუთითებია, შესაბამისად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მეუღლემ ავტოსატრანსპორტო საშუალება მეორე მოპასუხეს, როგორც საწარმოს თანამშრომელს, გადასცა, მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობის განსასაზღვრად საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა.
9.3 სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დაასკვნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელესა და საწარმოს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის თაობაზე შეთანხმების არსებობა არ დგინდებოდა.
9.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა თავის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დასამტკიცებლად.
9.5 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სარჩელში ავტომობილის შეძენისა და მისი საქართველოში ტრანსპორტირების პირობებთან დაკავშირებით, საწარმოს დირექტორთან შეთანხმებაზე უთითებდა, თუმცა, მისივე ახსნა-განმარტებით, მან იცოდა, რომ მოპასუხის საქმიანობის სფეროს ავტომანქანებით საცალო ვაჭრობა არ წარმოადგენდა, ამიტომ ავტომობილის შეძენის მიზნით დილერის (თავისი მეუღლის) მომსახურებით ისარგებლა და პირობებიც ამ უკანასკნელისგან იცოდა. ამასთან, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით საწარმოსთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს, უფრო მეტიც, საწარმოში ერთხელ იმყოფებოდა მის სახელზე გამოწერილი ინვოისის ასაღებად, რადგან ამ პერიოდისთვის ავტომობილი უკვე შერჩეული და ნაყიდი იყო.
9.6 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ იმავე სხდომაზე მიუთითა, საწარმოს დირექტორთან შეთანხმების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მიუხედავად მოსარჩელის ზემოაღნიშნული განმარტებისა, ამ უკანასკნელს საწარმოს ოფისში მხოლოდ ერთხელ მისვლის შესახებ მისივე ახსნა-განმარტება არ შეუცვლია, როდესაც მან მის სახელზე გამოწერილი ინვოისის დედანი წაიღო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო აუქციონზე ავტომობილის შეძენამდე საწარმოს დირექტორთან პირობებზე შეთანხმების დეტალებისა და დროის გახსენებაც.
9.7 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ, მიუხედავად მოსარჩელის განმარტებისა, რომ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალება უშუალოდ აუქციონზე ნახა, ვერ შეძლო ავტომობილის ღირებულების ზუსტად გახსენებაც.
9.8 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოსარჩელის მეუღლის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, სწორედ ამ უკანასკნელის მფლობელობაში გადავიდა. უდავოა, რომ მოსარჩელის მეუღლემ ავტომობილი შეაკეთა, რის შემდეგაც ავტოსატრანსპორტო საშუალება საწარმოს გადასცა.
9.9 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, უდავოა, მოსარჩელის მეუღლეს საწარმოსთან გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ ამ საქმიანობის ფარგლებში მოსარჩელის მეუღლეს დროდადრო ამერიკიდან ავტომობილები გასაყიდად ჩამოჰყავდა. ამასთან, მოსარჩელის მეუღლემ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ აუქციონზე ავტომობილის შეძენის შემდეგ ღირებულებას ამერიკულ კომპანიაში გადასარიცხ თანხებს, როგორც წესი, მესამე პირები (მისი ოჯახის წევრები, ახლობლები) რიცხავდნენ, იმ საფუძვლით, რომ მისი საბანკო ანგარიშები ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების შედეგად იყო დაყადაღებული.
9.10 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეკეთებას საჭიროებდა, შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შემდეგ მოსარჩელის მეუღლემ კვლავ საწარმოს გადასცა. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, ის გარემოება, რომ თუკი სადავო ავტომობილი მართლაც თავად იყიდა, რატომ დაუბრუნა მისმა მეუღლემ საწარმოს მისი შეკეთების შემდეგ.
9.11 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მას და საწარმოს შორის სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის შესახებ შეთანხმების არსებობის დადასტურება, რომლის მიხედვითაც, საწარმომ მოსარჩელისათვის აშშ-ში ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენისა და მისი საქართველოში ტრანსპორტირების ვალდებულება იკისრა.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2 კასატორი სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარში ფაქტობრივ უსწორობებზე არ მიუთითებია, ამ უკანასკნელმა მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებში მიუთითა გარემოებები, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებით რაში გამოიხატებოდა სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, არ დგინდება. კასატორის აზრით, სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებს გასცდა.
10.3 კასატორის განმარტებით, მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელის მეუღლემ საკუთარი ნებით ვალდებულების გაქვითვის მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალება მოპასუხეს დაუბრუნა, თუმცა, მტკიცებულება არ წარუდგენია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება არა მოსარჩელის, არამედ მისი მეუღლის საკუთრებას წარმოადგენდა.
10.4 კასატორის განმარტებით, მოპასუხეები ადასტურებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხით არის შეძენილი, სადავო ავტომანქანა მათ გაასხვისეს, ვინაიდან მოსარჩელის მეუღლეს მათ წინაშე ფულადი ვალდებულებები ჰქონდა. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხეებმა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტეს.
10.5 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკითხული მოსარჩელის მეუღლის განმარტება. კასატორის განმარტებით, მისი მეუღლე სამსახურებრივ საკითხებზე საუბრობდა. კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით კი მიუთითა, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელემ შეიძინა.
10.6 კასატორის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება მან შეიძინა და ინვოისიც მის სახელზე გამოიწერა. საწარმოს დირექტორმა დედანი ინვოისი ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისი თანხის ჩასარიცხად თავად მას გადასცა. მოსარჩელემ კი, თანხა ივნოისის შესაბამისად გადარიცხა. მოსარჩელე მოლაპარაკებებშიც იყო ჩართული.
10.7 კასატორის განმარტებით, თუ პირველმა მოპასუხემ შეკეთებული ავტოსატრანსოპორტო საშუალება ჩაიბარა და მოსარჩელის მეუღლეს შესასრულებელ ვალდებულებაში გაუქვითა და, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის მეუღლეს ეკუთვნოდა და მოპასუხესთან არსებულ ვალდებულებებში უნდა გაექვითა, მაშინ რა მიზანი ჰქონდა მის შეკეთებას, ან საერთოდ ავტომანქანის ჩამოყვანას. საწარმომ მოსარჩელის მიერ ჩარიცხული თანხა რატომ არ გამოიყენა.
10.8 კასატორის განმარტებით, მოპასუხესთან ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიყვანეს განბაჟების მიზნით. ამასთან, მოსარჩელე ავტოსატრანსპორტო საშუალებას სხვაგვარად ვერ განაბაჟებდა, ვინაიდან იგი მეორე მოპასუხის სახელზე იყო ჩამოსული.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი სწორად გადაანაწილა. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძენის, ტრანსპორტირებისა და სატერმინალო მომსახურების გაწევის შესახებ მხარეთა შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო, თავის მტკიცების საგანში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მით უფრო, იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ თანხა არა მოპასუხეს, არამედ ამერიკულ კომპანიას ჩაურიცხა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ჩამოყვანილი სატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის მეუღლის მფლობელობაში იყო, რომელმაც ავტომანქანა შეაკეთა და კვლავ პირველ მოპასუხეს დაუბრუნა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მეუღლეს საწარმოსთან გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები ჰქონდა. მას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოჰყავდა და ღირებულებას ამერიკულ კომპანიაში, როგორც წესი, მესამე პირების (ოჯახის წევრების) მეშვეობით რიცხავდა, ვინაიდან მისი ანგარიშები ბანკს ჰქონდა დაყადაღებული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო აუქციონზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენამდე საწარმოს დირექტორთან პირობების შეთანხმებისა და დეტალების გახსენება.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი; შდრ. სუსგ #ას-279-264-17, 21.04.17 „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული“).
20. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კასატორმა ვერ შეძლო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენისა და მისი საქართველოში ტრანსპორტირების პირობებთან დაკავშირებით საწარმოსთან შეთანხმების დადასტურება.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 10.2 ქვეპუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს პასუხობდა, რამაც განაპირობა შემდგომში იმავე კოდექსის 386-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და დასაბუთებული, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.კ–ას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 335,61 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 4 ივლისი), 70% – 234,93 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე