Facebook Twitter

საქმე №ას-1114-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს "ო.თ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.შ–ი, ე.ზ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ზ–მა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და ე.შ–მა (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეები), შპს "ო.თ–ისგან" (შემდეგში: მოპასუხე, ტურისტული საწარმო, მოგზაურობის მომწყობი, აპელანტი, კასატორი), ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ოთხი ტურისტული პაკეტი 2308 აშშ დოლარად შეიძინეს, რომელიც ავიაბილეთებს, სასტუმროში განთავსებას, კვებას, ტრანსფერსა და სამოგზაურო დაზღვევას მოიცავდა. მოსარჩელეებმა სრულად გადაიხადეს ტურისტული პაკეტის ღირებულება, რომელმაც ეროვნული ვალუტით, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით, 5770 ლარი შეადგინა (იხ. ტ.1, ს.ფ. 16-18, 40-43).

2. მოგზაურობა დაგეგმილი იყო 2018 წლის 14 ივლისიდან იმავე წლის 21 ივლისამდე (იხ. ტ.2, ს.ფ. 69).

3. პირველ მოსარჩელეს, 2018 წლის 10 ივლისს, მწვავე აპენდიციტის გამო, გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა (იხ. ტ.1 ს.ფ. 19-27).

4. მოსარჩელეებმა სამოგზაურო პერიოდის რამდენიმე დღით გვიან გადაწევა მოითხოვეს, პირველ მოსარჩელეს ოპერაციის შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია რომ შესძლებოდა საქართველოში (იხ. ტ.2, ს.ფ. 69).

5. მოპასუხემ მოსარჩელეებს აცნობა, რომ მოგზაურობის თარიღის ცვლილების შემთხვევაში, ტურისტული პაკეტის ღირებულებაზე ერთ ადამიანს უნდა დაემატებინა 65 აშშ დოლარი, რის გამოც მოსარჩელეებმა ტურისტული პაკეტის გაუქმება და გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვეს (იხ. ტ.1 ს.ფ. 28-29).

6. მოპასუხემ მოსარჩელეს შეძენილი ტურისტული პაკეტის ღირებულების მხოლოდ 50% - 2885 ლარი დაუბრუნა (იხ. ტ.1 ს.ფ. 30).

7. სარჩელის საფუძვლები

7.1 მოსარჩელეებმა, 2018 წლის 3 სექტემბერს, სარჩელი აღძრეს ტურისტული საწარმოს წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, ტურისტული პაკეტის დარჩენილი ღირებულების - 2885 ლარის დაკისრება მოითხოვეს.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ამასთან

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა.

9.1.1 მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 2885 ლარის გადახდა დაეკისრა.

9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 663-ე, 657-ე, 665-ე მუხლებით.

10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

10.1 მოპასუხემ (ტურისტულმა საწარმომ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ხანდაზმულობის ერთ თვიანი ვადის ათვლას მოგზაურობის დასრულების თარიღს არასწორად უკავშირებდა.

11.3 სააპელაციო სასამართლო მიუთითა სსკ-ის 663-ე მუხლზე ,,1. სსკ-ის 659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში. 2. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას“ და განმარტა, რომ ერთ-თვიანი ვადა დაკავშირებული იყო ტურისტის მიერ მოგზაურობის მომწყობისათვის სსკ-ის 659-662-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენასთან (რომელიც მოგზაურობის ხარვეზებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას ეხება) და არა თავად ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან, რაც, სსკ-ის 663-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექვს თვეს შეადგენს.

11.4 სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პოზიცია, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელმა სამოგზაურო პაკეტი შპს „ი.თ–საგან“ (შემდეგში: მეორე ტურისტული კომპანია) შეიძინა, შესაბამისად, მან ტურისტული პაკეტის ღირებულება, მხოლოდ საკომისიო პროცენტის გამოკლებით მიიღო, მეორე ტურისტულმა კომპანიამ კი, საჯარიმო სანქციის სახით გადახდილი თანხის 50% დაიტოვა.

11.5 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სწორედ მოპასუხესთან, და შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს;

11.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებით წერილობითი ხელშეკრულება საქმის მასალებში წარდგენილი არ არის, მოპასუხის მტკიცებით კი, იმის შესახებ, რომ საჯარიმო სანქციის ამოქმედების წინაპირობები არსებობდა, ვინაიდან მოსარჩელეებს ტურისტული პაკეტის შეძენამდე ტურისტული პროდუქტის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა, დაუსაბუთებელია.

11.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 665-ე მუხლზე ,,1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. 2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად“ და განმარტა, რომ მოპასუხეს სსკ-ის 665.2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მოსარჩელისათვის არ წაუყენებია. ტურისტული კომპანია, ტურის გაუქმების გამო, ყურადღებას ამახვილებდა მის მიერ დაწესებულ ჯარიმაზე, რომელიც სსკ-ის 665-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ანაზღაურებად ვერ განიხილებოდა.

11.8 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებს სწორედ ზემოაღნიშნული ნორმით აწესრიგებს, მოგზაურობის მომწყობის მიერ პირგასამტეხლოს ფიქსირებულ ოდენობაზე მითითება, საფუძველს მოკლებულია.

11.9 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომლის თანახმად, ტურისტული პაკეტის/მოგზაურობის სრული გაუქმება აუცილებელი არ იყო, ვინაიდან შეძენილი ტურისტული პაკეტით მეორე მოსარჩელესა და მათ შვილებს პირველი მოსარჩელის გარეშე შეეძლოთ ესარგებლათ.

11.10 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეები არიან მეუღლეები, რომელთაც მოგზაურობა ოჯახურ გარემოში შვილებთან ერთად დაგეგმეს, შესაბამისად, თავად ტურისტული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, პირველი მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე შეძენილი სამოგზაურო პაკეტის გამოყენება მათთვის აზრს დაკარგავდა.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 მოპასუხემ (ტურისტულმა საწარმომ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12.2 კასატორის განმარტებით, მოპასუხემ მეორე ტურისტული კომპანიის მიერ ტურისტული პაკეტის ღირებულების 50%-ის დაბრუნებისთანავე, მითითებული თანხა მოსარჩელეებს დაუყოვნებლივ გადაურიცხა, ამასთან, კომპანიამ რომელიც კეთილსინდისიერად მოქმედებდა, მოსარჩელეებს საკომისიოც დაუბრუნა, ხოლო, თანხა, რომელსაც მოსარჩელე ითხოვდა, მეორე ტურისტულმა კომპანიამ არ დააბრუნა, ვინაიდან მოგზაურობის ხარჯი იყო და სსკ-ის 665-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ანაზღაურებას აღარ ექვემდებარებოდა. მოპასუხეს ფაქტობრივად მითითებული ურთიერთობის ფარგლებში ფულადი ანაზღაურება/სარგებელი არ მიუღია.

12.3 კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სსკ-ის 665-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხარჯების თაობაზე მოსარჩელეებისათვის მოთხოვნა არ წარუდგენიათ. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს აღნიშნული მითითება გაუგებარია, ვინაიდან ტურისტულმა საწარმომ მოსარჩელეებს ტურისტული პაკეტის სრული ღირებულება, მათ შორის, მოპასუხის საკომისიო დაუბრუნა, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც სსკ-ის 665-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ხარჯებს წარმოადგენს და ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

12.4 კასატორის მტკიცებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად არასწორად შეაფასეს საქმეში არსებულ ფაქტობრივი გარემოებები და სსკ-ის 665-ე მუხლის მე-2 ნაწილი დაუსაბუთებლად არ გამოიყენეს.

12.5 კასატორი სადავოდ ხდის წინამდებარე განჩინების 11.10 ქვეპუნქტში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასაც.

12.6 კასატორის განმარტებით, სსკ-ის 663-ე მუხლის ანალიზიდან უდავოდ დგინდება, რომ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები მოკლევადიანია, ამიტომ უფლებათა განხორციელების ვადებიც სპეციალური რეგულირების გზით არის შემცირებული. მოპასუხემ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტზე მიუთითა და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლის დასაწყისად 2018 წლის 22 ივლისი უნდა ჩაითვალოს, მოსარჩელეებმა სარჩელი 2018 წლის 3 სექტემბერს წარადგინეს, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია.

12.7 კასატორის განმარტებით, განსახილველ სადავო საკითხზე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა არ არსებობს, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველია.

12.8 კასატორი მიუთითებს, რომ სსკ-ის 665-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა იმგვარად განმარტეს, რომ იგი მოგზაურობის მომწყობის ინტერესების დაცვის ფუნქციას კარგავს.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ ტურისტული კომპანიის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-2017, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 665-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 11.7 ქვეპუნქტში) ტურისტულ საწარმოს მხოლოდ ხარჯების მოთხოვნის უფლებას უტოვებს და გამორიცხავს მისთვის მიუღებელი შემოსავლის (მოგების) ანაზღაურებას.

21. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 11.7-ე ქვეპუნქტში მითითებულ მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ ტურისტული საწარმოს პოზიცია, თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელეებისათვის ჯარიმის დაკისრებას ეფუძნება, რაც სსკ-ის 665.2-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წაყენებად ვერ განიხილება, შესაბამისად, სარჩელისა და შესაგებლის პოზიციებიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ტურისტული საწარმო ვალდებულია, მოსარჩელეებს ტურისტული მოგზაურობის შეთანხმებული საზღაური აუნაზღაუროს.

22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 12.8 ქვეპუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას და განმარტავს, რომ სსკ-ის 665-ე მუხლის მე-2 ნაწილი სწორედ მოგზაურობის მომწყობისათვის იმ ზიანის თავიდან აცილებას ემსახურება, რომელიც ამ უკანასკნელს შეიძლება ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის დროს მიადგეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, აღნიშნული მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის.

23. საკასაციო სასამართლო ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ სსკ-ის 663-ე მუხლის პირველი ნაწილი ტურისტის მიერ მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის ვადაში მეორე მხარისათვის მოთხოვნის წაყენებას პირობას ეხება (რომელიც ეხება მოგზაურობის ხარვეზებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას), წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იგი იმავე მუხლის მე-2 ნაწილით ვერ ისარგებლებს, რომლის თანახმად, ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეს შეადგენს.

24. საკასაციო სასამართლო კასატორის წინამდებარე განჩინების 12.5 ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს - იმ პირობებში, როდესაც პირველ მოსარჩელეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მას ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა, კასატორის პრეტენზია, რომ პირველი მოსარჩელის ოჯახის წევრებს ტურისტული პაკეტით სარგებლობა, ერთ-ერთი წევრის გარეშე, შეეძლოთ, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეებს მოგზაურობით სურდათ, რომ ოჯახს დრო ერთად გაეტარებინა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სამოგზაურო პაკეტის გამოყენებამ პირველი მოსარჩელის ოჯახის წევრებისათვის აზრი დაკარგა.

25. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 12.7-ე ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გასვლა, რაზეც საკასაციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ო.თ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ო.თ–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (გადახდის ქვითარი N0, გადახდის თარიღი, 2019 წლის 12 აგვისტო), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე