Facebook Twitter

საქმე №ას-1438-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ნ.მ–ა, დ.მ–ა, გ.მ–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.შ–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ „ს.მ.ს. (საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს უფლებამონაცვლე დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის განხორციელების ნაწილში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.მ–ას (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი კასატორი), დ.მ–ასა (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე კასატორი) და გ.მ–ას (შემდეგში: მესამე მოსარჩელე, მესამე კასატორი, მოსარჩელეები, კასატორები) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალისაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ს.შ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მესაკუთრე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მესაკუთრის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა.

1.1 კასატორების განმარტებით, მათი ჩასახლების დროს კორპუსი დაუმთავრებელი ნაგებობა იყო და სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა. მათ კორპუსში გაიყვანეს მიწისქვეშა კომუნიკაცია, ელენერგია და ბუნებრივი აირი.

1.2 კასატორების მტკიცებით, დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ სადავო ფართი კერძო საკუთრება იყო, ვინაიდან საკუთრების მოწმობა გასცა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, რომლის ბალანსზეც სადავო ფართი ირიცხებოდა.

1.3 კასატორები უთითებენ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონის) მე-5, მე-12-14 მუხლებზე და განმარტავენ, რომ მოპასუხეები, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები, სახელმწიფომ სადავო ფართში ჯერ კიდევ მაშინ შეასახლა, როდესაც უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. იმ ფაქტს, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში სახელმწიფოს ნებართვითა და თანხმობით შესახლდნენ, სსიპ „ს.მ.ს.“ (საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს უფლებამონაცვლე დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის განხორციელების ნაწილში) (შემდეგში: მესამე პირი) ადასტურებს, ამასთან, სპეციალური კანონიდან გამომდინარე, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების თაობაზე აუცილებელი არ არის, არსებობდეს სახელმწიფოს წერილობითი ნება. ასეთი ნება შეიძლება, სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების ამა თუ იმ მოქმედებითაც იკვეთებოდეს.

1.4 კასატორების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი წერილობით ადასტურებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ობიექტში დევნილთა ორგანიზაციულად (კომპაქტურად) განსახლებასა და რეგისტრაციის ფაქტს, მაშინ არსებობს პრეზუმფცია, რომ დევნილები განსახლდნენ სახელმწიფოს ნებართვის საფუძველზე და, შესაბამისად, ფართიც კანონიერად დაიკავეს. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, მას ეკისრება, ვინც დევნილის მიერ ფართის თვითნებურად დაკავებაზე მიუთითებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეების საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

6. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი:

9.1.1 მოსარჩელეს, ქ. თბილისის საქარხნო რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 04.09.90წლის N23.... გადაწყვეტილებით, სამოთახიანი იზოლირებული 54.6 კვ.მ ბინა ქ. თბილისში, ვარკეთილის მასივში, ზემო პლატოზე, მეორე მ/რაიონში, ..... გადაეცა და ბინაში შესახლების ორდერი ოჯახის ხუთ წევრზე გაიცა.

9.1.2 წინამდებარე განჩინების 9.1.1 ქვეპუნტში მითითებულ უძრავ ქონებას, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 5 სექტემბრის N... დადგენილებით, N18 მიენიჭა.

9.1.3 მოსარჩელის მოთხოვნა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 27 დეკემბრის N.. განკარგულებით დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს წინამდებარე განჩინების 9.1.1 ქვეპუნტში მითითებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა.

9.1.4 მოსარჩელის სახელზე, 2012 წლის 28 დეკემბერს, წინამდებარე განჩინების 9.1.3 ქვეპუნქტში მითითებული განკარგულების საფუძველზე, N... საკუთრების მოწმობა გაიცა, რის საფუძველზეც მოსარჩელე საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს.

9.1.5 პირველმა მოპასუხემ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა მოსარჩელის მიმართ გაცემული თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის 2012 წლის 27 დეკემბრის N.. განკარგულება და N... საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებით არ დაკმაყოფილდა, ისევე როგორც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.

9.1.6 წინამდებარე განჩინების 9.1.5 ქვეპუნქტში მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.02.2010 წლის N5/... წერილის თანახმად, წინამდებარე განჩინების 9.1.1 ქვეპუნქტში მითითებულ მისამართზე მდებარე N.. კორპუსში არსებულ ფართებზე არა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, არამედ სხვადასხვა ფიზიკური პირების საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული. სასამართლომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ დავაზე დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს სადავო ფართზე მისი უფლების დამდგენი დოკუმენტი, ხოლო საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში ქონების თვითნებურად მოყვანა, მისი კანონიერად სარგებლობის ფაქტს არ წარმოშობდა, ისევე როგორც, სადავო ფართში რეგისტრაცია - უძრავი ნივთის მისთვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქონების ღირებულების თვითნებურად მესამე პირების მიერ გაზრდა, მესაკუთრისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევდა.

9.1.7 პირველი მოპასუხე აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე პირია.

9.1.8 მოპასუხეები რეგისტრირებული არიან ქ. თბილისში, ვარკეთილის მასივი, .... და გაცემულია დევნილთა მოწმობები.

9.1.9 მოპასუხეთა /დევნილთა/ ანკეტებში მათ რეგისტრაციის ადგილად მითითებულია წინამდებარე განჩინების 9.1.8 ქვეპუნქტში მითითებული მისამართი, გრაფაში ,,განსახლების ფორმა“, მითითებულია ,,კერძო“.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილსა ,,მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“ და ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეეტრიდან, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს უძრავი ქონების მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლებათა კონკურენცია, რომლის ფარგლებშიც უნდა შემოწმდეს უპირატესი უფლების მქონე სუბიექტი და ამ მხრივ დაცულია თუ არა მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები.

12. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მფლობელები (მოპასუხეები), იძულებით გადაადგილებული პირები არიან, შესაბამისად, მათი მფლობელობის საფუძვლებიც სპეციალური კანონის ფარგლებში უნდა შემოწმდეს, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. კანონი ადგენს დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, ასევე, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის ცნებას.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, ხოლო მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების 9.1.6 ქვეპუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ სადავო უძრავ ქონებაში მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე მოპასუხეთა რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრება არ ვლინდება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაც იმას ადასტურებს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ნორმის დისპოზიციაც არ ვლინდება, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მოპასუხეებს სახელმწიფომ გამოუყო სადავო ფართი და, რომ ფართი მონაცემთა ბაზაში აღრიცხულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი და სახელმწიფო ანაზღაურებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯებს.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სპეციალური კანონის მე-14 მუხლის მე-7 ნაწილზე, ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე, რომელიც არ იქნა განსახლებული სახელმწიფოს მიერ და რომელმაც საკუთარი ძალებითა თუ საშუალებებით იპოვა საცხოვრებელი (რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს ნაქირავებ, ნათხოვარ ან საკუთარ სახლში ან მასპინძელ ოჯახთან ერთად და სხვა), რომელშიც სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ყოველწლიურად არ ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა ვლინდება.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ას, დ.მ–ას და გ.მ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე