Facebook Twitter

საქმე №ას-1901-2018 22 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ბმა „მ.გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „ლ.ქ.ვ–ზე“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუცილებელი გზის მოწყობა-სარგებლობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბმა „მ.გ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი ამხანაგობა, აპელანტი, კასატორი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ,,ლ.ქ.ვ–ზე“ ამხანაგობის (შემდეგში: მოპასუხე, მეორე ამხანაგობა, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

1.1 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები არასწორად შეაფასა. საქმეში წარდგენილია მოსარჩელის კუთვნილი ეზოს აზომვითი ნახაზი, რაც 78 კვ.მ-ია და არა 6 კვ.მ, შესაბამისად, აუდიტორულ მოკვლევაში 21 მეტრი შემცირებულია 7-8 მეტრამდე.

1.2 კასატორის განმარტებით, მათი კორპუსი მ.გ–ზე დაბა .... ქუჩის კუთხეში განთავსებული შენობაა, რომელსაც .... მხრიდან შემოსაზღვრული ბარიერებით მანქანის მისადგომი არ გააჩნია, ასევე, სასწრაფო დახმარების მანქანაც სწორედ, .... ქუჩის მხრიდან დადის. კორპუსის სახანძრო კიბე ასევე .... ქუჩისკენ ჩადის ეზოში, ასევე, ყოველდღიურად მოსახლეობისთვის ცუდია სამსახურში წასვლის წინ მ.გ–ზე გავიდეს და, საყოფაცხოვრებო ნარჩენები იმ ბუნკერში ჩაყაროს, რომელიც .... ქუჩაზე დგას და ვერ ისარგებლოს კორპუსის ეზოთი და ეზოდან ასასვლელი იმ ბილიკით და კიბის უჯრედით, რომელსაც მანქანებამდე და ნაგვის ბუნკერამდე გაჰყავს, ასევე, ხანძრისას - სახანძრო კიბე ვერ გამოიყენება.

1.3 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ,,აუდიტორული მოკვლევა" არასწორად შეაფასა მაშინ, როდესაც მოპასუხემ დასკვნის ხარვეზიანობაზე მიუთითა. ამავდროულად, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო შესაძლებლობას ეზოსთან დასაკავშირებლად.

1.4 სასამართლო არასწორად ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად მოსარჩელე ამხანაგობის მაცხოვრებლებს გადაადგილება არ შეზღუდვიათ და, ამ თვალსაზრისით, მათი უფლება არ შელახულა. კასატორის განმარტებით, მათ ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს, რომლითაც ცალსახად დგინდება გზის მოწყობის აუცილებლობა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

6. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ,,თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი:

9.1.1 ქ. თბილისში, .... ქუჩა N8/2-ში /ს/კ ...../ მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში პირველი ამხანაგობაა ჩამოყალიბებული, რომლის მიმდებარედ, ქ. თბილისში, ე. .... (....) ქ. N-ში /ს/კ ...../ მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მეორე ამხანაგობა არსებობს (იხ.ტ. 1, ს.ფ. 207-208).

9.1.2 წინამდებარე განჩინების 9.1.1 ქვეპუნქტში მითითებული ორივე ამხანაგობა მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებზეა განთავსებული (იხ.ტ. 1, ს.ფ. 208).

9.1.3 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2016 წლის 28 ოქტომბრის N5005833516 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, .... ქ. N8/2-ში მდებარე /ს/კ ...../ მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთთან (ეზო) ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის საჭირო გზის მოწყობა, .... ქუჩის მხრიდან შესაძლებელია /..../ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული კიბისა და ამავე ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით. კვლევითი ნაწილის თანახმად, ობიექტის ადგილზე შესწავლისას გაირკვა, რომ ქ. თბილისში, .... ქ. N8/2 /ს/კ ...../ განთავსებულია ხუთსართულიანი, სამსადარბაზოიანი შენობა-ნაგებობა, რომელთაგან ორის გასასვლელი შენობა-ნაგებობის ორივე მხარესაა (როგორც .... ქუჩის მხარეს, ასევე, .... ქუჩის მხარეს). დასკვნის მომზადების მონაცემებით, მოსახლეობას /N...../ მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული კიბის საშუალებით საშუალება ჰქონდა, დაკავშირებოდა, როგორც სახლის სამხრეთით არსებულ განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთს, ასევე - პირდაპირ ე. ტ– ჩიხს (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-25).

9.1.4 2017 წლის 27 სექტემბრის აუდიტორული მოკვლევის თანახმად, პირველი ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ 6 კვ.მ მიწის ნაკვეთთან /ს/კ ..../, დაკავშირება საჯარო გზიდან უმოკლესი გზით შესაძლებელია მ.გ–იდან გამჭოლი სადარბაზოს გავლით, რომლის მანძილი 20 და 17 მეტრია, ხოლო .... ჩიხის მხრიდან მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად საჭიროა 21 მეტრის გავლა, ასევე, დასკვნის შესაბამისად, პირველი ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მრავალბინიან შენობა-ნაგებობას სამი სადარბაზო აქვს: აქედან ორი (გამჭოლი) მ.გ–იდან იწყება და გადის ეზოში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, ხოლო მესამე დახურულია ანუ ცალმხრივად გადის .... ქუჩაზე (ეზოში არ გადის), (იხ.ტ.1, ს.ფ. 154-155);

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (შდრ. სუსგ №ას-1513-2018, 08.02.2019).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და, შესაბამისად, მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ #ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.).

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში განხილულია საჭირო გზის მოწყობის შესაძლებლობა, მაგრამ უშუალოდ მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დასაკავშირებლად აუცილებელ გზად არ განიხილება მაინცდამაინც მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი და კიბის უჯრედი. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელის შენობა-ნაგებობის შემადგენლობაში სამი სადარბაზოა, რომელთაგან ორის გასასვლელი შენობა-ნაგებობის ორივე მხარესა (როგორც .... ქუჩის მხარეს, ასევე .... ქუჩის მხარეს). დასკვნის მომზადების მოანაცემებით, მოსახლეობას /N..../ მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული კიბის საშუალებით საშუალება ჰქონდა დაკავშირებოდა, როგორც მათი სახლის სამხრეთით არსებულ განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთს, ასევე - პირდაპირ ე. ტ. ჩიხს.

13. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა წინამდებარე განჩინების 9.1.4 ქვეპუნქტში მითითებული აუდიტორული მოკვლევა, რომლის თანახმად, პირველი ამხანაგობის წევრებს კუთვნილ ტერიტორიამდე მისვლა საჯარო გზიდან უმოკლესი გზით შეუძლიათ მ.გ–იდან გამჭოლი სადარბაზოს გავლით.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. ეს კი ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს, ანუ - თუ არსებობს ობიექტური გარემოება, როგორიცაა - სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება. ამასთან, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ წარდგენილი დასკვნების საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უალტერნატივოდ გამოყენების აუცილებლობა საჯარო გზასთან დასაკავშირებლად არ დასტურდება, მით უფრო, როდესაც მოსარჩელე მხარეს სადავო ტერიტორიით სარგებლობა არ შეზღუდვია.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის კუთვნილი ეზოს მოცულობის შესახებ წინამდებარე განჩინების 1.1 ქვეპუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასაც და განმარტავს, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც პირველი ამხანაგობის საკუთრებაში 78 კვ.მ ეზოს არსებობას დაადასტურებდა.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბმა "მ.გ–ი" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბმა "მ.გ–ს" (აღ.ფ. 4077) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ხ–ის (პ/ნ .....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 7 დეკემბერი), 70% –210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე