Facebook Twitter

საქმე №ას-1903-2018 22 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ხ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა” (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი, შემსყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს ,,ხ–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე ან მიმწოდებელი, კომპანია, აპელანტი, კასატორი) შორის, 2015 წლის 9 ოქტომბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10/012 ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, ქ. თბილისში, .... მდებარე უნივერსიტეტის I კორპუსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება - 2 000 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - არა უგვიანეს 2016 წლის 31 ოქტომბრისა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 14-18).

2. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 210 კალენდარულ დღეში საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველეყო სამუშაოების შესრულება.

3. ხელშეკრულების 4.2.9 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა, შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე, შუალედური აქტების წარდგენის დროს, შემსყიდველისათვის საკუთარი ხარჯებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა წარედგინა შესრულებული სამუშაო ხარისხისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობაზე.

4. ხელშეკრულების დანართი, შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკსა და ვადებს ითვალისწინებდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 40).

5. ხელშეკრულების 8.2 ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მიზეზით ხელშეკრულებით დადგენილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევით შესრულების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5% საურავი დააკისროს, ხოლო თუკი ვალდებულების ნაწილი შეუსრულებელია - ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5%.

6. მიმწოდებელმა შესასრულებელი სამუშაოების ვერც ერთი ეტაპის დასრულება ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (იხ. ტ. 2, ს.ფ. 112).

7. მიმწოდებელმა, 2016 წლის 20 იანვარს, შემსყიდველს შუალედური ფორმა N2 და N3 წარუდგინა, ასევე ფარული სამუშაოების აქტი, რომლის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება 15013.66 ლარია. ყველა აქტი ერთსა და იმავე სადემონტაჟო სამუშაოებს ეხება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48-51, ტ.2, ს.ფ. 113).

8. შემსყიდველმა, 2016 წლის 5 თებერვლის წერილით, მოპასუხეს ვალდებულების დარღვევის გამო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და ამ უკანასკნელისათვის პირგასამტეხლოს - 16532.93 ლარის დარიცხვის შესახებ აცნობა, რომელიც ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე დროის მონაკვეთში დარიცხულ პირგასამტეხლოს მოიცავს და მისი დაანგარიშების დროს შუალედური ფორმებით დადასტურებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება გამოკლებულია(იხ. ტ. 1, ს.ფ. 54, 65-66, ტ.2, ს.ფ. 113).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1 მოსარჩელემ, 2016 წლის 30 მარტს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტელოს - 16532.93 ლარისა და ფაქტების კონსტანტაციისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის გადახდა დაჰკისრებოდა.

9.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების დადებიდან, მხოლოდ უმნიშვნელო სამუშაოები - ძირითადად დემონტაჟი და ისიც არასრულად შეასრულა.

9.3 მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების დარღვევისა და საურავის დაკისრების თაობაზე მოპასუხეს რამდენჯერმე წერილობითი გაფრთხილება გაეგზავნა, რის შემდგომაც, 2016 წლის 20 იანვარს, მოპასუხემ, N2, N3 შუალედური ფორმები და ფარული სამუშაოების აქტები წარადგინა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, ამიტომ ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაო შესრულებულად არ მიიჩნეოდა.

9.4 მოსარჩელის განმარტებით, წარდგენილ შუალედურ ფორმებსა და ფარული სამუშაოს აქტებში შესრულებული სამუშაოს ღირებულებად მითითებული იყო 15 013.16 ლარი, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენდა და სახელშეკრულებო ვადის ნახევარი გასული იყო. ეს გარემოება კი, ადასტურებდა, რომ მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა.

9.5 მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან, მოპასუხემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი არსებითად დაარღვია და, გაფრთხილების მიუხედავად, სახელშეკრულებო ვადის ნახევარზე მეტი ამოიწურა, ცხადი იყო, რომ მოპასუხე დარჩენილ ვადაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ვერ შეძლებდა, რის გამოც შემსყიდველმა 2015 წლის 5 თებერვალს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდა, სატენდერო პროექტის, ხარჯთაღრიცხვისა და ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოების ერთმანეთთან შეუსაბამობა, რის თაობაზეც მოსარჩელეს ეცნობა და მოპასუხემ ხელშეკრულების კორექტირება მოითხოვა, თუმცა მოსარჩელემ პრობლემის მოგვარება მენარდეს დაავალა, რაც მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა.

10.2 მოპასუხის განმარტებით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შეუსრულებლობის ობიექტური წინაპირობები არსებობდა, შესასრულებელი სამუშაოების ნაწილის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა არაერთხელ განპირობებული იყო შემსყიდველის მიზეზით, რაც ამ უკანასკნელმა არ გაითვალისწინა და მოპასუხესთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება ვადის გაგრძელების თაობაზე მოპასუხე შეტანილი ჰქონდა.

10.4 მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ გამოცხადებულ ახალ ტენდერში შემსყიდველმა მოპასუხის მიერ მითითებული პრობლემური საკითხები გაიზიარა, რაც ახალ სატენდერო პირობებში აისახა.

10.5 მოპასუხემ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზეც მიუთითა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მენარდეს პირგასამტეხლოს - 1653.29 ლარის გადახდა დაეკისრა.

11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 316-ე, 317-ე, 400-ე, 417-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით.

11.3 საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დადგენილი ვადით შესრულება ამ უკანასკნელისაგან დამოუკიდებელმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა და, ვინაიდან, სატენდერო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სამუშაოების შესრულება ვერ უზრუნველყოფდა დასახული მიზნების განხორციელებას, საჭირო გახდა პროექტის კორექტირება, რაც შემსყიდველმა არ შეასრულა.

11.4 საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.05%-ით უნდა განისაზღვროს, რაც მთლიანად 1653.29 ლარს შეადგენს.

12. სააპელაციო საჩივარი

12.1 მოპასუხემ (კომპანიამ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის შესაგებელი წარადგინა კვალიფიციურმა ადვოკატმა, რომელმაც შესაგებელში აღნიშნა, რომ 2016 წლის 19 აპრილის მონაცემებით მტკიცებულებათა (ანუ ვადის გადაცილებაში მოპასუხის არაბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა) წარდგენა ვერ მოასწრო (ტ.1, ს.ფ. 249-256). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს ასეთი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში არც შემდეგ არ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სხდომა დიდი დროის შემდეგ, კერძოდ, 2017 წლის 15 დეკემბერს დაინიშნა.

13.3 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მხარეთა წერილებზე და განმარტა, რომ მოპასუხის 2016 წლის 28 იანვრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა გარკვეული სამუშაოები, ხოლო იმ სამუშაოებზე, რომელიც არ იყო დაწყებული, ხელისშემშლელი მიზეზები არსებობდა, რაც არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით. სასამართლოს განმარტებით, წერილში ასეთი ფაქტორების მითითებისას, მტკიცებულებაში აღნიშნულია მხოლოდ გათბობა-კონდიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით.

13.4 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა არა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის საკითხებს, არამედ პროექტის ფარგლებში შეთანხმებული საკითხების ანალიზს უკავშირდებოდა, სადაც მოცემული იყო შენიშვნები, რომ შეთანხმებული სახით გათბობის სისტემის დამონტაჟება შენობის სათანადოდ გათბობას, ვერ უზრუნველყოფდა.

13.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2015 წლის 28 იანვრის წერილის პასუხად, მოპასუხეს ეცნობა კონკრეტული ვალდებულებების დარღვევაზე, მოსარჩელემ არ გაიზიარა შიდა მოპირკეთების სამუშაოების დაწყების ფაქტი; კიბის უჯრედის ელსამონტაჟო სამუშაოების და სხვა ფართებში შესასრულებელი მსგავსი სამუშაოების განუხორციელებლობა აღნიშნა; გათბობა-კონდიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით წარდგენილ დასკვნებზე, მიმწოდებელს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროექტი შპს „ა–მა“ შეადგინა და ჩაბარებულია სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ და ამის გათვალისწინებით, შემსყიდველს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის/მიმართულების ხელმძღვანელის დასკვნების საფუძველზე პროექტის ცვლილება, მით უფრო, რომ აღნიშნული დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისა იყო და ისეთ საკითხს არ შეიცავს, რომელიც ცვლილების საფუძველი იქნებოდა.

13.6 წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხის პრეტენზიები პროექტის ავტორთან და სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად განხილულია, საკითხი არ საჭიროებს ცვლილებას, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია.

13.7 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა შესაგებლით სადავოდ გამხდარი გარემოება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო თავად შემსყიდველის ბრალით (რომელმაც არ განახორციელა პროექტის ცვლილება) ან სხვა გარემოებებით, რის გარეშეც სამუშაოების შესრულება შეუძლებელი იყო.

13.8 პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის, საერთო თანხისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეამცირა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად, გონივრულად განსაზღვრა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1 მოპასუხემ (მენარდემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14.2 კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაყოვნება გამოწვეული იყო არა მოპასუხის ბრალით, არამედ ტენდერზე გამოტანილი არასწორი პროექტით, რომლის განხორციელება სამუშაოების დაწყებისთანავე შეუძლებელი აღმოჩნდა.

14.3 კასატორის განმარტებით, მენარდემ შემკვეთს სარემონტო სამუშაოების შეთანხმებული პროექტით გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა, პროექტის კორექტირება და სამუშაოების დასრულების გონივრული ვადით გადაწევა მოითხოვა, თუმცა დამკვეთისაგან პასუხი არ მიუღია.

14.4 მოპასუხემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოიწვია სპეციალისტები, რომლებმაც დასკვნაში აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავდა და კორექტირების გარეშე მისი განხორციელება შეუძლებელი იყო. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 2016 წლის 28 იანვარს, მოპასუხემ კვლავ პუნქტობრივად მიუთითა შემსყიდვებლს პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ.

14.5 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალი ტენდერი კორექტირებული პროექტით გამოაცხადა.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ #ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.).

23. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“ განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო პროექტის შეუსაბამობით და შეუძლებელი იყო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შეთანხმებული ფორმით შესრულება მენარდეს ეკისრებოდა, რაც მან სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო. მით უფრო, იმ პირობებში, როცა მენარდის 2016 წლის 28 იანვრის წერილი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას არ ადგენს, სხვა მტკიცებულება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მენარდეს არ წარუდგენია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ხ–ოს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ხ–ოს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.რ–ის (პ/ნ ....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება N7530726046, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 იანვარი, 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე