Facebook Twitter

საქმე №ას-1210-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.ქ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ქ–ი, რ.ქ–ი (მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება, კანონით მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი:

1. ლ.ქ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა გ.ქ–ისა (შემდგში: პირველი მოპასუხე) და რ.ქ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) გარდაცვლილი მამის - დ.ქ–ის პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრედ და ქ.მცხეთაში, სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის, საერთო ფართით 80 კვ.მ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საერთო ფართით 1700 კვ.მ. (შემდეგში - სამკვიდრო ქონება) 1/3 წილის მესაკუთრეთ ცნობა; ბ) სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება; გ) პირველი მოპასუხის მხრიდან სამკვიდრო ქონებაში მოსარჩელის კუთვნილი წილის ფლობასა და განკარგვაში ხელშეშლის აღკვეთა; დ) 20.01.2012წ-ს დამოწმებულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირველი მოპასუხის წილად ½ ნაცვლად 1/3-ის მითითება.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს 2005 წლის 22 თებერვალს გარდაცვლილი დ.ქ–ის (შემდეგში - მამკვიდრებელი) შვილს და შესაბამისად, მისი პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრეს. მამკვიდრებლი იყო კომლის ერთადერთი წევრი, ხოლო კომლს ერიცხებოდა მცხეთის რაიონში, სოფელ ..... არსებულ საცხოვრებელი სახლი. მამკვიდრებელს, გარდა მოსარჩელისა, ჰყავდა კიდევ ორი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები (შვილები) - პირველი და მეორე მოპასუხეები. მოსარჩელე, პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთად დაიბადა და ცხოვრობდა კომლის ქონებად რიცხულ საცხოვრებელ სახლში (სამკვიდრო ქონება). მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე სამემკვიდრეო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზედაც უარი მიიღო, იმ მოტივით, რომ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობა უკვე გაცემული იყო პირველი მოპასუხის სახელზე, რომლის საფუძველზე ქონება აღირიცხა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით. ხოლო მეორე მოპასუხეზე სამკვიდრო მოწმობა დღემდე არ გაცემულა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამკვიდრო ქონება უნდა გაყოფილიყო 3 ნაწილად და პირველ მოპასუხეზე ½ ნაწილის აღრიცხვით შეილახა მისი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის საკუთრების უფლება.

3. სარჩელი დაეფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში- სსკ-ის) 1336-ე, 1421-ე და 172.2 მუხლებს.

4. პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის განხორცილებელი შემაფერხებელ შედავებაში სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა როგორც „ბ“ ისე, „ა“, „გ“ და „დ“ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას (სსკ-ის 1421.2 და 1424-ე მუხლები).

5. მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ქ–ის სარჩელი უარყოფილია.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მემკვიდრეობა გაიხსნა 2005 წლის 22 თებერვალს. პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს მიმართა 2005 წლის 22 ივლისს - კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, მეორე მოპასუხემ და მოსარჩელემ კი, დაარღვიეს ნოტარიუსისთვის მიმართვის 6 -თვიანი ვადა. 2012 წლის 20 იანვარს პირველ მოპასუხეზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის კუთვნილი ქონების უფლებების და მოვალეობების ½ წილზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე საკვიდრო მოწობა დღემდე გაცემული არ არის მეორე მოპასუხის სახელზე. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ იგი კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში დაეუფლა ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს.

8. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2005 წლის 22 თებერვალს. იგი ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად იყო ჩაწერილი სადავო საცხოვრებელ მისამართზე.

11. მოსარჩელე და მოპასუხეები არიან და-ძმანი და გარდაცვლილის შვილები.

12. სადავო უძრავი ქონების 1/2 წილი 2012 წლის 31 იანვრიდან რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის სახელზე.

13. აპელანტი (მოსარჩელე) არის მამკვიდრებლის შვილი.

14. აპელანტი (მოსარჩელე) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000-ს.

15. დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დასტურდება, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2005 წლის 22 ივლისს ნოტარიუსს მიმართა პირველმა მოპასუხემ, ხოლო 2005 წლის 28 ივლისს - მეორე მეორე მოპასუხემ.

16. 2012 წლის 20 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის კუთვნილი ქონების უფლებების და მოვალეობების ½ წილზე შვილზე - პირველ მოპასუხეზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე საკვიდრო მოწობა მეორე მოპასუხის სახელზე გაცემული არ არის.

17. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში დაეუფლა ფაქტობრივად აწ. გარდაცვლილი მამის სამკვიდროს.

18. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ კანონით მინიჭებული მემკვიდრეობის უფლების პრაქტიკულად განხორციელებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია მემკვიდრის მიერ ნოტარიუსისათვის 6-თვიან ვადაში მიმართვა ან ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება. ამასთან, სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ამდენად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც, თავის მხრივ, ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებასა და ა.შ.

19. ამასთან, აპელანტის ახსნა-განმარტებას, რომ იგი 2007 წლამდე ცხოვრობდა სადავო მისამართზე, შედავებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის (პირველი მოპასუხე) მიერ, რომლის განმარტებითაც, აპელანტი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, დაქორწინების შემდეგ კი - ....., ქმრის საცხოვრებელ სახლში. მემკვიდრეობის მიღების საკითხი კი მხოლოდ მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ სასესხო ვალდებულებების გამო, დაკარგეს საცხოვრებელი ბინა.

20. აპელანტის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დასადასტურებლად, სააპელაციო სასამართლომ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ..... ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2015 წლის 29 აპრილს გაცემული N75 ცნობა (ტ.1. ს.ფ. 25), რადგან აღნიშნულ ცნობაში საუბარია 10 წლის წინ მომხდარ გარემოებაზე ისე, რომ ცნობის გამცემი პირი არ უთითებს, თუ რის საფუძველზეა გაცემული ეს ცნობა და არც ის არის აღნიშნული, თუ რამდენადაა იგი უფლებამოსილი გასცეს მსგავსი ცნობა.

21. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებს, ისინი უტყუარ მტკიცებულებებად არ იქნა მიჩნეული, რადგან აღნიშნული პირები სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულან და არც ამ მოქმედების განხორციელების სურვილი გამოუხატავს მოსარჩელეს.

22. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

23. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სსკ-ის 1421-1451-ე მუხლებით.

24. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სსკ-ის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც, ამ მხრივ, აპელანტის შედავება ამ ნორმის მოცემულ დავასთან მიმართებით გამოყენების თაობაზე სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია, მით უფრო, იმ პირობებში, რომ მსგავსი სახის დავების გადაწყვეტისათვის უპირატესი მნიშვნელობის გარემოება - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი - სახეზე არ არის.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.

26. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს:

27. კასატორი მიუთითებს შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არ წარმოადგინა მისივე პოზიციის გასამყარებელი მტკიცებულებები, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ შეფასდა, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ..... ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2015 წლის 29 აპრილს გაცემული N75 ცნობა ეჭვქვეშ დააყენა, მაშინ როდესაც, კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ცნობაში მითითებულ ინფორმაციაზე უტყუარობის პრეზუმცია ვრცელდება, რამდენადაც გაცემულია ოფიციალური ორგანოს მიერ. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე.

28. კასატორი ხანდაზმულობის საკითხსაც სადავოდ მიიჩნევს.

სამოტივაციო ნაწილი:

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

31. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში გამოხატა ნება სამკვიდროს მიღების შესახებ, რაც გამოიხატა სამკვიდროს ფაქტობრივ დაეუფლებაში.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შეადრ. სუსგ-ები №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ).

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება ის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები.

34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არგუმენტების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (შეადრ: სუსგ №ას-978-2019, 11 ოქტომბერი, 2019 წელი, პ.59).

35. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეს ევალებოდა იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიან ვადაში სამკვიდრო ქონების დაუფლებას. ასეთი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილი ცნობა კი - იხ., ტ.1. ს.ფ. 25 - არ შეფასდა საამისოდ ვარგის მტკიცებულებად (იხ., ამ განჩინების პ. 20). რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ ამ ცნობაზე უტყუარობის პრეზუმცია ვრცელდება, რადგან ოფიციალური ორგანოს მიერაა გაცემული (იხ., საკასაციო პრეტენზია ამ განჩინების პ. 27). აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობაზე ამგვარი პრეზუმციის გავრცელება კანონიდან არ გამომდინარეობს (შეადრ. სსკ-ის 312-ე მუხლს, რომლის მიხედვით უტყუარობის პრეზუმცია ვრცელდება საჯარო რეესტრის ჩანაწერზე).

36. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე (იხ., საკასაციო პრეტენზია ამ განჩინების პ. 27), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის მიხედვით მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო გადაწყვეტილებასთან ერთად (სსსკ-ის 377-ე მუხლი), აპელანტის მიერ ასეთი მოთხოვნა სააპელაციო საჩივრით დამდგარა, სასამართლო კი, თავისი ინიციატივით არ იმსჯელებს იმ საპროცესო მოქმედებების მართლზომიერებაზე, რომელიც მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა ქვედა ინსტანციაში სსსკ-ის მე-3 და 393.3 მუხლები).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სამკვიდროს მიღების სამართლებრივ საკითხზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე