საქმე №ას-1290-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ფ.ვ–ი, მ.ვ–ა, კ.ვ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ.ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფ.ვ–ის, მ.ვ–ასა და კ.ვ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც კასატორები ან მოპასუხეები) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება, არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. მათ მიაჩნიათ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სათანადო დასაბუთების გარეშე გაიზიარეს შპს „რ.ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიერ მითითებული არარსებული ფაქტობრივი გარემოებები.
1.2. გარდა ამისა, კასატორების მოსაზრებით, სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაიბარა ოჯახის წევრმა - მ.მ–ამ, თუმცა ის არ არის მათი ოჯახის წევრი, შესაბამისად, არ ჰქონდა უწყების ჩაბარების უფლებამოსილება.
1.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი:
4.2.1. მოპასუხეებისათვის გაგზავნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2017 წლის 22 სექტემბერს ჩაჰბარდა ერთ-ერთი მოპასუხის (ფ.ვ–ის) მეუღლეს - მ.მ–ას, მანვე ჩაიბარა სხვა მოპასუხეებისთვის განკუთვნილი უწყებაც.
4.2.2. მოპასუხეებს შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრათ 10 დღე. გზავნილით მათ ეცნობათ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით სასამართლოში წარუდგენლობის შედეგები.
4.2.4. მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ, უცნობებიათ.
4.3. კასატორების პრეტენზია იმის შესახებ, რომ მ.მ–ა არ არის მათი ოჯახის წევრი და არ ჰქონდა გზავნილის ჩაბარების უფლებამოსილება და, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზები, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაგზავნილ იქნა მოპასუხეების საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. აღნიშნული დოკუმენტები ჩაიბარა მ.მ–ამ, რომელიც უკუგზავნილის დეტალების მიხედვით მოხსენიებულია, როგორც ოჯახის წევრი (მეუღლე, რძალი), (იხ. ტ.1, ს.ფ. 31-33), შესაბამისად, უწყება ჩაიბარა კანონით განსაზღვრულმა პირმა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო, თუ უწყება ჰბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას). ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, განსახილველ შემთხვევაში, უწყების კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარების თაობაზე.
4.4. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.
4.5. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70ე - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისთვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
4.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს უწყება ჩაჰბარდათ კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, თუმცა მათ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ, უცნობებიათ, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
6. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
7. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
9. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ.ვ–ის, მ.ვ–ასა და კ.ვ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ფ.ვ–ს (პ/ნ .....), მ.ვ–ასა (პ/ნ ....) და კ.ვ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეთ ფ.ვ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 03.10.2019 წ.) 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი