Facebook Twitter

საქმე № ას-1422-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სს „თ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ელექტროენერგიის გადასახადის ანგარიშში ზედმეტად გადახდილი, 620.75 ლარის ანაზღაურების თაობაზე, უარყოფილ იქნა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რადგან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლით.

3.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტი ითხოვდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას - მოპასუხისათვის 620.75 ლარის დაკისრებას, რაც არ აღემატებოდა ქონებრივსამართლებრივი დავისთვის დადგენილ 2 000 ლარს, შესაბამისად, მოსარჩელეს საჩივრის დასაშვებობაზე უარი ეთქვა.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც ძირითადად ეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის საპროცესო უფლებების დარღვევას, კერძოდ, სასამართლომ გადაუმოწმებლად და შესაბამისი შესწავლის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა მხარის საპროცესო უფლება, ვინაიდან მოსარჩელეს არ მიეცა ახსნა-განმარტების შესაძლებლობა იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელზეც იგი სარჩელს ამყარებდა, ამასთან, სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებები გაითვალისწინა და ისე მიიღო გადაწყვეტილება. მოსარჩელეს კერძო საჩივარში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პრეტენზია განუცხადებია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივარში ავტორის პრეტენზიები ძირითადად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს.

9. სსსკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ - სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

10. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს სცილდება (შდრ. სუსგ. საქმეები #464-2019, 19.04.2019წ; #ას-919-2018, 20.09.2018წ).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2 მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა), (შდრ.სუსგ 28.04.2017წ. საქმე #ას -230-218-2017).

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 620.75 ლარს, რა თანხასაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისგან, თუმცა პირველმა ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი სრულად გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო წესით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარშიც დავის საგნის ღირებულება არ შეცვლილა, რის გამოც სააპელაციო პალატამ, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, საჩივარი დატოვა განუხილველად.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეტენზია სადავო საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისთვის დადგენილ ზღვარს ვერ სცდება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი