საქმე № ას-1455-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ტ.კ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ო“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილება
დავის საგანი - ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ, შპს „ტ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2. 2018 წლის 17 იანვარს, განმცხადებელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
2.1. სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ფაქტები, რომელიც ადასტურებდა ექსპერტის მიერ ყალბი საექსპერტო დასკვნის გაცემას. გამოძიების ეტაპზე დადგინდა, რომ ექსპერტის მიერ შემოწმებული არ ყოფილა ფუნდამენტი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმ დასკვნას, რომელზე დაყრდნობითაც იქნა მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
2.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით არ დადასტურებულა ექსპერტიზის დასკვნის სიყალბე, შესაბამისად, განცხადება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება) მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
3. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების ხელახლა განხილვის მოთხოვნით. კერძო საჩივარში მითითებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ძირითადი საფუძვლები, წინამდებარე განჩინების 2.1 პუნქტში ასახული პრეტენზიების იდენტურია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგანაც განმცხადებლის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი 2015 წლის 22 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმისწარმოების განახლებას ძირითადად ექსპერტიზის ყალბი დასკვნის შესახებ შეტყობის გამო, მოითხოვდა, რაც, მისი მოსაზრებით, წარმოადგენს საქმისწარმოების განახლების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილობის კანონისმიერი საფუძვლების კვლევისათვის უნდა შემოწმდეს, გააჩნდა თუ არა საკასაციო სასამართლოს საქმის განმხილველ შემადგენლობას საქმის განხილვის კომპეტენცია განცხადებაში მითითებული საფუძვლებთან მიმართებით (შდრ. სუსგ №ა-2778-ბ-11-2015, 28.09.2015).
8. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
9. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
10. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, დასახელებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება, დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ არის. (იხ. სუსგ-ები #ას-796-796-2018, 06.07.2018წ; #ას-1149-1105-2016 24.02.2017წ; #ას-342-2019, 25.04.2019წ.)
11. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელის მითითებით, უთითებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით, რაც სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით წესრიგდება. სსსკ-ის 423-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ყალბ დოკუმენტზე აპელირება დადასტურებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც განმცხადებელს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არც საქმის მასალებით არ დადასტურებულა.
12. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.კ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი