Facebook Twitter

საქმე №ა-5832-შ-179-2019 3 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი.ს–ძის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი უკრაინის, ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივლისის N732/759-19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

უკრაინის, ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივლისის N732/759-19 გადაწყვეტილებით, ი.ს–ძესა და ტ.მ–ოს შორის ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.ს–ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ნორმის ხსენებული დათქმა იმპერატიულია და შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობად მიიჩნევს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, ხოლო, იმავე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად - მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურეს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. ამასთან, კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

განსახილველ შემთხვევაში, უკრაინის, ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივლისის N732/759-19 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ქორწინება წყდება ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს. დოკუმენტი, რომელიც ამოწმებს ქორწინების შეწყვეტას სასამართლოს მიერ, არის სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტის შესახებ, რომელიც იურიდიულად შევიდა ძალაში. სარეზოლუციო ნაწილში, მითითებულია გასაჩივრების წესიც, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს სააპელაციო საჩივარი ჩერნიგოვის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება უკრაინის, ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება შესულია თუ არა კანონიერ ძალაში. ამასთან, შუამდგომლობას ერთვის გადაწყვეტილების ქსეროასლი, რომელიც არ არის გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ სათანადოდ დამოწმებული (გაცემული) ასლი და გაურკვეველია მისი ნამდვილობა. გარდა ამისა, შუამდგომლობაში არ არის მითითებული მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) (განცხადება შეიცავს მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის პერიოდისათვის არსებულ - მოწინააღმდეგე მხარის რეგისტრირებულ მისამართს) და სხვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, რაც აუცილებელია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ი.ს–ძეს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ს–ძეს უარი ეთქვას უკრაინის, ჩერნიგოვის ოლქის გოროდნიას რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს ი.ს–ძეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე