საქმე №ას-1802-2019 3 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ.მ–ძისა და ბ.ბ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე სს „ს.ბ–ის“ სარჩელისა გამო, თ.მ–ძისა და ბ.ბ–ის მიმართ საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და მოპასუხეთა ქონების, მათ შორის იპოთეკის საგნების რეალიზაციის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თ.მ–ძისა და ბ.ბ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა - 2019 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს. ამასთან, დადგენილია, რომ 2019 წლის 21 ოქტომბერს მიღებული განჩინებით თ.მ–ძისა და ბ.ბ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილითა და საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინება აპელანტების (ამ ეტაპზე კასატორების) წარმომადგენელმა რ.რ–ძემ (იხ.მინდობილობა ტ.1, ს.ფ.123-126), მის მიერვე მითითებულ მისამართზე ჩაიბარა - 2019 წლის 19 ნოემბერს (იხ. გზავნილის ჩაბარების დასტური ს.ფ. 338) და სასამართლოში საკასაციო საჩივარი წარადგინა 11 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოხსენებული წესების შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა უფლებამოსილი პირისთვის დაიწყო 2019 წლის 20 ნოემბერს - დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს და ამოიწურა 2019 წლის 10 დეკემბერს.
საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი მხარემ უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 11 დეკემბერს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღიც ემთხვევა საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის თარიღს, რაც ასევე საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევას, უტყუარად ადასტურებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.მ–ძისა და ბ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სასამართლოს მხრიდან, მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.მ–ძისა და ბ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე