Facebook Twitter

საქმე №ას-946-2018 15 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ.გ.ფ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ.ჟ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ჯ–ი (მოპასუხე)

ცენტრალური ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი – ნ.ბ–ი

თარჯიმანი – ნ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის ესპანეთში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ესპანეთის მოქალაქე ფ.გ.ფ–ი (შემდგომში – „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და საქართველოს მოქალაქე ქ.ჯ–ი (შემდგომში – „მოპასუხე“) დაქორწინდნენ 2015 წლის 21 აპრილს, რაც დარეგისტრირდა კანონით დადგენილი წესით. დაქორწინების შემდეგ მხარეები ცხოვრობდნენ ესპანეთში.

2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 16 თებერვალს, ესპანეთში, ქალაქ მადრიდში შეეძინათ შვილი ნ.გ.ჯ–ი (შემდგომში – „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“), რომელიც არის როგორც საქართველოს, ასევე ესპანეთის მოქალაქე. არასრულწლოვანი დაბადებიდან 2016 წლის მაისის თვემდე იზრდებოდა მშობლებთან, მოსარჩელესა და მოპასუხესთან ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში.

3. მოსარჩელე და მოპასუხე 2016 წლის 27 მაისს არასრულწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში. მითითებული პერიოდიდან მოპასუხე არასრულწლოვან შვილთან ერთად უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში. არასრულწლოვანი 2016 წლის 6 ნოემბერს მოინათლა საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანებულებით არასრულწლოვანს ესპანეთის სამეფოს მოქალაქეობასთან ერთად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

4. მოსარჩელე 2016 წლის სექტემბრის თვეში დაბრუნდა ესპანეთის სამეფოში. იგი მუდმივად ცხოვრობს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში.

5. მოპასუხე 2010 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე. მას 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან №03-730 ბრძანების საფუძველზე მიეცა აკადემიური შვებულება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო. 2016 წლის 14 სექტემბრის №1746-03 ბრძანების საფუძველზე მოპასუხეს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აღუდგა სტუდენტის სტატუსი.

6. მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა და 2005 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე – ქ. თბილისი, …..

7. 2017 წლის 5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის (შემდგომში – „ჰააგის კონვენცია“) საფუძველზე წარუდგინა ესპანეთის სამეფოს ცენტრალური ორგანოს მიმართვა და მოსარჩელის განცხადება მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო არამართლზომიერი დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

8. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, 2016 წლის მაისში არასრულწლოვანი მშობლებთან ერთად გარკვეული პერიოდით ჩამოვიდა საქართველოში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის სექტემბერში მოპასუხემ ბავშვთან ერთად უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან ვერ ახორციელებს ბავშვზე მეურვეობის უფლებას, დარღვეულია ჰააგის კონვენციის მოთხოვნები და ბავშვი უკანონოდ არის დაკავებული საქართველოში, მისი მუდმივი საცხორებელი ადგილიდან (ესპანეთის სამეფო) მოშორებით. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ბავშვის ესპანეთის სამეფოში დაბრუნება.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა. ასევე არასრულწლოვნის სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების შესწავლა, იმ გარემოების დადგენა, ინტეგრირებული იყო თუ არა ბავშვი ახალ გარემოში, ფაქტობრივად ახორციელებდა თუ არა მოსარჩელე მეურვეობას ბავშვის მიმართ მის საქართველოში ჩამოსვლამდე და ესპანეთში დაბრუნება ხომ არ შეუქმნიდა არასრულწლოვანს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაღებული საადვოკატო მომსახურებისა და დოკუმენტაციის თარგმანის ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრება.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტები. ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

15.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 15 აგვისტოს დასკვნის თანახმად, მოპასუხე მამის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს მამასთან – დავით ჯ–თან, დედასთან – მ.კ–ძესთან და ბავშვთან ერთად, მისამართზე: ქ. თბილისი, ….. ოჯახის ყველა წევრი პრაქტიკულად ჯანმრთელია. არასრულწლოვანი აღრიცხვაზე იმყოფება პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, ქ. თბილისში, „მ–ში“. მას ამ დროისათვის ყველა სავალდებულო აცრა ჩატარებული აქვს. ოჯახი ცხოვრობს 6-ოთახიან ბინაში. ოჯახში შეინიშნებოდა პირად ჰიგიენაზე ზრუნვა. სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით. ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი და სათამაშოები. ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი;

15.2. მოპასუხე დასაქმებულია კომპანია „ე“-ში საერთაშორისო პროდუქტების მენეჯერად და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი;

15.3. მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინებულები არ არიან და უფლებამოსილი ორგანოს მიერ ესპანეთში ან/და საქართველოში არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის;

15.4. არასრულწლოვანი ერთ წელზე მეტია მუდმივად ცხოვრობს დედასთან ერთად, მოპასუხის ოჯახში, საქართველოს ტერიტორიაზე. მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. არასრულწლოვანი არ წარმოადგენს ჰააგის კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. არ არსებობს არასრულწლოვნის ესპანეთის სამეფოში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან იგი ადაპტირებულია გარემოში, სადაც მასზე ზრუნავს დედა და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები. არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ ესპანეთში დაბრუნება ბავშვს დედასთან არსებული პოზიტიური მიჯაჭვულობიდან გამომდინარე შეუქმნის ფსიქოლოგიურ საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება ჰააგის კონვენციის მიზნებს;

15.5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებსა და მის მიერ ჩატარებულ კვლევას, არასრულწლოვანი დედის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. მას ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მისი ესპანეთში დაბრუნება და დედასთან განშორება უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მცირე ასაკის გათვალისწინებით, ჩვეული გარემოსა და დედისგან მოცილება ბავშვს მიაყენებს ტრავმას.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა არასრულწლოვნის საქართველოს ტერიტორიაზე მისი თანხმობით შემოყვანის ფაქტს. საქმეში წარდგენილი იყო მოსარჩელისა და მოპასუხის საუბარი თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებით (ინტერნეტის მეშვეობით), რომლითაც ირკვეოდა, რომ მოსარჩელე პრეტენზიას არ აცხადებდა არასრულწლოვანი შვილის დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრების საკითხთან დაკავშირებით. იგი გამოთქვამდა ბავშვის ნახვისა და მასთან ხშირი ურთიერთობის სურვილს, რასაც არ ეწინააღმდეგებოდა მოპასუხე და თანახმა იყო ხელი შეეწყო მამა-შვილის ურთიერთობისთვის.

17. სააპელაციო პალატამ ჰააგის კონვენციის ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ ბავშვი „უკანონოდ დაკავებული“ არის მაშინ, როდესაც იგი იმ პირის თანხმობით, რომელიც, როგორც წესი, ახორციელებს მასზე მეურვეობას, არ იმყოფება თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას და პირი ვისთანაც იგი იმყოფება არ აბრუნებს მას.

18. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ვერ მიიჩნეოდა ჰააგის კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვად. იგი საქართველოში შემოყვანილი იყო მართლზომიერად, მშობლების შეთანხმებით. მოსარჩელეს არასდროს გაუხდია სადავოდ ბავშვის საქართველოში დარჩენა. შესაბამისად, ჰააგის კონვენციის ფარგლებში სარჩელს წარმატების პერსპექტივა არ ჰქონდა.

19. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელსაც სააპელაციო სასამართლო მიღებული გადაწყვეტილებით/განჩინებით ცვლის ან უცვლელად ტოვებს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ მოიცავდა გადაწყვეტას მოპასუხის მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხეს უნდა მიემართა პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით. კერძოდ, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოპასუხეს უნდა დაესვა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში, რაც მას არ განუხორციელებია.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

21. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

21.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად წინამდებარე განჩინების 15.4 და 15.5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები;

21.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არასრულწლოვანი არ წარმოადგენს ჰააგის კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. ბავშვი მხოლოდ და მხოლოდ დედის თავნებობის გამო მოწყდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მდებარეობს ესპანეთში. დედამ არასრულწლოვანი არამართლზომიერად დააკავა, რადგან გადაწყვიტა თბილისში სწავლის გაგრძელება, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა;

21.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ესპანეთში ან/და საქართველოში არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის. ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მისი დაბადებისთანავე მშობლების თანხმობით განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი;

21.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა შედგენილია არაპროფესიონალურად და ზერელედ. დასკვნაში მითითებულია მხოლოდ დედის მოსაზრებები და ზოგადი განმარტება, რომ ბავშვი მიჯაჭვულია დედაზე, ხოლო ის ფაქტი მიჯაჭვულია თუ არა ბავშვი მამაზე, საერთოდ არ არის შესწავლილი. დასკვნაში ასახული არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უკვე ერთი წელია მოპასუხე მოსარჩელეს არ აძლევს საკუთარი შვილის ნახვის შესაძლებლობას;

21.5. გარდა ამისა, არც ისაა გამოკვლეული, რომ მოპასუხე არის უმუშევარი და არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. ასევე არ მუშაობენ მოპასუხის მამა და დედა. აღნიშნული საკითხის შეფასებისას სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის დასკვნას, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა მხოლოდ მოპასუხის ზეპირ განმარტებას;

21.6. ესპანეთის სამეფოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის განქორწინებასა და ბავშვის მამასთან დაბრუნების თაობაზე. მოპასუხემ მოითხოვა აღნიშნული დავის განხილვის პერიოდში მოსარჩელისთვის ალიმენტის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, მისი ოჯახის წევრები (დედა და მამა) არიან პენსიონრები, მათი ოჯახი დამოკიდებულია მხოლოდ ამ შემოსავალზე, უსახსრობის გამო ბავშვი ვერ დაჰყავთ საბავშვო ბაღში და საკვების ფულიც კი არ გააჩნიათ (მოსარჩელე მხარეს აღნიშნული დოკუმენტაცია გადაეცა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ). პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები დაეყრდნენ მოპასუხის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ მას ყოველთვიურად 2 700 ლარიანი შემოსავალი აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვილი ბავშვი განწირულია შიმშილისა და არასრულფასოვანი აღზრდისათვის.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2019 წლის 8 თებერვალს.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2019 წლის 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე.

25. 2019 წლის 12 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა, მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად ბრძანების გამოცემა და საქმის განხილვის დასრულებამდე კასატორისათვის არასრულწლოვანი შვილის ყოველდღიურად ნახვის საათების განსაზღვრა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხისა და კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2019 წლის 15 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და ზეპირ სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ბავშვის ესპანეთის სამეფოში დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

32. ჰააგის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, კონვენციის მიზნებია: ა) რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა; და ბ) უზრუნველყოფა იმისა, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებანი, გათვალისწინებული ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ეფექტიანად სრულდებოდეს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ჰააგის კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა სათანადო ზომას იღებენ თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში ამ კონვენციის მიზნების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ისინი იყენებენ ხელთარსებულთაგან უსწრაფეს პროცედურებს.

33. დადგენილია, რომ მშობლებმა არასრულწლოვანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩამოიყვანეს საქართველოში. საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვნის საქართველოში ჩამოყვანის თაობაზე არსებობდა მოსარჩელის თანხმობა. ამავე დროს, იგი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ თანხმობა გასცა ბავშვის საქართველოში დროებით ჩამოსვლის თაობაზე, რასაც მოჰყვა ბავშვის არამართლზომიერად დაკავება საქართველოში (იხ. 2019 წლის 8 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი - 13:36:52-13:37:11).

34. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის არასრულწლოვნის ესპანეთის სამეფოდან გადაადგილებისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის მართლზომიერება. სადავოა, წარმოადგენს თუ არა არასრულწლოვანი საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს.

35. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დაბადებიდან (2016 წლის 16 თებერვალი) 2016 წლის მაისის თვემდე იზრდებოდა მშობლებთან, მოსარჩელესა და მოპასუხესთან ესპანეთის სამეფოში. მოსარჩელე და მოპასუხე 2016 წლის 27 მაისს არასრულწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში. მითითებული პერიოდიდან მოპასუხე არასრულწლოვან შვილთან ერთად უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში. არასრულწლოვანი არის როგორც საქართველოს, ასევე ესპანეთის მოქალაქე. მოსარჩელე 2016 წლის სექტემბრის თვეში დაბრუნდა ესპანეთის სამეფოში, სადაც იგი მუდმივად ცხოვრობს. მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინებულები არ არიან და უფლებამოსილი ორგანოს მიერ ესპანეთში ან/და საქართველოში არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის.

36. ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ა) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და ბ) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.

37. ბავშვი „უკანონოდ დაკავებული“ არის იმ შემთხვევებში, როდესაც იგი არ იმყოფება თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (იმ პირის თანხმობით, რომელიც, როგორც წესი, ახორციელებს მასზე მეურვეობას) და პირი, ვისთანაც იგი იმყოფება, არ აბრუნებს მას. ეს არის ტიპიური სიტუაცია, რომელსაც ადგილი აქვს, როდესაც ბავშვის გადაადგილება ნახვის უფლების არამართებული გამოყენების შედეგია (იხ. ჰააგის კონვენციის თაობაზე ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი მოხსენება - b ქვეპუნქტი a, § 57).

38. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს.

39. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანს საქართველოში ჩამოყვანიდან (2016 წლის 27 მაისი) დაახლოებით 7 თვის შემდეგ, 2017 წლის 11 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულის თაობაზე არსებობდა მოსარჩელის თანხმობა, რასაც არ უარყოფს კასატორიც (იხ. 2019 წლის 8 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი - 13:39:35-13:39:42). მითითებული ფაქტი ადასტურებს, რომ მოსარჩელე მას შემდეგაც არ ეწინააღმდეგებოდა ბავშვის საქართველოში ყოფნას, რაც თავად ესპანეთის სამეფოში დაბრუნდა. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის შედავება, რომ მან თანხმობა გასცა ბავშვის საქართველოში მხოლოდ დროებით ჩამოსვლის თაობაზე.

40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეები ოფიციალურად ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებიან (მართალია, ისინი ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული არ არის ახალი ვითარების გათვალისწინებით რომელი მშობლის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს ბავშვის საცხოვრებელ ადგილს), ბავშვი მიჩნეული ვერ იქნება დედის მიერ არამართლზომიერად დაკავებულად.

41. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ესპანეთში ან/და საქართველოში არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის, თუმცა მას საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

43. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი არის როგორც ესპანეთის, ასევე საქართველოს მოქალაქე, განსაზღვრული არ არის მისი საცხოვრებელი ადგილი და იგი 2016 წლის მაისიდან იმყოფება საქართველოში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ესპანეთის სამეფო.

44. ამავე დროს, გარდა იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი არ წარმოადგენს საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვს, მისი ესპანეთის სამეფოში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება იმ საფუძვლითაც, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არ გამომდინარეობს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან.

45. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

46. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

47. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 13.07.2000, პარ. 52 და TP და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TP and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) (სუსგ №ას-967-916-2015, 2016 წლის 25 თებერვალი).

48. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, no. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. and S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 117, ECHR 2002-VI).

49. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ პუნქტი, რომლის თანახმად, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

50. აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ: ბავშვის გადაადგილებიდან ან დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და იგი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში; არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში.

51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით და სადავო საკითხის შემოწმებას ახორციელებს როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე, საკასაციო პალატის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიცემული დავალების საფუძველზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2019 წლის 14 თებერვლის დასკვნაზე დაყრდნობით.

52. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 15 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობს არასრულწლოვნის ესპანეთის სამეფოში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან იგი ადაპტირებულია გარემოში, სადაც მასზე ზრუნავს დედა და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები. არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ ესპანეთში დაბრუნება ბავშვს დედასთან არსებული პოზიტიური მიჯაჭვულობიდან გამომდინარე შეუქმნის ფსიქოლოგიურ საფრთხეს.

53. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ იგი შედგენილია არაპროფესიონალურად და ზედაპირულად. კასატორის მითითებით, ბავშვის მამასთან მიჯაჭვულობის საკითხი საერთოდ არ არის შესწავლილი. ასევე დასკვნაში ასახული არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უკვე ერთი წელია მოპასუხე მოსარჩელეს არ აძლევს საკუთარი შვილის ნახვის შესაძლებლობას.

54. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააბათილებდა.

55. ამავე დროს, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2019 წლის 14 თებერვლის დასკვნაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად: მამა-შვილის შეხვედრა შედგა 2019 წლის 9 თებერვალს, ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე. მამა-შვილის ბოლო შეხვედრიდან გასულია 3 წელი. მას შემდეგ მამას ბავშვთან ურთიერთობა არ ჰქონია. არასრულწლოვანმა იცის, რომ მამა არსებობს მის ცხოვრებაში, მაგრამ ვერ იაზრებს, რადგან წლების შემდეგ მხოლოდ ახლა შედგა მათი კონტაქტი. მამის დანახვაზე ბავშვს სახე გაუნათდა, თუმცა წამიერად, და ჩაეკრა დედას. კასატორს ბავშვისთვის ნაყიდი ჰქონდა სათამაშო (პიანინო), ამოიღო მუყაოს ყუთიდან და დაუდო ბავშვს მაგიდაზე. ბავშვის დედა აქტიურობდა, რომ დამყარებულიყო კონტაქტი მამა-შვილს შორის. კასატორი ბავშვს ესაუბრებოდა მშობლიურ ენაზე და მოპასუხე უთარგმნიდა ბავშვს. კასატორმა განიცადა ბავშვის დანახვა, ანერვიულდა და ცრემლებს იწმენდდა აკანკალებული ხელებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამა-შვილმა კარგად ითამაშა. მამა აცინებდა შვილს საკუთარი ქცევებით. კასატორს წინააღმდეგობა არ შეხვედრია არც მოპასუხის და არც ბავშვის მხრიდან. მამა-შვილის შეხვედრა დასრულდა ნორმალურად და მათი კონტაქტი უარყოფითად არ ასახულა ბავშვის ემოციურ ფონზე. ბავშვის დედის სურვილია მამა-შვილს ჰქონდეს ურთიერთობა, მაგრამ იგი უნდა იყოს უწყვეტი და არ უნდა შედგებოდეს ხანგრძლივი შუალედებისგან, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ ფონზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ზუსტად იყოს ინფორმირებული მამის შემდგომი ვიზიტების შესახებ, რათა მუდმივად არ იყოს მოლოდინის რეჟიმში და არ შეექმნას იმედგაცრუების განცდა.

56. მოცემული დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ ბავშვს მამასთან არ აქვს მჭიდრო ურთიერთობა (საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე თავად კასატორის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში მოსარჩელეს არ უნახავს არასრულწლოვანი [იხ. 2019 წლის 8 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი - 13:45:35 - 13:48:00]). ხანგრძლივი დროის განმავლობაში მამა-შვილს შორის ურთიერთობის არ არსებობამ და ბავშვის მცირე ასაკმა (დაბადებულია 2016 წლის 16 თებერვალს) გარკვეულწილად განაპირობა ბავშვის გაუცხოება მამის მიმართ, რის შედეგადაც იგი მკაფიოდ ვერ აღიქვამს, რომ კასატორი მისი მამაა.

57. შესაბამისად, კასატორის მითითება, რომ შესწავლილი არ არის ბავშვის მამასთან მიჯაჭვულობის საკითხი, იმ პირობებში, როდესაც მას დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონია ურთიერთობა არასრულწლოვანთან, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამდგარ შედეგს ეჭვქვეშ დააყენებდა.

58. საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას, რომ მოპასუხე მას არ აძლევს საკუთარი შვილის ნახვის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუკი მსგავს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, მოსარჩელეს შეეძლო ესარგებლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობით და მოეთხოვა სასამართლოს დროებითი განკარგულების გამოცემა, რაც დაარეგულირებდა აღნიშნულ საკითხს. თუმცა, თავად კასატორი მხარეც ადასტურებს, რომ მას ამგვარი მოთხოვნით პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებისთვის არ მიუმართავს (იხ. 2019 წლის 8 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი - 13:48:41 - 13:52:00).

59. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მოპასუხის შემოსავლებთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ არასრულწლოვანს დედის ოჯახში ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

60. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის ესპანეთის სამეფოში გადაადგილება, როდესაც აღნიშნულმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არ გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან.

61. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

62. გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-967-916-2015, 2016 წლის 25 თებერვალი). არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

64. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, რომლითაც მან მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა ბრძანების გამოცემის გზით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განმარტოს 35110 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის თანახმად, თუ წარდგენილია განმცხადებლის სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობები: ა) ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; ბ) ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; დ) ნებისმიერი სხვა ბრძანების გაცემის თაობაზე, რომელსაც განმცხადებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე.

66. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემის მიზანია ისეთი საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტა, რომელიც ხანგრძლივ განხილვას არ ექვემდებარება და თავისი ბუნებიდან გამომდინარე სწრაფ რეაგირებას საჭიროებს (მაგალითად: სასამართლოს შეიძლება წარედგინოს შუამდგომლობა ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე, თუკი არსებობს ბავშვის კიდევ სხვა ადგილას გადაყვანის საშიშროება; ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის საფუძველი შესაძლოა იყოს ბავშვის იმ პირისაგან დაუყოვნებლივ მოშორების მიზანშეწონილობა, რომელმაც იგი არამართლზომიერად გადაადგილა და ა.შ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის საფუძველზე ბრძანების გამოცემის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების მსგავსად განიხილება დაჩქარებული წესით, მოწინააღმდეგე მხარისთვის შეუტყობინებლად.

67. მოცემულ შემთხვევაში კასატორი შუამდგომლობით ითხოვს საქმის განხილვის დასრულებამდე ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მოწინააღმდეგე მხარისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, ასევე იმ ფაქტის გამოკვლევის გარეშე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი ღონისძიების გატარება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ბავშვთან ურთიერთობის წესი არ შეიძლება განისაზღვროს ბრძანების გამოცემის გზით.

68. კასატორის მოთხოვნა, თავისი შინაარსით უფრო ახლოს არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლთან, რომელიც შეეხება საოჯახო დავების განხილვის დროს სასამართლოს დროებითი განკარგულების გამოცემას. აღნიშნული ნორმა შესაძლებლობას აძლევს მხარეს, რომელსაც არ აქვს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დავის დასრულებამდე ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. დროებითი განკარგულება გამოიყენება სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში. შესაბამისად, მსგავსი სახის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია იმ საკითხზე, სასამართლო ცნობს თუ არა საკასაციო საჩივარს დასაშვებად.

69. ამგვარად, რადგან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შეუძლებელია კასატორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

70. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 355-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ფ.გ.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ფ.გ.ფ–ის შუამდგომლობა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე