საქმე №ას-1330-1250-2017 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ფ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“ (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – უფლებამონაცვლის დადგენა, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ფ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ფ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.ფ–ა აღდგენილ იქნა ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ მთავარი სპეციალისტის (მეთოდისტის) თანამდებობაზე; ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს“ (ს/კ: ....) ნ.ფ–ას (პ/ნ: ....) სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის პერიოდში მიუღებელი ხელფასის - თვეში 560 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს“ (ს/კ: ....) ნ.ფ–ას (პ/ნ: .....) სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს“ (ს/კ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისრა - 1028 (ერთი ათას ოცდარვა) ლარისა და 40 თეთრის გადახდა; ნ.ფ–ას სააპელაციო მოთხოვნა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოსგარეშე ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს“ (ს/კ: ....) ნ.ფ–ას (პ/ნ: ....) სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 400 (ოთხასი) ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
2. 2018 წლის 11 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.ფ–ამ (შემდგომში - „განმცხადებელი“), მოითხოვა ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ....) უფლებამონაცვლედ ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ (ს/კ: .....) დადგენა და აღნიშნულის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. განმცხადებელი განმარტავდა, რომ:
2.1. საქართველოს პარლამენტის №987-IIს დადგენილების საფუძველზე, 2017 წლის 5 დეკემბერს ზ–ის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა №319 ბრძანება „გაუქმებული ქალაქ ზ–ის მუნიციპალიტეტისა და ზ–ის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ეების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“, რომლის საფუძველზე დაიწყო ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: .....) ლიკვიდაციის პროცესი;
2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ....) რეგისტრაციის გაუქმების პროცესი შეჩერებული იყო;
2.3. 2017 წლის 28 დეკემბერს ზ–ის მუნიციპალიტეტის მერის №912 ბრძანების საფუძველზე დაფუძნდა ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“ (ს/კ: .....);
2.4. ზ–ის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს პარლამენტის №987-IIს დადგენილების საფუძველზე ახორციელებდა, ერთის მხრივ, ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციას, ხოლო, მეორეს მხრივ, იდენტური ა(ა)იპ-ის დაფუძნებას. ლიკვიდირებულსა და ახლადდაფუძნებულ ა(ა)იპ-ს შორის განსხვავება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერში იყო, რადგან ორივე იურიდიული პირი დაფუძნებული იყო ზ–ის მუნიციპალიტეტის მიერ, ემსახურებოდა ერთსა და იმავე მიზნებს, ჰქონდა ერთი და იგივე ამოცანები, ორივე მათგანის რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენდა: საქართველო, ზ–ი, ....., ელ.ფოსტა: ...gbag@gmail.com;
2.5. განმცხადებელი მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ზემოხსენებული დადგენილების მე-7 მუხლში არსებულ ჩანაწერს: „თვითმმართველი ქალაქი ზ–ი და ზ–ის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად - ზ–ის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ზ–ი“, რის საფუძველზეც განმარტავდა, რომ ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ (ს/კ: .....) წარმოადგენდა ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ....) ფაქტიურ სამართალმემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნ.ფ–ას განცხადება ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ უფლებამონაცვლით შეცვლისა და, აღნიშნულის საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილსა [სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე] და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით [იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან] აღნიშნა, რომ განცხადების განხილვის ეტაპზე მოვალე ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“ (ს/კ: ....) არ იყო ლიკვიდირებული და, შესაბამისად, არც მისი უფლებაუნარიანობა - შეწყვეტილი. ვინაიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით არ დასტურდებოდა, რომ ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: .....) ლიკვიდაციის პროცესი დასრულებული იყო, საკასაციო სასამართლომ განცხადებელს უარი უთხრა ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ უფლებამონაცვლით შეცვლაზე და, შესაბამისად, უფლებამონაცვლის სახელზე სააღსრულებო ფურცლის გაცემაზეც.
5. 2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმეორებით მომართა ნ.ფ–ამ და მოითხოვა:
5.1. ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: .....) უფლებამონაცვლედ და მის სამართალმემკვიდრედ ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ (ს/კ: .....) ცნობა;
5.2. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, განმცხადებლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და კომპენსაციის მიცემა, ვინაიდან ერთი იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და ახალი სამართალსუბიექტის ჩამოყალიბების პირობებში, გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა ვერ იქნება მიღწეული პირვანდელი თანამდებობის არარსებობის გამო;
5.3. უფლებამონაცვლის სახელზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა;
5.4. უფლებამონაცვლის დაუდგენლობის შემთხვევაში, ზ–ის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭოლ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა, რადგან ლიკვიდაციის პროცესში მყოფი იურიდიული პირი გადახდისუუნაროა და მის მიმართ სააღსრულებო წარმოება წარიმართა უშედეგოდ, ხოლო ამჟამად მოქმედი იურიდიული პირი არ ცნობს თავს უფლებამონაცვლედ და არ იღებს ვალდებულებას. როგორც ერთი, ისე მეორე იურიდიული პირი დაფუძნებულია ზ–ის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების საფუძველზე შესაბამისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. აღნიშნული კი მერიას აკისრებს პასუხისმგებლობას მის მიერ დაარსებული იურიდიული პირის გადახდისუუნარობის ან უფლებამონაცვლეობის დაუდგენლობის შემთხვევაში.
6. განმცხადებელმა განმარტა, რომ:
6.1. 2018 წლის 12 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: .....) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. განმცხადებელმა 2018 წლის 7 დეკემბერს საჯარო რეესტრში წარადგინა უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს ჰქონდა შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრმა 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: .....) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ თავისი გადაწყვეტილება, კრედიტორის მიმართ არსებული შეუსრულებელი დავალიანების გამო;
6.2. შესაბამისად, ამჟამად არსებობს მოქმედი, ზ–ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 დეკემბრის №912 ბრძანების საფუძველზე დაფუძნებული ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ (ს/კ: .....), რომელიც საჯარო რეესტრის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა და ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“ (ს/კ: .....), რომლის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული, კრედიტორის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ვერ სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ფუნქციონირებს;
6.3. განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი დაარეგისტრირა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თუმცა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ უნდა დაედგინა უფლებამონაცვლეობა და სასამართლოს მიერ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა ერთი თვე;
6.4. თავის მხრივ, აღმასრულებლის მიერ ჩატარებული საქმისწარმოების მასალებით ირკვევა, რომ ამჟამად მოქმედი ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ (ს/კ: .....) უარს აცხადებს დაკისრებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე, რადგან არ არის მისი სამართალმემკვიდრე;
6.5. ზ–ის მუნიციპალიტეტის მერი კი მისთვის აღმასრულებლის მიერ გაგზავნილ წერილს, სადაც მოთხოვნილია ინფორმაცია ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ......) მერიის შემადგენლობაში მოქმედების შესახებ, ამისამართებს და შემდგომი რეაგირებისთვის უგზავნის ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს“ (ს/კ: .....);
6.6. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ და მოქმედ ა(ა)იპ-ებს შორის განსხვავება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერშია, რადგან ორივე იურიდიული პირი დაფუძნებულია ზ–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ემსახურება ერთსა და იმავე მიზნებს, აქვს ერთი და იგივე ამოცანები, ორივე მათგანის რეგისტრირებული მისამართია: ზ–ი, ....., ელ.ფოსტა: ....gbag@gmail.com;
6.7. ამდენად, სააღსრულებო წარმოების შედეგად ვერ იქნა მიღწეული შედეგი და გადაწყვეტილება შეიძლება დარჩეს აღუსრულებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ ზ–ის მუნიციპალიტეტთან მიმართებაში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნას მოვალის უფლებამონაცვლედ ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ (ს/კ: .....) დადგენის, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უარი უნდა ეთქვას.
8. განმცხადებელი ითხოვს კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის (მოვალის) შეცვლას მისი უფლებამონაცვლით ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრით“ (ს/კ: .....), გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას და აღნიშნულის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „გაუქმებული ქალაქ ზ–ის მუნიციპალიტეტისა და ზ–ის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ეების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“ ზ–ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 დეკემბრის №319 ბრძანებით ლიკვიდაციას დაქვემდებარებული მოვალის - ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: .....) სამართალმემკვიდრე არ დადგენილა და არც საქმის მასალებშია წარმოდგენილი რაიმე სხვა სამართლებრივი აქტი, რითაც დადასტურდებოდა მისი უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირზე, მათ შორის, ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრზე“ (ს/კ: .....) გადასვლა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნას ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ....) უფლებამონაცვლედ და მის სამართალმემკვიდრედ ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ (ს/კ: .....) ცნობის შესახებ არ გააჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და, შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას. გამომდინარე აქედან, განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის თაობაზე [სსსკ-ის 263.1 მუხლი] და უფლებამონაცვლის სახელზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ ასევე არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
11. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას ზ–ის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს მოთხოვნას ზ–ის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: .....) უფლებამონაცვლედ დადგენის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დასაბუთებულია და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილისა [სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე] და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე [სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს] მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
12. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ მოსარჩელემ უკვე მეორედ მომართა სასამართლოს, გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია ერთ წელიწადზე მეტი, თუმცა მოსარჩელემ ვერ მიაღწია თავის შრომით უფლებებში აღდგენას.
13. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული, აღსრულებას დაქვემდებრებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი სწრაფი, ეფექტიანი და, რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტიანი აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად... აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში (იხ. სუსგ №ბს-476-464(კ-13), 24 აპრილი, 2014 წელი).
14. ეროვნული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების სახელმწიფოს მიერ აღუსრულებლობის ან აღსრულების გაჭიანურების გამო არაერთი საჩივარია განხილული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, რომელიც კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებული იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 (§1) მუხლის გაგებით (იხ. Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ, №40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი). სასამართლოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩენილიყო ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (იხ. დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ.ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 დეკემბერი, 2005 წელი). მოსარჩელე მხარის ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, №18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ ან ვერ ახერხებენ ან კიდევ აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე–6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას აზრი ეკარგება (იხ. Antonetto v. Italy, №15918/89, §28, 20 July 2000). ვინაიდან აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (იხ. Bourdov c. Russie, №59498/00, §34, CEDH 2002-III), პირის უფლება სასამართლო განხილვაზე, „სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა“ განსაზღვრისთვის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ხელმისაწვდობოსთან ერთად (იხ. Kreuz c. Pologne (no 1), №28249/95, §§ 53 et 54, CEDH, 2001-VI), თანაბრად იცავს ამ პირის უფლებას სააღსრულებო წარმოებათა ხელმისაწვდომობაზეც (იხ.mutatis mutandis, Manoilescu et Dobrescu c. Roumanie et Russie (déc.), №60861/00, CEDH 2005-VI), ანუ უფლებას ამგვარი პროცედურის დაწყებაზე (იხ. სუსგ №ას-999-960-2016, 26 დეკემბერი, 2016 წელი).
15. ამრიგად, ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ასევე ევროპული სასამართლო პრაქტიკით და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.
16. მოსარჩელის მიერ განმეორებით წარმოდგენილი განცხადებიდან და მასზე თანდართული დოკუმენტებიდან დასტურდება, რომ მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა არ დასრულებულა. აღნიშნული ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოცემული იურიდიული პირის სარეგისტრაციო დოკუმენტების შემოწმების შედეგად. კერძოდ, ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ....) სტატუსია - „ლიკვიდაცია დაწყებულია“ (იხ. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state=search).
17. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ზ–ის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 29 ნოემბრის №02/14711 წერილი აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსადმი, რომლის თანახმად, ზ–ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 დეკემბრის №319 ბრძანების შესაბამისად, ლიკვიდაციას დაექვემდებარა ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“ (ს/ნ: ....).
18. საქმის მასალებში მოიპოვება „გაუქმებული ქალაქ ზ–ის მუნიციპალიტეტისა და ზ–ის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ეების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“ ზ–ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 დეკემბრის №319 ბრძანება, რომლითაც დადგინდა გაუქმებული ზ–ის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სააღმზრდელო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრისა“ და გაუქმებული ქალაქ ზ–ის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრის“ ლიკვიდაციის განხორციელება (იხ. ტ. 1. ს.ფ. 310-311). ზ–ის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 6 დეკემბრის №02/218 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდა ლიკვიდაცია განსახორციელებელ ა(ა)იპ-ების საიდენტიფიკაციო კოდები, მათ შორისაა - „სააღმზრდელო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი“ (ს/კ ....).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაცია წარმოადგენს იმგვარ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლითაც დაწესებულება როგორც სუბიექტი, წყვეტს საქმიანობას, აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი უფლებები და მოვალეობები სხვა სუბიექტს არ გადაეცემა. ამასთან, ლიკვიდაცია თავისი არსით დაუშვებლად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას (იხ. სუსგ №ბს-238-235(კ-14), 2014 წლის 28 ოქტომბერი).
20. თუმცა, განსხვავებულია სასამართლო პრაქტიკა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ დაფუძნებული საჯარო უფლებამოსილებათა განმახორციელებელი საზოგადოებების ლიკვიდაციის შემთხვევაში.
21. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს–ო“ დაფუძნებული იყო სახელმწიფოს მიერ და მის მიერვე განხორციელდა საწარმოს ლიკვიდაცია. სამეწარმეო სუბიექტის დამფუძნებელი სახელმწიფოს ვალდებულებები, თვისობრივად განსხვავდება სხვა ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების, როგორც სამეწარმეო სუბიექტების დამფუძნებელი პირების ვალდებულებებისაგან, რამდენადაც კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში პირი ძირითადად მონაწილეობს საკუთარი რისკით, რამდენადაც კეთილსინდისიერი პარტნიორის არჩევა მის შეხედულებებზეა დამოკიდებული მაშინ, როცა სახელმწიფო გვევლინება სამეწარმეო სუბიექტის დამფუძნებლად, მით უმეტეს, როცა საწარმო ფუძნდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რაც შპს ,,ს-ის’’ შემთხვევაში ცალსახაა, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი საჯარო ამოცანების გადასაწყვეტად შექმნილი საწარმო ლიკვიდაციის პროცედურის მეშვეობით „გააქროს“ სამოქალაქო ბრუნვიდან ისე, რომ მისი ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით შრომით-სამართლებრივი შინაარსის, შეუსრულებელი დატოვოს, იქ დასაქმებული ადამიანების ძირითადი უფლების - შრომითი გასამრჯელოს მიღების უფლების სრული იგნორირების ხარჯზე (იხ. სუსგ №ბს-238-235(კ-14), 2014 წლის 28 ოქტომბერი).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლიკვიდაცია არის არა ერთჯერადი აქტი, არამედ პროცესი მიმართული ლიკვიდირებული სუბიექტის ვალდებულების შესრულებისაკენ (იხ. სუსგ №ბს-1490-1472(კ-11), 30 მაისი, 2012 წელი).
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის 11 ნაწილისა [არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით] და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14.8 მუხლის [კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია] თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია საზოგადოების ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილება.
24. „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №B19006713/4 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ: მარეგისტრირებელ ორგანოში ზ–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებას კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა მოსარჩელის-ნ.ფ–ას (პ/ნ ....) მოთხოვნა და მოპასუხეს - „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს“ დაეკისრა მიუღებელი ხელფასი, ბაჟის თანხა და იურიდიული მომსახურების ხარჯი. აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობის გამო, ზ–ის მუნიციპალიტეტს დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით გაეგზავნა №517387 და №5799 წერილები. ამ უკანასკნელი წერილით მუნიციპალიტეტს განესაზღვრა 10 კალენდარული დღის ვადა შესაბამისი დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით. ვინაიდან, ზ–ის მუნიციპალიტეტის მიერ არ იქნა წარდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების არარსებობის შესახებ, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დავალიანების არსებობა საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებაა, დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარსადგენია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი დაზუსტებული ინფორმაცია საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე (იხ. http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=7c9JthgWNnAMXazKP2jf0PAAZYT9]3vEki]ogzJxzPH0yK1wD0ptx[qMP]3nYiCy).
25. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ზ–ის მუნიციპალიტეტი (წარმოდგენილი მერის მიერ), რომელმაც დაიწყო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესი, ხოლო შემდეგ არ შეასრულა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება, რის შედეგადაც ვერ დასრულდა საზოგადოების ლიკვიდაცია, პასუხისმგებელია ლიკვიდაციას დაქვემდებარებული ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ....) ვალდებულებებზე და, გამომდინარე აქედან, წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.
26. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით განმცხადებელი აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე, ხოლო განმცხადებლის მიერ არ არის მოთხოვნილი ზ–ის მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლედ განსაზღვრის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა [სსსკ-ის 263.1 მუხლი]. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 მუხლით გათვალისწინებული წესით დასაქმებულისთვის კომპენსაციის მიცემაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 2671, 92-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ფ–ას განცხადება ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ....) უფლებამონაცვლედ ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ (ს/კ: .....) დადგენის შესახებ, აღნიშნულის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ.ფ–ას განცხადება ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: .....) უფლებამონაცვლედ ზ–ის მუნიციპალიტეტის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდეს;
3. ა(ა)იპ „ზ–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ (ს/კ: ....) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას ზ–ის მუნიციპალიტეტი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე