№ას-141-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ზ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ტ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით:
- სს „ტ–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ზ.ა–ძესა (შემდეგში პირველ მოპასუხესა) და თ.ქ–ს (შემდეგში მეორე მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის #KSB.0306416.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - ძირი თანხა 22168.38 აშშ დოლარი, პროცენტი - 1045.90 აშშ დოლარი, ჯარიმა - 459.35 აშშ დოლარი;
- თავდების (მეორე მოპასუხის) პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 100000 აშშ დოლარით;
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 20 ნოემბრიდან საბანკო კრედიტის №KSB..... ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 22168,38 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 12% სარგებლის გადახდა. თავდების თ.ქ–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარით;
- დადგინდა, რომ №KSB.0306416.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: .....;
- დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: .... რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი №KSB.... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, მისი სრულად დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცევა მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებსა და აქტივებზე;
- პირველ მოპასუხეს დაეკისრა №.. NEXT საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულებიდან ძირი თანხა - 1063,23 ლარი, პროცენტი - 121,53 ლარი და ჯარიმა 373,58 ლარი;
- 2017 წლის 20 ნოემბრიდან პირველ მოპასუხეს დაეკისრა №... NEXT საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 1063,23 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 29% სარგებლის გადახდა;
- პირველ მოპასუხეს დაეკისრა #TB.... ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირი თანხა - 1000 ლარი, პროცენტი - 28,89 ლარი და ჯარიმა 662,84 ლარი;
- 2017 წლის 20 ნოემბრიდან პირველ მოპასუხეს დაეკისრა #TB... ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 16% სარგებლის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით:
- პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში რომლითაც პირველ მოპასუხეს ორი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 3 718.40 ლარის გადახდა;
- მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილში დარჩა განუხილველად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით:
- პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. 2019 წლის 6 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მიუთითა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
9. სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
10. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
11. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კასატორმა წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
12. სსსკ-ის 49.2 და 49.4 მუხლების შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ა–ძის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
2. კასატორ ზ.ა–ძეს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2019 წლის 28 თებერვალი) – 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი