№ას-1412-2019 4 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - მ.კ–ძე, ხ.ს–ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- რ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა.კ–ის ..”-ის კრების ოქმი (დამოწმებული: 17.05.2010, რეგისტრაციის #100463759, ოქმის თარიღი: 09.08.2010) რ.ბ–ის კუთვნილი, ქ.თბილისში, ..... მდებარე 16 კვ.მ. სარდაფის მ.კ–ძის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში.
- ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 10 აპრილს მ.კ–ძეს და თ.ღ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, თ.ღ–ძის საკუთრებაში ქ.თბილისში, .... მდებარე 16 კვ.მ. სარდაფის გადაცემის ნაწილში.
- ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 21 თებერვალს თ.ღ–ძეს და ხ.ს–ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ხ.ს–ეს საკუთრებაში ქ.თბილისში, .... მდებარე 16 კვ.მ. სარდაფის გადაცემის ნაწილში.
- ხ.ს–ეს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ.თბილისში, ..... მდებარე, რ.ბ–ის კუთვნილი 16 კვ.მ. სარდაფი საკადასტრო კოდით #.... და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა რ.ბ–ს.
- მ.კ–ძეს დაევლა ქ.თბილისში, ..... მდებარე, რ.ბ–ის კუთვნილი 16 კვ.მ. სარდაფის (საკადასტრო კოდით #.....) კედლის და კარის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;
- მ.კ–ძეს რ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 (ექვსიათასი) ლარის გადახდა;
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა. და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით ბმა „ა.კ–ის“, მ.კ–ძის და ხ.ს–ეს (კ–ძე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ.ს–ემ და მ.კ–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 650 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
9. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება ჩაბადა კასატორების წარმომადგენელ მ.ბ–ას 2019 წლის 17 ოქტომბერს (მინდობილობამ ტ.1, ს.ფ. 170-171, 207).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 18 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 22 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავთ სასამართლოსთვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ძის და ხ.ს–ეს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე