19 დეკემბერი, 2019 წელი,
საქმე № ას-1535-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ზ.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ზ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 5 მარტს მ.ზ.დ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო სჩივრის ავტორის) სარჩელი აღძრა დ.ზ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის, თანხის დაკისრებისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში - 4750 აშშ დოლარით განისაზღვრა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 63-ე, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.
4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ესწრებოდა 01.05.2019 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 134. ტ.1), შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 1 ივნისიდან და 2019 წლის 14 ივნისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2019 წლის 24 ივნისს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მის მიერ არაერთხელ იქნა მოთხოვნილი გადაწყვეტილების ჩაბარება, რა დროსაც, სასამართლოს თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე გასაჩივრების ვადა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აეთვლებოდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო, მისი განუხილველად დატოვების კანონიერება.
8. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 1 ივნისიდან და 2019 წლის 14 ივნისს ამოიწურა. ხოლო, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2019 წლის 24 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ სასამართლოს მიზეზით.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
10. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
12. სსსკ-ის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, თუ მხარე კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, ივარაუდება, რომ სასამართლოს მზად ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილება. ამასთან, თუ საქმის მასალების შეფასებით საპირისპირო გარემოება დადასტურდება, მაშინ ქარწყლდება ზემოხსენებული პრეზუმფცია და, დაინტერესებული პირის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიუხედავად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, როგორც ზემოთ ითქვა, მისი ჩაბარების მომენტიდან დაიწყება.
13. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა, სახელდობრ, ერთ-ერთმა მხარემ (მოპასუხემ) დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა მოითხოვა 2019 წლის 10 ივნისს (იხ. განცხადება, ს.ფ. 177), თუმცა მას დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია, რაც უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. შესაბამისად, გასაზიარებელია მოსარჩელის მოსაზრება, რომ იგი სთხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემას, მაგრამ, მისივე განმარტებით, ვერ მიიღო. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ბრალი არ მიუძღვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის დაგვიანებით ჩაბარებაში, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის ჩაბარებიდან. შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.
14. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დასწყებოდა არა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს (შდრ. სუსგ. #ას-1853-2018; 27.02.2019წ).
15. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ზ.დ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი