Facebook Twitter

19 დეკემბერი, 2019 წელი,

საქმე № ას-1535-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ.ზ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ზ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2019 წლის 5 მარტს მ.ზ.დ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან წინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა დ.ზ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო სჩივრის ავტორი) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის, თანხის დაკისრებისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით კი, მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქმის განხილვის დასრულებამდე შეჩერდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში - 4750 აშშ დოლარით განისაზღვრა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

5. 2019 წლის 13 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება თაობაზე, შუამდგომლობით (საჩივრით) მიმართა მოპასუხემ (იხ. განცხადება, ს.ფ. 230-232).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 191-ე, 196-ე, 197-ე და 1971-ე მუხლებით.

6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წარდგენილი შუამდგომლობა თავისი შინაარსით წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე საჩივარს, განჩინება საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა - 2019 წლის 11 მარტს, რომელიც მის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, გასაჩივრების 5 დღიანი ვადა გასული იყო (სსსკ-ის 1971 მუხლი), რის გამოც, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის ნაწილი, კერძოდ, ძირითადი თანხიდან 28 600 აშშ დოლარი, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, დავის საგნის დაცვის საჭიროება მხოლოდ ამ თანხის ნაწილში შეიძლება დადგეს, რის გამოც, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მიმდინარე აღსრულების სრულად შეჩერება, იწვევს კრედიტორის ვადამოსული და მოვალის მიერ აღიარებული მოთხოვნის აღსრულების გაჭიანურებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

9. სსსკ-ის 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის განხილვის დასრულებამდე შეჩერდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

11. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა მოპასუხემ, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 197.1. (სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან) და 1971 (სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით) მუხლების თანახმად, დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების, მათ შორის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრებისა და მისი განხილვის წესი, სახელდობრ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი დღის ვადაში, ამ ვადის გასვლის შემდგომ შეტანილი საჩივარი კი, უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, საჩივარი მხარემ უნდა წარადგინოს არა ზემდგომ, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების გამომტან სასამართლოში.

13. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, უარის თქმის შესახებ მიღებულ განჩინებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საჩივარი კი, როგორც ზემოთ განიმარტა წარდგენლ უნდა იქნეს ამ განჩინების გამომტან სასამართლოში. ამდენად, ვინაიდან წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეესაბამება სადავო განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს მისი შინაარსობრივი საფუძვლიანობა, რამეთუ ხსენებული გავლენას იქონიებს კანონიერ ძალაში შესულ იმ განჩინებაზე, რომელიც დადგენილი წესით მიქცეულია აღსასრულებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხემ, რომლის ინტერესებსაც არ შეესაბამება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, თავად დაარღვია გასაჩივრებისათვის დადგენილი წესი და ვადა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძვლები.

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინების გაუქმების სამარლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ზ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი