საქმე №ას-2-2020 13 იანვარი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.11.2019წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 03.07.2019წ. გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე" ან "მოწინააღმდეგე მხარე") სასარჩელო მოთხოვნა ნ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "აპელანტი" ან "კერძო საჩივრის ავტორი") მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზესტაფონში, ....., ს/კ-ით ......
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.09.2019წ. განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა. 20.09.2019 წელს აპელანტმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც ის რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, თუმცა ოჯახის სარეიტინგო ქულა ჰქონდა 121 040, შესაბამისად არ იღებდა სოციალურ დახმარებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.09.2019 წლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით, მასვე განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის, გამო დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 27.09.2019წ. განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც 08.10.2019 წელს ჩაბარდა ოჯახის წევრს, ამდენად, ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადა ამოიწურა 18.10.2019 წელს, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით:
სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 416-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისთვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისთვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
ამდენად, აღნიშნული ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი). განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსით 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
10. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით (იხ. ს.ფ.86, 119). სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ გზავნილი კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა პირადად 28.11.2019 წელს (იხ. ს.ფ. 121).
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
12. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 29 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 10 დეკემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა მხოლოდ 17.12.2019წ. (იხ.: ს.ფ.122-124), ანუ სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1424-2019, 15 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-1086-2019, 25 ივლისი, 2019 წელი).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
15. კერძო საჩივარს ერთვის სააპელაცო საჩივარზე ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ.: ს.ფ.123-124), რომელიც კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. რადგან კერძო საჩივარი დაუშვებელია, აღნიშნული გულისხმობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ძალაში შესვლას, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე 416-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე და 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.11.2019წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ნ.კ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზ.ძის (პ/ნ .....) მიერ სს "ს.ბ–ის" მეშვეობით შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი 300183150, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, 15.10.2019წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი) ლარი (საგადახდო დავალება: 8547928054).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე