Facebook Twitter

საქმე №ას-1386-2019 9 იანვარი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ბ.მ–ძე, ო.მ–ძე (კანონიერი წარმომადგენელი მ.ს–ი) (მოპასუხეები, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ვ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 17 თებერვალს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ.ვ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, ან მოწინააღმდეგე მხარე) ბ.მ–ძის, ო.მ–ძისა და მ.ს–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც მოპასუხეები, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში, ან კასატორები) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მათი გამოსახლების თაობაზე, თუმცა 2017 წლის 2 მაისს აღნიშნული სარჩელი დარჩა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო, შესაბამისად საქმის განხილვა გაგრძელდა შეგებებული სარჩელის ფარგლებში.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის ავტორების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 10 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე, ქ. გორში, ...... (ს/კ ......), აღირიცხა შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეების საკუთრებად; ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ბ.მ–ძესა და თ.ვ–ს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა 7 240 აშშ დოლარზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. გორში, ..... (ს/კ ......), გავრცელდა იპოთეკის უფლება.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებული სარჩელის ავტორებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, შეგებებული სარჩელის ავტორების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

5. აღნიშნული განჩინება 2019 წლის 11 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებული სარჩელის ავტორებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 362 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 18 ოქტომბერს ჩაჰბარდა.

7. 2019 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების განცხადება ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 362 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 7 ნოემბერს ჩაჰბარდა პირადად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 7 ნოემბერს პირადად ჩაჰბარდა.

9.2. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 8 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 18 ნოემბერს ამდენად, კასატორები ვალდებულები იყვნენ ხარვეზი 2019 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.

9.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

9.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.მ–ძისა და ო.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა