საქმე №ას-987-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ვ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ–ა .."(მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.მ–ძემ, 2010 წლის 7 მაისს, შპს „მ–ა ..“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, საზოგადოება, საწარმო ან შპს) დააფუძნა.
2. ლ.მ–ძემ, 2015 წლის 10 მარტს, შპს-ის 100%-იანი წილიდან 45% მ.მ–ძეს 9 ლარად მიჰყიდა.
3. მ.მ–ძემ, 2016 წლის 8 თებერვალს, თავისი კუთვნილი 45%-იანი წილი შ.ბ–ძეს გაუფორმა, ხოლო ლ.მ–ძემ დარჩენილი 55%-დან 5%-იანი წილი შ.ბ–ძეს უსასყიდლოდ გადასცა, რის შედეგადაც, შპს-ის 50%-50%-იანი წილის მესაკუთრეები გახდნენ შ.ბ–ძე და ლ.მ–ძე.
4. შპს-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ლ.მ–ძემ, საზოგადოების კუთვნილი 50%-იანი წილი, 2017 წლის 23 იანვარს, შ.ბ–ძეს უსასყიდლოდ გადასცა.
5. სარჩელის აღძვრის დროისათვის, შპს-ის 100%-იანი წილის მესაკუთრე არის შ.ბ–ძე, დირექტორი - ლ.მ–ძე.
6. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელსა და შპს-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, ლ.მ–ძეს შორის, 2012 წლის 12 ივნისს, გაფორმდა მიზნობრივი ხელშეკრულება N120606596, რომლის შესაბამისად, შპს-ას ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..... (შემდეგში: მიწის ნაკვეთი). მიწის ნაკვეთზე, 2013 წლის 20 მაისს, უნდა აშენებულიყო რესტორანი, კოტეჯი და სპორტული მოედანი, სადაც 20 ადამიანი დასაქმდებოდა.
7. ნასყიდობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტში 2013 წლის 20 დეკემბერს ცვლილება შევიდა და ნასყიდობის საგანს დაემატა 3676 კვ.მ, ს/კ ..... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ......
8. 2014 წლის 3 ივნისისა და 3 სექტემბრის ცვლილებებით, მიზნობრივად გაყიდულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანის ვადა, საბოლოოდ 2015 წლის 1 ივნისამდე გაგრძელდა. ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი.
9. შპს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რესტორნის, სასტუმროს, კოტეჯების, სპორტული მოედნის მშენებლობა და მოწყობა დასრულდა 2015 წელს და შევიდა ექსპლუატაციაში.
10. შპს-ის ანგარიშზე, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ლ.მ–ძის მიერ შეტანილიქნა 20 ლარი და 50 100 აშშ დოლარი.
11. 2015 წლის 5 იანვარს, ლ.მ–ძემ, თ.ვ–ძისათვის (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) შეადგინა ხელწერილი, სადაც დააფიქსირა: „მე ლ.მ–ძემ სესხად ავიღე თ.ვ–ძისგან 250 000 აშშ დოლარი. დახურვა მოხდება 5.01.16.“ ხელწერილი დამოწმებული იქნა შპს-ის ბეჭდით.
12. სარჩელის საფუძვლები
12.1. მოსარჩელემ 2017 წლის 6 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სესხად აღებული თანხის - 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.
12.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლის 5 იანვარს, შპს-ის დირექტორმა ლ.მ–ძემ არ შეასრულა ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება და სესხად აღებული თანხა არ დააბრუნა, ამასთან, ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით ფორმალურად, 9 ლარად გაასხვისა რამდენიმე მილიონად ღირებული შპს-ის წილი.
13. მოპასუხის შესაგებელი
13.1. მოპასუხის წარმომადგენლებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საწარმოს სესხი არ აუღია, შესაბამისად, იგი არის არასათანადო მოპასუხე. სათანადო მოპასუხე ლ.მ–ძეა, ვინაიდან, მან სესხი პირადად აიღო, როგორც ფიზიკურმა პირმა, რასაც ადასტურებს ხელწერილის შინაარსი. აღნიშნულ ხელწერილზე იურიდიული პირის ბეჭდის დასმა არ შეიძლება სამართლებრივად განხილული იქნეს საწარმოს მიერ სესხის აღების დასტურად. ლ.მ–ძეს აღნიშნული თანხა საზოგადოების საქმიანობისთვის არ გამოუყენებია, მისი მშენებლობისთვის მთლიანი თანხები გაიღო შპს-ის ამჟამინდელმა 100%-იანი წილის მფლობელმა შ.ბ–ძემ.
13.2. შპს-ის დირექტორმა ლ.მ–ძემ განმარტა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა აღებული სესხი მოსარჩელისგან 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაზეც ყოველთვიურად იხდიდა პროცენტს. ძირითადი ვალი გადაიხადა. ამჟამად დარჩენილი იყო 70 000 აშშ დოლარამდე, მაგრამ ეს წარმოადგენდა, არა მოპასუხე საწარმოს, არამედ შპს „ბ–ას“ ვალს. რაც შეეხება ხელწერილს, ლ.მ–ძემ აღნიშნა, რომ ის დაიწერა ფორმალურად, რადგან მოსარჩელეს სჭირდებოდა სხვა მევალისათვის საჩვენებლად. მოსარჩელე არის მისი მეგობარი, ენდობოდა და რასაც ის ეტყოდა, ნებისმიერ თანხას დაუწერდა. მისთვის უცნობია, თუ როგორ მოხდა მის პირად ვალზე დაწერილ ხელწერილზე საწარმოს ბეჭედი. შესაძლებელი იყო, ის თავად მოსარჩელეს დაესვა.
14. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 250 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
14.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
15. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, საწარმოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში აღნიშნული, რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დაადგინა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებითა და შპს „ა–ის“ მიერ, 2017 წლის 12 დეკემბერს, შედგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, ლ.მ–ძის მიერ შპს-ის ანგარიშზე თანხები შეტანილია 2012 წელს, კერძოდ, აპრილის თვეში - 20 ლარი და 25050 აშშ დოლარი, მაისის თვეში - 25 050 აშშ დოლარი (სულ 20 ლარი და 50 100 აშშ დოლარი) ანუ, სესხის ხელწერილის დადებამდე სამი წლით ადრე (იხ. ს.ფ. 163-164, 171-186).
16.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, 2015 წლის 5 იანვარს, ლ.მ–ძის მიერ, მოსარჩელისგან 250 000 აშშ დოლარი სესხად აღებულ იქნა, თუ არა საწარმოს სახელით, რაც სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოშობდა თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
16.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, ა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ვინაიდან, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოთხოვნის უფლება. სადავო არ იყო, ლ.მ–ძისთვის ხელწერილში დაფიქსირებული თანხის გადაცემის ფაქტი, თუმცა იმ ფაქტის დადასტურება, რომ ლ.მ–ძემ 5.01.2015წ. ხელწერილის შედგენისას, როგორც ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა - დირექტორმა ნება გამოხატა, რომ შპს-ის სახელით აეღო სესხი - მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა.
16.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ლ. მ–ძემ სესხად აღებული თანხები საზოგადოების ანგარიშზე შეიტანა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ლ. მ–ძის მიერ, შპს-ის ანგარიშზე თანხები შეტანილია 2012 წელს, რაც წინ უსწრებდა 2015 წლის სესხის ხელწერილის შედგენას. ამდენად, ეს გარემოება ვერ იქნებოდა მიჩნეული სადავო ფაქტის დამადასტურებელ გარემოებად.
16.6. რაც შეეხება ხელწერილზე დასმულ საზოგადოების ბეჭედს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელწერილის შინაარსი არ შეიცავდა საეჭვო ან ბუნდოვან გამონათქვამებს და, გარდა ფიზიკური პირის მიერ ნების გამოვლენისა, არ იძლეოდა სხვაგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, კერძოდ, საწარმოსათან მიმართებით რაიმე სახის ვალდებულების აღებას, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხელწერილზე დასმული ბეჭედი ვერ ჩაითვლებოდა ამ ხელწერილში საზოგადოების სახელით ნების გამოვლენის დამადასტურებელ უდავო გარემოებად.
17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
17.2. კასატორმა თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთებისას იმთავითვე არასწორად განავითარა მსჯელობა დავის საგნის შესახებ, როდესაც გამოიკვლია 2015 წლის 5 იანვარს, ლ.მ–ძემ მოსარჩელისაგან 250 000 აშშ დოლარი სესხად აღებული თანხა მიიღო თუ არა შპს-ის სახელით, რაც სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოშობს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. არც სარჩელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, რომ სესხი აღებულ იქნა 2015 წლის 5 იანვარს. აღნიშნულ დროს ლ.მ–ძის მიერ აღიარებულიქნა წინა პერიოდებში საზოგადოების საქმიანობისთვის აღებული სესხი და იგი თვითონვე ადასტურებს, რომ სხვადასხვა დროს საწარმოსაგან სესხად აიღო 50-50 ათასი აშშ დოლარი. ამათგან, პირველი სესხად აღებული 50 000 აშშ დოლარი ოფიციალურად იქნა შეტანილი საწარმოს ანგარიშზე 2012 წელს და საქმეში არსებობს სათანადო მტკიცებულება, რასაც არასწორი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ. შემდგომში 100 000 აშშ დოლარის შპს-ის სახელით ვალის აღება კვლავაც ხელწერილით დაადასტურა ლ. მ–ძემ, თუმცა ეს ხელწერილი კასატორის მიერ პირველ ინსტანციაში არ იქნა წარდგენილი, რამდენადაც ბოლო ხელწერილი მოიცავს აღნიშნულ დავალიანებას და ამასთან, მოსარჩელისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მოპასუხე სადავოდ გახდიდა საზოგადოების დავალიანების არსებობას, როცა სწორედ ამ მიზნით დაამოწმა ვალის არსებობა საზოგადოების ბეჭდის დასმით და ამ დავალიანებას პირად საუბრებში ყოველთვის აღიარებდა.
17.3. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისთვის ან საქმიანობისთვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა მოცემულ დავასთან შეუსაბამოა, რადგან დასახელებული ნორმა განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობისთვის არ არის სავალდებულო ბეჭდის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში საწარმო ახორციელებს საქმიანობას, აქვს ბეჭედი და მისით ხელწერილის დამოწმება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სესხი სწორედ საზოგადოების საქმიანობისთვის იქნა აღებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნებოდა ლ.მ–ძის პირადი სესხი, ეს უკანასკნელი შემოიფარგლებოდა თავისი ხელმოწერით და არ იყო საჭირო ბეჭდის დასმა. ამიტომ შეუსაბამოა მოცემულ დავაზე ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენება.
17.4. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 341-ე მუხლით დადგენილი დანაწესი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება.
17.5. კასატორის განმარტებით, უდავოდ არის დადგენილი, რომ ლ.მ–ძე, რომელიც იყო შპს-ის დამფუძნებელი და დირექტორი, 2012 წლიდან მოყოლებული მოსარჩელისგან სესხად ღებულობდა თანხებს იმ პირობით, რომ საწარმო მალე დაიწყებდა საქმიანობას და მთლიან ვალს ერთად დააბრუნებდა. საბოლოოდ, 2015 წლის დასაწყისში, როცა დავალიანებამ 250 000 აშშ დოლარი შეადგინა და კვლავ საეჭვო გახდა ვალის დროულად დაბრუნება, საწარმოს დირექტორმა წერილობით აღიარა არსებული დავალიანება და აიღო ვალდებულება მის დაბრუნებაზე. აღნიშნული წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დამფუძნებლისა და დირექტორის უფლებამოსილებას, რაც არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
21. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლიდან გამომდინარეობს.
22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას (იხ. ამ განჩინების 16.2-16.6 ქვეპუნქტები) და დამატებით სამოქალაქო სამართალში არსებულ მტკიცების ტვირთზე მიუთითებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის მოთხოვნას იმ გარემოებას აფუძნებს, რომ ლ.მ–ძემ, როგორც მოპასუხე საწარმოს დირექტორმა კასატორისაგან ისესხა თანხა, რაც გამსესხებლისათვის არ დაუბრუნებია. მოსარჩელე თავის პოზიციას აფუძნებს ლ.მ–ძის ხელწერილზე, ამ უკანსკნელის მიერ საწარმოს ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, მოპასუხის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებაზე და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან 250 000 აშშ დოლარის სესხების ფაქტი, ხოლო სესხის გამსესხებლისათვის დაბრუნებას ვერ ადასტურებს მოპასუხე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებითა და მისი ახსნა-განმარტებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ კასატორისაგან თანხის სესხების ფაქტი. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. დასახელებული მუხლი ამკვიდრებს სტანდარტს ზეპირი სესხის ხელშეკრულების დასამტკიცებლად. მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება ან მოწმის ჩვენება ვერ გახდება სესხის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. სსკ-ის 624-ე მუხლი ირიბად მიუთითებს რაიმე წერილობითი მტკიცებულების არსებობაზე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასეთ მტკიცებულებად ვალის აღიარების ხელწერილს მიიჩნევს, თუმცა ამ ხელწერილში არ არის მითითება საწარმოს ვალდებულებაზე.
25. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში (ნიმუშები). ამდენად, ცხადი იყო, რომ კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა ხელმოწერას და არა ბეჭედს (შდრ. სუსგ #ას-952-910-2013, 27.01.14 წ.).
26. წინამდებარე განჩინების 17.3 ქვეპუნქტში ასახულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, ხელწერილზე მხოლოდ საწარმოს ბეჭდის არსებობის ფაქტით არ შეიძლება დადასტურდეს საზოგადოების მიერ მოსარჩელისაგან სესხის აღების ფაქტი, რადგან თავად ხელწერილის შინაარსი არ იძლევა იმგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რომ ლ.მ–ძემ დავალიანების არსებობა აღიარა, როგორც მოპასუხე შპს-ის დირექტორმა. ამასთან, არ არსებობს ლოგიკური და შინაარსობრივი კავშირი ლ.მ–ძის მიერ საწარმოს ანგარიშზე თანხების შეტანასა და მოსარჩელესთან საწარმოს შესაძლო სასესხო ურთიერთობას შორის, თანხები შეტანილია ხელწერილის დადებამდე 3 წლით ადრე, ხელწერილში ლ.მ–ძე აცხადებს, რომ მოსარჩელისაგან თავად ისესხა თანხა და დაბრუნებაც ივალდებულა.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
29. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ.ვ–ძის (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (გადახდის ქვითარი N21234532, გადახდის თარიღი 2019 წლის 13 აგვისტო), 70% –4200 (ოთხი ათას ორასი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე