საქმე №ას-1051-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ჭ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "დ.ს.კ.ი–ო" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,დ.ს.კ.ი–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ბ.ჭ–ძისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და ა.ხ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
1.1 მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 977.06 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სასამართლო ხარჯების გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ასევე, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და განმარტა, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისს, 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იყო მიწვეული, ამასთან, ამ უკანასკნელს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს სხდომის თაობაზე პირადად ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს/ფ 34).
5. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, პირველმა მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ უცნობებიათ.
8. კერძო საჩივრის ავტორმა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და განმარტა, რომ სატელეფონო შეტყობინების აქტი და აუდიოჩანაწერი გამოითხოვა სასამართლოდან, თუმცა, დღემდე არ ჩაჰბარებია (იხ. ტ.2, ს.ფ 50).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება კი, გაუქმდეს და საქმე იმავე სასამართლოს პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული საოქმო განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საჩივრის განუხილველად დატოვება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სასამართლოში შესაძლებელია დაიბარონ, როგორც ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი უწყებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებით - ტელეფონით, ფაქსით, ან სხვა საშუალებით. ამასთან, სასამართლო თვითონ ირჩევს კომუნიკაციის რომელი ფორმა გამოიყენოს მხარესთან ურთიერთობისას (იხ. სსსკ-ის 70-ე, 73-ე მუხლები).
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 372-ე მუხლზე, 387-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე, ასევე, იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: თუ სასამართლო სხდოხმაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული და განმარტავს, რომ აპელანტს, 2018 წლის 4 ივნისის სატელეფონო შეტყობინების აქტის (იხ. ტ.2, ს.ფ. 34) თანახმად, 2018 წლის 12 ივნისს, 16:00 საათზე ჩანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სათანადო წესით.
14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატელეფონო შეტყობინება საერთოდ არ მიუღია.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტზე, რომელიც 2018 წლის 4 ივნისს შედგა, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2019 წლის 12 აპრილის მიმართვაზე, რომლის თანახმად, სატელეფონო ზარის ჩანაწერი წერილში მითითებული ნომერზე - 579 .., 2018 წლის 4 ივნისს ვერ მოიძებნა. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება: ტელეფონის შემთხვევაში ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემი დრო აღინიშნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის (აპელანტის) ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მას წერილობით წარდგენილ შესაგებელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე - 579 ...., სასამართლოდან არ ჩაბარებია უწყება სასამართლოს სხდომის
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტის ნომერზე სატელეფონო შეტყობინების აქტის შედგენის დღეს სასამართლოდან არ დაურეკავთ, რაც ქმნის კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის მიმართ ობიექტურ რწმენას და წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას გასაჩივრებული განჩინების მოტივების გასაბათილებლად.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ხელისშემშლელი გარემოება - აპელანტს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვრები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ჭ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ბ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივრის განსახილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე