საქმე №ას-1164-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ა–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან შემსყიდველი) და შპს „ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან მიმწოდებელი) შორის, 2015 წლის 7 ივლისს, ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1.1.9/30/116 ხელშეკრულება, ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 051 200 ლარით (იხ. ტ. 1, ს. ფ. 16-20).
2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა იყო - ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად-არა უგვიანეს 2015 წლის 15 ნოემბრისა.
3. ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ჩაითვლებოდა ორმხრივ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
4. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ობიექტის ან/და ნაწილის მიღება გაფორმდებოდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველის (მე-7 მუხლის 7.2 პუნქტში გათვალისწინებული პირების) და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
5. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებდნენ: ტექნიკური ზედამხედველობის ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.
6. ხელშეკრულების 10.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების (მათ შორის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების) დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისთვის დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%.
7. მხარეებს შორის 2015 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების აქტი, რომლითაც შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა 2015 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა (ტ. 1, ს. ფ. 31).
8. მხარეეებმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2015 წლის 30 დეკემბერს გააფორმეს, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 7 (შვიდი) დღით დაგვიანებით (ტ. 1, ს.ფ. 33).
9. ზემოაღნიშნული ვადის გადაცილებისთვის მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%, 7 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც საერთო ჯამში 14 716.80 ლარია. დასახელებული თანხა, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს არ გადაუხდია.
10. სარჩელის საფუძვლები
10.1. შემსყიდველმა 2018 წლის 24 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, პირგასამტეხლოს - 14 716.8 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
10.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-9 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დადგენილ ვადაში შეასრულა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა 7 დღის დაგვიანებით. ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მხრიდან, 7 დღის ვადის გადაცილებისთვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა.
12.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 361-ე, მე-400, 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
13. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. მოსარჩელემ თავის სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნები წინააღმდეგობაშია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპთან. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციაზე - თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი დამატებითი მოქმედებები. სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა და არ მიუთითა, თუ რა კონკრეტული გარემოებები მიიჩნია პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად“ მიჩნევის ფაქტობრივ საფუძვლად.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და აღნიშნა, რომ სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა არაჯეროვანი შესრულებისთვის.
14.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მითითებას აკეთებს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
14.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომიკურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
14.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც განსახილველ შემთხვევაში, დღეში 2102.40 ლარს შეადგენს (7 დღეში 14 716.80 ლარი). სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში, მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, თუ რა ეკონომიკური ან სხვაგვარი ლეგიტიმური ინტერესი გააჩნდა ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (დღეში 2102.40 ლარი).
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
15.2. კასატორმა თავის საკასაციო საჩივარში გაიმეორა სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზია (იხ. ამ განჩინების 13.2 ქვეპუნქტი) და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლება და მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგება სსკ-ით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით მიიჩნია სასამართლომ აპელანტის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრულად.
15.3. კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მისი მოთხოვნის სრული დაცვით. მაშასადამე, კასატორის მიერ პირგასამტეხლოს თანხის დაანგარიშება განხორციელდა არა ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების, არამედ მოპასუხე მხარესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც დადასტურებულია აღნიშნულ ხელშეკრულებაში ორივე მხარის ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ წინასწარ იცოდა, თუ რა ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრებოდა დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას შეეხება.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
25. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ გულისხმობს სასამართლოს მიერ უპირობოდ, ყველა შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით, ასევე, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით, ამომწურავად იმსჯელა (იხ. წინამდებარე განჩინების 14.3-14.5 ქვეპუნქტები).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასმაართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
28. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
29. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
31. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე