Facebook Twitter

საქმე №ას-1183-2019 13 დეკემბერი, 2019 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – მ.კ–ი, ფ.კ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი-....., (შემდეგში: უძრავი ქონება) მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე ხ.მ–ძეა (შემდეგში: მესაკუთრე ან მოსარჩელე;იხ. ამონაწერი, ს.ფ. 31-32).

2. უძრავ ქონებას ფლობენ მ.კ–ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) და ფ.კ–ი (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მოსარჩელემ 2017 წლის 16 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

3.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

4. მოპასუხეთა შესაგებელი

4.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში სადავო ბინა დარეგისტრირდა უცილოდ ბათილი (არარა) გარიგების საფუძველზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

5.2. საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე, 74-ე, 207.1, 230-ე, 233-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

5.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 16 ივლისს 12:00 საათზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები. სასამართლოს სხდომის ადგილისა და დღის თაობაზე მოპასუხეთა წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სსსკ-ით დადგენილი წესით.

6. საქალაქო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6.2. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 241-ე, 215.3, 70-78-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

7.2. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეების გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სხდომის დღის შესახებ მოპასუხეების ინფორმირება მოხდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მოპასუხეთა მიერ შეგებებული სარჩელი და შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინებაზე კერძო საჩივარი იქნებოდა წარდგენილი. კანონის თანახმად, კერძო საჩივარი, წარდგენიდან 5 დღის ვადაში, ანუ 12 ივლისამდე, საქმესთან ერთად სააპელაციო სასამართლოში უნდა გადაგზავნილიყო, რის გამოც მოპასუხეები (კერძო საჩივრის ავტორები) 2018 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. სასამართლომ ისე ჩაატარა სხდომა, რომ მოპასუხეები არ გააფრთხილა საქმის ზემდგომ სასამართლოში გადაუგზავნელობისა და სასამართლო სხდომის ჩატარების შესახებ. მოპასუხეები არც იმის შესახებ იყვნენ გაფრთხილებული, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2018 წლის 27 ივნისს მოპასუხეებმა წარმოადგინეს არა დაზუსტებული სარჩელი, არამედ შეგებებული სარჩელი, რომლის მიღების საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს არ უნდა განეხილა ძირითადი (თავდაპირველი) სარჩელი. შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეები 2018 წლის 16 ივლისს დანიშნული სხდომის შესახებ და გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყვნენ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეები დანიშნულ დროს არ გამოცხადდნენ სხდომაზე, ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.

8.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებმა მათ წინააღმდეგ გამოტანილ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითეს ის გარემოება, რომ, მართალია, ისინი 2018 წლის 16 ივლისის სხდომის თაობაზე დადგენილი წესით ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მათ 2018 წლის 6 ივლისს წარადგინეს შეგებებული სარჩელი, ჰქონდათ მოლოდინი, რომ კერძო საჩივარი გადაიგზავნებოდა ზემდგომ სასამართლოში და 2018 წლის 16 ივლისს სასამართლო სხდომა აღარ ჩატარდებოდა, ან აღნიშნულის თაობაზე ისინი დამატებით იქნებოდნენ ინფორმირებულნი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორების მიერ ზემოთ მითითებული გარემოება, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და განმარტა, რომ სსსკერთ-ერთი მხარის მიერ კერძო საჩივრის წარმოდგენას არ განიხილავს სასამართლო სხდომის გადადების კანონისმიერ საფუძვლად და ამ მიმართებით არც მხარეთა დამატებითი ინფორმირების აუცილებლობას ადგენს. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო აპელანტების არგუმენტი, რომ მოპასუხე მხარეს საქმის განხილვის გადადების ლეგიტიმური მოლოდინი ჰქონდა.

8.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს 2018 წლის 16 ივლისს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო საპროცესო ნორმების დაცვით.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. აპელანტებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

9.2. კასატორებმა თავიანთ საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის განხილვის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, რაც არსებითი პროცესუალური დარღვევაა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სწორედ იმაზე იყო დამყარებული, რომ საქმეზე გადაწყვეტილება არ უნდა გამოტანილიყო შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების გადაწყვეტის გარეშე.

9.3. კასატორებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება არასრული იყო იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დადგინდა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ძირითადი სარჩელის განხილვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მოპასუხეთა გაუფრთხილებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი აპელანტების შესაბამის პრეტენზიას შეიცავდა, მაგრამ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ამ პრეტენზიაზე არ უპასუხია.

9.4. საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები (იხ. ამ განჩინების 8.2 ქვეპუნქტი).

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია. კასატორთა პრეტენზია, რომ სასამართლოს ჯერ შეგებებული სარჩელის ბედზე უნდა ემსჯელა და შემდეგ უნდა განეხილა სარჩელი, ვერ გახდება მოპასუხეთა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რადგან მხარეები ვალდებულნი არიან სასამართლო განხილვაზე გამოცხადდენ და იქ გამოთქვან საქმის განხილვასთან დაკავშირებული პრეტენზიები თუ შუამდგომლობები.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხეთა (ან მათი წარმომადგენლის) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მათ სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებიათ. ამასთან, მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სხდომის თაობაზე მათთვის ცნობილი იყო. აღნიშნული, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.

17. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლსა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.

19. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას, რომ მათ ეგონათ თითქოს სხდომა სხვა დროისთვის გადაიდებოდა. დასახელებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო, ობიექტურ მიზეზად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან აღნიშნული, სსსკ-ის 215-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას არ აკმაყოფილებს.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 230-ე მუხლის თანახმად, ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

23. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა ამ განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

25. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

27. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები #ას-1068-2019, 22.10.2019 წ., #ას-920-2019, 27.11.19 წ., #ას-1956-2018, 24.05.19 წ., #ას-496-2019, 03.05.19 წ.).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ის და ფ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.კ–ს (პ/ნ .....) და ფ.კ–ს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, გ.ფ–ას (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N8619283699, გადახდის თარიღი 2019 წლის 31 ოქტომბერი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე