Facebook Twitter

საქმე №ას-1261-2019 6 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.წ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.შ–ძე, დ.ა–ი, ს.შ–ძის უფლებამონაცვლე მ.შ–ძე (მოპასუხეები)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ნ.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.წ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.შ–ძის, დ.ა–ისა და ს.შ–ძის (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს საოქმო განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად საქმეში ჩაება ნ.კ–ი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხე ს.შ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.შ–ძე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2018 წლის 30 ნოემბერს.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 14 დეკემბერს. მოსარჩელემ კი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 17 დეკემბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, რადგან მას გადაწყვეტილება ჩაბარდა 2018 წლის 30 ნოემბერს, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან, 2018 წლის 1 დეკემბრიდან. მე-14 დღე (2018 წლის 14 დეკემბერი) იყო პარასკევი. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ორშაბათს, ე.ი. 2018 წლის 17 დეკემბერს წარედგინა სააპელაციო საჩივარი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

16. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის იმპერატიულ ვადას – 14 დღეს და ადგენს, რომ აღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყება მხარისათვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

17. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ პირადად ჩაიბარა 2018 წლის 30 ნოემბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 311).

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების მოსარჩელისთვის ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2018 წლის 1 დეკემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 14 დეკემბერს. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2018 წლის 17 დეკემბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 312-320), კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ, რადგან 2018 წლის 14 დეკემბერი იყო პარასკევი, მას უფლება ჰქონდა სააპელაციო საჩივარი წარედგინა ორშაბათს, 2018 წლის 17 დეკემბერს.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის უკანასკნელი დღე, 2018 წლის 14 დეკემბერი (პარასკევი) იყო სამუშაო დღე. შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის (თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე) გამოყენების წინაპირობები და მხარეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა 2018 წლის 14 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე შეეძლო.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე