Facebook Twitter

საქმე №ას-1643-2019 10 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.დ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.დ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარერობაში გადაცემის შესახებ. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას თაობაზე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ნივთი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ფაქტობრივად იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, რომელიც ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წარმოადგენს ნივთის მართლზომიერ მფლობელს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება წარმოადგეს მოსარჩელის საკუთრებას.

7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული სამართალურთიერთობა ეხება მესაკუთრის პრეტენზიას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.

9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არამართლზომიერად აქვს დაკავებული მოპასუხეს.

10. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო სამი წინაპირობიდან ორი, კერძოდ, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოპასუხე კი მის უძრავ ქონებას ფლობს, გადადის მესამე ელემენტის დადგენაზე და გამოიკვლევს, აპელანტ მხარეს გააჩნდა, თუ არა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებით შეზღუდულიყო. ამასთან, არც უფლებრივი შებოჭვისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველი არ დადასტურდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერი საფუძვლის გარეშე.

11. სსკ-ის 168-ე მუხლისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

12. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

13. საქართველოს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინა, რომლითაც მისი საკუთრების უფლებაა გარანტირებული. რაც შეეხება მესამე ელემენტს – ნივთის ფლობას, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის მისი ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება (მართლზომიერი მფლობელი, მესაკუთრე). საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებენ.

14. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაზე არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. ამასთანავე, პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ბუნდოვანია, არ შეიცავს მკაფიო და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ პოზიციებს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. აპელანტის მიერ ზოგადი და ზეპირსიტყვიერი განმარტებები, სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა გამართულიყო სხდომა 2019 წლის 25 სექტემბერს, რის შესახებაც ეცნობა აპელანტს, რომელმაც 2019 წლის 19 სექტემბრამდე – ზეპირი მოსმენის გამართვამდე წარადგინა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობა არ განუხლავს და 2019 წლის 25 სექტემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითებული წარდგენილი შუამდგომლობის შესახებ. ასევე აპელანტს არ მიუღია შუამდგომლობის პასუხი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. აპელანტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა პირდაპირ კავშირშია სასარჩელო მოთხოვნასთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში უნდა მომხდარიყო ჯერ შუამდგომლობის განხილვა, ხოლო შემდგომ სასამართლოს უნდა ემსჯელა სააპელაციო მოთხოვნაზე.

17. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზოგადი და შაბლონურია. სააპელაციო პალატამ მიუთითა უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომ ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად კუმულატიურად სამი პირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ვინაიდან სასამართლომ არ განიხილა აპელანტის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ, ამ სამი პირობის გამოკვლევა მატერიალურად ფორმალური ხასიათისაა. უდავოა, რომ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2018 წლიდან მოსარჩელე ფორმალურად იმ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა, რომელთანაც მას არავითარი სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა და არასდროს არ ფლობდა, ხოლო მოპასუხეს ამ ნივთის ფლობის უფლება ჰქონდა 18 წლის განმავლობაში სრულიად კანონიერად, რამდენადაც 2000 წლიდან 2018 წლამდე ეს ბარაკული ტიპის ბინა დასანგრევ ფართს წარმოადგენდა. ყველა მაცხოვრებელი ამ ბინაში ფაქტობრივი მფლობელობით, ამხანაგობის გადაწყვეტილებით გახდა მესაკუთრე, რომლის წევრი მოპასუხეცაა. მოპასუხის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართთან დაფუძნებულ ამხანაგობასთან მოსარჩელეს არავითარი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია, რაც პირადად გულწრფელად განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სამ პირობას. საქმე უპრეცედენტო ხასიათისაა. დავის ობიექტური განხილვისათვის სასამართლო ვალდებული იყო, შეეჩერებინა საქმის წარმოება სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2019 წლის 16 დეკემბერს იხილებოდა №3/4955-19 საქმე მოპასუხის სარჩელის გამო, მოპასუხეები არიან საბურთალოს რაიონის გამგეობა და ქ. თბილისის მუიციპალიტეტის მერია, ასევე, მესამე პირად ჩაბმულია მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენს სადავო ნივთს მესაკუთრეს. გასაჩივრებულია ადმინსტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს სადავო ფართის საკუთრება წარმოეშვა. კასატორმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, შეეჩერებინა საქმის წარმოება, რათა განხორციელებულიყო მოპასუხის კონსტიტუციური უფლებები. მოპასუხე 18 წლის მანძლზე ფლობდა სახლს კანონიერად. მან არასაცხოვრებელი ფართი აქცია საცხოვრებელ სახლად, ამისათვის დახარჯა ამ სახლის ღირებულების ოდენობის თანხა და იმ ღირებულებების მესაკუთრეა, რაც მან შექმნა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

22. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, რომ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე. მას ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერ საფუძველზე მან ვერ მიუთითა.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)

26. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

27. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

29. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

30. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

31. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

32. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

34. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

35. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

36. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მან სასამართლოს ვერ წარუდგინა.

37. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ სადავო ფართის გაუმჯობესებაზე მან გასწია ხარჯი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი მოცემული დავის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება, რადგან მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით – დამოუკიდებელი ან შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით, შესაძლო გაწეული ხარჯის ანაზღაურება არ მოუთხოვია.

38. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

39. მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა მხარემ დაასაბუთა იმით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2019 წლის 16 დეკემბერს იხილებოდა №3/4955-19 საქმე მოპასუხის სარჩელის გამო, სადაც მოპასუხეები არიან საბურთალოს რაიონის გამგეობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, მესამე პირად ჩაბმულია მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენს სადავო ნივთს მესაკუთრეს. გასაჩივრებულია ადმინსტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს სადავო ფართის საკუთრება წარმოეშვა.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში სარჩელი მიმართულია არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირების – საბურთალოს რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ (ს.ფ 177-178).

41. ზემოაღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა.

42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ.მ–ძის მიერ 2019 წლის 3 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ლ.დ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. კასატორ ლ.დ–ძეს (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ.მ–ძის მიერ 2019 წლის 3 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი