საქმე №ა-2158-ბ-17-2019 5 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ ზ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.კ. ''п." (მოსარჩელე)
განმცხადებელთა მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების შეჩერება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს.კ. ''п." 2018 წლის 14 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N2-653-/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ითხოვა, ზ.ა–ის წინააღმდეგ.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ს.ს.კ. ''п."-ს შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ს.ს.კ. ''п."-ს შუამდგომლობა ზ.ა–ის მიმართ დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N2-653-/15 გადაწყვეტილება, რომლითაც: ს.ს.კ–სა ''п." და ზ.მ. ძე ა–ს შორის 2013 წლის 4 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა; ზ.ა–ს ლ.ა–სა და ო.ვ–თან ერთად საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივის ''п." სასარგებლოდ 2 431 223.43 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა - 1 703 000.39 რუბლი, პროცენტი - 483 485.93 რუბლი და ჯარიმა - 244 737.11 რუბლი; ზ.ა–ს ლ.ა–სა და ო.ვ–თან ერთად ს.ს.კ–ის ''п." სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 6 785.37 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.
4. 2019 წლის 6 მაისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ.ა–ის წარმომადგენელმა დ.ხ–მა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
5. დასახელებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით განმცხადებელმა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება მოითხოვა უზრუნველყოფის სახით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სააღსრულებო წარმოების შეჩერებას იმ საფუძვლით, რომ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების საფუძველი, რის შემდეგაც შესაძლებელია, ეს განჩინება გაუქმდეს და შემდგომში სასამართლომ მის წინააღმდეგ წარდგენილი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს.
7. სსსკ-ის 432-ე მუხლის მიხედვით, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა და ამ განცხადების განსახილველად მიღება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ განმცხადებლის შუამდგომლობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რის შესახებაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება იმ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, რომლის ბათილობას ან გაუქმებასაც შეეხება განცხადება. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით შეიძლება გარკვეული ზიანი მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს აღსრულების შეჩერების მომთხოვნი მხარისაგან, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, შესაბამის გარანტიებს.
9. სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც სსსკ-ის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. მაგალითად, მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია მიიღოს განჩინება სარჩელისა და, მათ შორის, ჯერ კიდევ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მხარემ განიცადა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. ამავე დროს, სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს და მხარეს, რომელმაც ასეთი უზრუნველყოფა მოითხოვა, თავის მხრივ, შეიძლება დააკისროს იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ. უზრუნველყოფის საპროცესო საშუალებად მიჩნეულია ფულადი ან ფასიანი ქაღალდების დადება, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით. მან იმავდროულად უნდა შესთავაზოს სასამართლოს გარანტია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველჰყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებით, ვთქვათ - სარჩელის უზრუნველყოფით. მხარე, რომელიც მოითხოვს, მაგალითად, სარჩელის უზრუნველყოფას, ვალდებულია მიუთითოს, თუ რას სთავაზობს იგი სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა შესაძლებელია განიცადოს. თუ მხარე ამ მოვალეობას არ ასრულებს, მისი მოთხოვნა, საპროცესო მოქმედების შესრულებაზე, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 432-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ა–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების (სააღსრულებო წარმოება #A19051758) შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე