Facebook Twitter

№ას-904-870-2016 29 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.უ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – დისციპლინური სასჯელის გაუქმება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.უ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2009 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, სააგენტო ან დამსაქმებელი), წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა დუშეთის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის თანამდებობაზე (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 56. ტ.1), ხოლო 2014 წლის 3 იანვრიდან - მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრში უფროსი სოციალური მუშაკის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 800 ლარია (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 158. ტ.2).

2. სააგენტოს საკოორდინაციო ცენტრის უფროსის 2014 წლის 2 მაისის #7/კ ბრძანებით, მოსარჩელეს დუშეთის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მოვალეობის შესრულება დაევალა, რომელსაც 2014 წლის 1 დეკემბრამდე ასრულებდა (იხ. ბრძანებები, ს.ფ.. 37-38. ტ.1).

3. დამსაქმებლის 2015 წლის 8 ივლისის #04-27/დ ბრძანებით, „სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის #04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 8 აპრილის სხდომის #5 ოქმის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27#190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლისა და სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 16 ივლისის #566 ბრძანებით დამტკიცებული „ სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის შინაგანაწესის“ მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოსარჩელეს გამოეცხადა შენიშვნა და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 10% (შემდეგში - სადავო ბრძანება), (იხ. ბრძანება, ს.ფ. 17-18.ტ.1).

4. 2015 წლის 7 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ დისციპლინური სახდელი დაეკისრა არასრულწლოვნის მინდობით აღზრდის პროცედურების დარღვევისა და მინდობით აღსაზრდელის მიერ 2013-2014 სასწავლო წლებში მომდევნო კლასში გადასასვლელი გამოცდის ჩაუბარებლობისა და იმავე კლასში ჩარჩენის გამო. მისი მითითებით, არასრულწლოვნის მინდობით აღზრდის პროცესს მეთვალყურეობდა სოციალური მუშაკი, რომელსაც დროდადრო სკოლიდან წარედგინებოდა წერილობითი ინფორმაცია არასრულწლოვნის მიერ სწავლის გაუმჯობესების შესახებ, როგორც კი, გაიგო არასრულწლოვნის კლასში ჩარჩენის შესახებ, დაიწყო ამ საკითხის კვლევა. მოსარჩელის მტკიცებით, მისთვის წარდგენილი პრეტენზია, რომ მინდობით აღმზრდელის ოჯახში ე.წ. სველი წერტილების გაუმართავი იყო და ამ პერიოდში გაიცა მასთან მინდობით აღზრდის ხელშეკრულების დადების რეკომენდაცია, უსაფუძვლოა, ვინაიდან კანონმდებლობით არ არის დადგენილი მიმღები ოჯახის თუ რა მატერიალური და საცხოვრებელი პირობებია მინდობით აღზრდის დამაბრკოლებელი გარემოება.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ სოციალური მუშაკი ვალდებულია, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მიმართ გამოიჩინოს ჯეროვანი ყურადღება და დაინტერესდეს მისი აკადემიური მოსწრებით, რაც მოსარჩელემ უგულებელყო და ბავშვის ინტერესები უხეშად დაარღვია.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ; მოპასუხეს 80 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 317.1, 361.2, 54-ე, 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, სშკ-ის მე-2, 6.5, მე-13, 6.9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის #51/ნ ბრძანება გამოიყენა.

7. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე არ იყო არასრულწლოვნის მინდობით აღზრდის პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი მუშაკი. პალატის განმარტებით, სწორედ მოსარჩელის კვლევებისა და რეკომენდაციის საფუძველზე განთავსდა არასრულწლოვანი მიმღებ ოჯახში, თუმცა 2013 წლის 14 მაისიდან აღსაზრდელის მონიტორინგი დაევალა სხვა სოციალურ მუშაკს და სწორედ ამ დროს, 2013-2014 სასწავლო წელს, ვერ შეძლო არასრულწლოვანმა გამოცდების ჩაბარება და დარჩა მე-9 კლასში. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში მოსარჩელის - როგორც სოციალური მუშაკის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილებაში არასრულწლოვნის მინდობით აღზრდაზე დაკვირვება არ შედიოდა და, ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულების გამო, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ არსებოდა.

8.2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება, რადგან სოციალური მუშაკის მიმართ უფროსი სოციალური მუშაკის ზედამხედველობა გულისხმობდა შემოწმებას: სოციალური მუშაკი მინდობით აღზრდაში მყოფ პირს რამდენად აკვირდებოდა, აგროვებდა თუ არა ინფორმაციას მინდობით აღზრდის შესახებ, სათანადოდ მეთვალყურეობდა თუ არა მინდობით აღზრდის პროცესს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, რაიმე დარღვევის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისად მოქმედებდა, თავის მხრივ კი, სოციალური მუშაკის უფლებამოსილებას წარმოადგენდა ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასება, მომსახურების საჭიროების განსაზღვრა, ზრუნვის ფორმის დაგეგმვა, ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება და მინდობით აღზრდის მიმდინარეობაზე დაკვირვება. ქცევითი, აკადემიური მოსწრების, ფიზიკური და გონებრივი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის საჭიროებისამებრ სპეციალისტებთან გადამისამართება. ამდენად, მოსარჩელეს, როგორც უფროს სოციალურ მუშაკს, სოციალური მუშაკის ანგარიშიდან უნდა შეეტყო სასწავლო პერიოდში არსებული პრობლემის თაობაზე, რასაც 2014 წლის ოქტომბრამდე, სოციალური მიშაკის მიერ წარდგენილი ანგარიშები არ ასახავდა (იხ. ს.ფ. 38-58. ტ.2) და მხოლოდ 2014 წლის 29 ოქტომბრის ანგარიშში იქნა მითითებული, რომ არასრულწლოვანს საშემოდგომო გამოცდის ჩაბარება მოუწია 4 საგანში, რომელთაგან ორში ვერ გადაალახა მინიმალური ზღვარი და ჩარჩა კლასში. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სწორედ მოსარჩელემ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს და დაიწყო ამ საკითხის გამოკვლევა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებითაც გამორიცხავდა მოსარჩელის ბრალეულობას.

8.3. პალატამ უარყო აპელანტის მსჯელობა, რომ მოსარჩელე, როგორც უფროსი სოციალური მუშაკი, ვალდებული იყო, გაერკვია და დაედგინა სოციალური მუშაკის დასკვნების სარწმუნოობა. პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ უფროსი სოციალური მუშაკის სამუშაოს აღწერილობაში მითითებული არ არის სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების ფუნქციის შესახებ. შესაბამისად, უფროსი სოციალური მუშაკის უფლებამოსილებაში არ შედიოდა სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება, რადგან ეს გამოიწვევდა მათი ფუნქციების დუბლირებას. პალატის დასკვნით, უფროსი სოციალური მუშაკის ძირითადი საქმიანობა სოციალური მუშაკის მიერ მისი საქმისწარმოების მონიტორონგია, რაც არ გულისხმობდა ყოველთვიურ ვიზიტებს და ამ გზით სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობას.

8.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არასრულწლოვნისთვის მინდობით აღზრდის დედობილის სტატუსის მინიჭების პროცესშიც მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობები არ დაურღვევია, რადგან მის მიერ შედგენილ დასკვნაში მითითებულ იქნა, რომ მიმღები ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს (სამზარეულოსა და სააბაზანოში), მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებმა კომისიამ ეს გარემოება მიმღებ ოჯახად რეგისტრაციისათვის შემაფერხებელ გარემოებად არ მიიჩნია.

9. განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ დაარღვია შრომის ხელშეკრულების პირობები (სამუშაოს აღწერილობა), რადგან, როგორც უფროსი სოციალური მუშაკი სათანადოდ არ აკვირდებოდა არასრულწლოვნის მინდობით აღზრდის პროცესის მიმდინარეობას, კერძოდ, იგი ვალდებული იყო, გაერკვია და დაედგინა სოციალური მუშაკის დასკვნის სარწმუნოობა.

9.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დედობილსა და შვილობილს შორის ურთიერთობა მეტნაკლებად დაძაბული იყო და ოჯახში არსებული პირობებიც არადამაკმაყოფილებელი. ამასთან, უფროსი სოციალური მუშაკისათვის საერთოდ უცნობი იყო ბავშვის აკადემიური ჩამორჩენილობის შესახებ და მან ეს სკოლის ადმინისტრაციისგან შემთხვევით შეიტყო, რაც მისი მხრიდან უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელების დასტურია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. მოსარჩელის მოთხოვნა დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურებაა. ეს მოთხოვნა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და მეორე (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) ნაწილებიდან, ამავე კოდექსის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად დაედო არასრულწლოვნის მინდობით აღზრდის პროცესში გამოვლენილი დარღვევები, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო გაერკვია და დაედგინა სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული დასკვნის სისწორე.

16. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს, ვინაიდან, როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, უფროსი სოციალური მუშაკის სამუშაოს აღწერილობაში მითითებული არ იყო და შესაბამისად, მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება. სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება უფროს სოციალურ მუშაკს ევალება იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ ინფორმაციაში აღმოაჩენს რაიმე დარღვევას, უზუსტობას და გაჩნდება ეჭვის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსმა სოციალურმა მუშაკმაც იგივე უნდა მოიმოქმედოს, რაც სოციალურმა მუშაკმა, ეს კი, მათი ფუნქციების დუბლირებას გამოიწვევს. შესაბამისად, არასრულწლოვნის მინდობით აღზრდის პროცესში გამოვლენილი დარღვევები მოსარჩელეს, რომელიც უფროსი სოციალური მუშაკია, ბრალად ვერ შეერაცხება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ დამსაქმებელი ვალდებული იყო, დისციპლინური სახდელი მართლზომიერად/მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეყენებინა, თუ დასაქმებული დაარღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, განსახილველ შემთხვევაში კი, ასეთი ფაქტი არ დგინდება. ამდენად, რაკი მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ხელფასის დაკავების მართლზომიერება, იგი ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-1236-1159-2015, 03.02.2016).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი