Facebook Twitter

№ას-931-896-2016 31 იანვარი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ი–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქალაქ ბათუმის მერიასა (შემდეგში - შემკვეთი, შემსყიდველი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ი–ს“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2014 წლის 22 აგვისტოს დაიდო #190 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; იხ. ს. ფ. 8-19), რომლის მიხედვით, მენარდეს უნდა უზრუნველეყო სპორტული მოედნების მოწყობა, სახელდობრ: ქალაქ ბათუმში, ....., სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში; ..... ეზოს მიმდებარედ, მოზრდილი სპორტული მინიმოედნის მოწყობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის მანძილზე. ხელშეკრულების ღირებულება - 199 184,99 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა 2014 წლის 24 დეკემბრამდე განისაზღვრა.

2. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა შესასრულებელი ვალდებულების 0.5%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. ქალაქ ბათუმში, .... ეზოს მიმდებარედ, მოზრდილი სპორტული მინიმოედნის მოწყობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე ადრე დასრულდა.

4. ქალაქ ბათუმში, .....ჩიხში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა და .... ეზოს მიმდებარედ, სპორტული მინიმოედნის მოწყობა დასრულდა და შემსყიდველს 2014 წლის 28 ოქტომბერს ჩაჰბარდა (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 22-28).

5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2014 წლის 20 ოქტომბრის შეთანხმებით, დგინდება, რომ სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოებთან მიმართებით, მშენებლობაზე გამოსაყენებელი სამშენებლო მასალის/ლითონის მილიკვადრატის ზომებში, საპროექტო ორგანიზაციის მიერ დაშვებულია შეცდომა. წარდგენილი იქნა კორექტირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. ამის გათვალისწინებით ცვლილება შევიდა #190 ხელშეკრულებაში და ღირებულება - 197 741.14 ლარით განისაზღვრა, ამასთან, ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სპორტული ტრენაჟორების მოწყობის ღირებულება - 59724.53 ლარით, ხოლო ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N57-59-61 ეზოს მიმდებარედ, მოზრდილი სპორტული მინიმოედნის მოწყობის ღირებულება - 138016.61 ლარით განისაზღვრა (იხ. ს.ფ. 31-32).

6. 2015 წლის 7 მაისს, მოსარჩელემ წერილი გაუგზავნა მოპასუხეს, რომლითაც მან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება მოითხოვა.

7. შემკვეთის 2015 წლის 11 მაისის საპასუხო წერილის მიხედვით, ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები მიმწოდებლის მიერ 35 დღის დაგვიანებით შესრულდა, შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც პირგასამტეხლოში ჩაითვალა (იხ. ს.ფ. 30).

8. 2015 წლის 24 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 34 604.84 ლარის, ზიანის - 7640 ლარისა და ვადაგადაცილებისათვის -2906 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და იმავე გარემოებაზე მიუთითა, რაზეც 11.05.2015 წლის წერილში უთითებდა.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 34 604.84 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 629-ე, 648-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 408-ე და 411-ე მუხლები გამოიყენა.

11. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ სააპელაციო წესით, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაო ღირებულების - 33 559,74 ლარის გადახდა დაეკისრა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებით, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება - 197741.14 ლარით განისაზღვრა, ასევე დაზუსტდა, რომ ამ თანხიდან, ქალაქ ბათუმში, ..... სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა - 59724.53 ლარს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 2014 წლის 20 ოქტომბრის შეთანხმებით მხარეებმა ცალკე გამოყვეს ქალაქ ბათუმში, ...... სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოების ღირებულება, თუმცა, როგორც შეთანხმებიდან ირკვევა, ცვლილება შევიდა არა მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულებაში, არამედ დადგინდა, რომ საპროექტო ორგანიზაციამ დაუშვა შეცდომა, მშენებლობაზე გამოსაყენებელი სამშენებლო მასალის/ლითონის მილკვადრატის ზომებშიც, რაც შემკვეთმა გამოასწორა და წარდგენილ იქნა კორექტირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

12.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, პირგასამტეხლო, 0,05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის არა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #190 ხელშეკრულებით გათვალისწინებული - 197741.14 ლარიდან, არამედ, ქალაქ ბათუმში, ...... სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულების - 59724.53 ლარის 0,05%-29,86 ლარით უნდა განსაზღვრულიყო, რაც 35 დღეზე -1045,10 ლარია.

12.3. უდავოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა სრულად შეასრულა, თუმცა ვადის გადაცილებით და შესრულებული სამუშაოსათვის გათვალისწინებული თანხებიდან - 34604,84 ლარი არ მიუღია. ამასთან, ვადაგადაცილებისათვის დამკვეთის მიერ მიმწოდებლის მიმართ პირგასამტეხლოს თაობაზე წარდგენილი პრეტენზია - 1045,10 ლარზე საფუძვლიანია, ამასთან, ორივე მხარის მოთხოვნის შესრულების ვადაც მოსულია, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ეს მოთხოვნები ურთიერთგასაქვითია (34604,84-1045,10=33559,74).

13. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

13.1. კასატორის მტკიცებით, მიმწოდებლის მხრიდან შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულების ფასის 0.5%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამ ჩანაწერით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე არა იმის მიხედვით, თუ რომელი სამუშაო შესრულდებოდა ვადაგადაცილებით, არამედ სახელშეკრულებო ფასიდან - 197 741,14 ლარიდან. უდავოა, რომ ეს პუნქტი არ შეცვლილა და მის შინაარსთან მიმართებით არც რაიმე პრეტენზია არ წარდგენილა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. მოსარჩელის მოთხოვნა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლს ეფუძნება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მენარდემ - 34604.84 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, შესაბამისად, მას აქვს უფლება შემკვეთისგან მოითხოვოს მითითებული თანხის ანაზღაურება. შემკვეთის შესაგებელი იმას ეფუძნება, რომ რაკი მენარდემ სამუშაო დაგვიანებით შეასრულა, მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რაც მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში უნდა გაიქვითოს. შემკვეთის ეს უფლება სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლებიდან გამომდინარეობს.

20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ პირგასამტეხლო არა ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 59724.53 ლარიდან, არამედ მთლიანი სახელშეკრულებო ფასიდან - 197 741,14 ლარიდან უნდა დაანგარიშდეს.

21. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გაანგარიშება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ. #ას-164-160-2016წ, 28.07.2016წ; #ას-581-2019, 31.07.2019წ).

22. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. ას-144-140-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება)“. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა - 1045,10 ლარია.

23. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებაც, რომ, ვინაიდან მენარდემ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა ვადის გადაცილებით და შესრულებული სამუშაოსათვის გათვალისწინებული თანხიდან - 34604, 84 ლარი არ მიუღია, ამასთან, ვადაგადაცილებისათვის მენარდის მიმართ წარდგენილი შემკვეთის პრეტენზია პირგასამტეხლოს - 1045,10 ლარის შესახებ საფუძვლიანია და მოთხოვნების შესრულების ვადაც მოვიდა, მოთხოვნები უნდა გაქვითულიყო სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) და 444-ე (თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე) მუხლების საფუძველზე, ხოლო გაქვითის შემდეგ დარჩენილი თანხა - 33559.74 ლარი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი