№ას-1162-1082-2017 30 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ზ.ჭ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) –ლ.ხ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 12 იანვარს ლ.ხ–სა (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და გ.ტ–ს (შემდეგში - თავდაპირველი მოვალე) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ 28-32. ტ.1) შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 35 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - სამი თვე, 2015 წლის 12 აპრილი, სარგებელი - 3% თვეში, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ...... კორპუსში მდებარე ბინა #15, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...... (შემდეგში - იპოთეკის საგანი).
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 10 მუხლით განისაზღვრა, რომ, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გამსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
3. 2015 წლის 12 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა - 2015 წლის 12 თებერვლამდე გაიზარდა (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 34-36. ტ.1).
4. 2015 წლის 30 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით კი, სესხის დაბრუნება - 2016 წლის 12 თებერვლამდე გადავადდა, დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულება დარჩა ძალაში (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 39-41, ტ.1).
5. მსესხებელი 2015 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა, 2016 წლის 4 ივლისს მოვალის 1-ლი რიგის მემკვიდრის/მამის ზ.ჭ–ძის (შემდეგში -მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, სამკვიდრო სრულად მიიღო (იხ, სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 21-23. ტ.1), სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება/იპოთეკის საგანი მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 26-27. ტ.1).
6. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
7. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 35 000 აშშ დოლარით, სარგებელი - 2 625 აშშ დოლარით, ჯამში -37 625 აშშ დოლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (იხ. ს.ფ. 18. ტ.1).
8. 2016 წლის 20 ივლისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კრედიტორის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული #160767965 სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე დაფიქსირებული ხელწერილით, უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხემ იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ეკუთვნოდა. ამასთან, კრედიტორის ხელმოწერები იწყება აპრილიდან და ფიქსირდება, რომ მოვალემ გადაიხადა აპრილის პროცენტი, ხელშეკრულებაშიც მითითებულია, რომ ერთი თვის პროცენტი იქვე შეიტანა. აპრილში ორჯერ გადაიხადა, საიდანაც ერთი უნდა იქნეს ჩათვლილი მიმდინარე თვის პროცენტში, ხოლო მეორე - 1050 აშშ დოლარი გამოაკლდეს ძირ თანხას, ასევე, მაისში - 1050 აშშ დოლარი და 12 ივნისს გადახდილი - 1000 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას, ხოლო 29 ივნისს ანაზღაურებული ჩაითვალოს მეორე ხელშეკრულების ერთი თვის პროცენტში. მოვალის მიერ აგვისტოში - 1050 აშშ დოლარი, სექტემბერში - 1050 აშშ დოლარი და ოქტომბერში გადახდილი -1050 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას, ხოლო ბოლოს 2015 წლის 30 ნოემბერს, ზუსტად ხელშეკრულების ვადის გაგრძელების დღეს გადახდილი, ჩაითვალოს დეკემბრის პროცენტში. ამდენად ნათელია, რომ დარჩენილი ძირითადი თანხა არა - 35 000 აშშ დოლარი, არამედ 6250 აშშ დოლარით ნაკლები - 28 750 აშშ დოლარია. მოპასუხის მიერ ზედმეტადაა მოთხოვნილი გაურკვეველი თანხა - 2625 აშშ დოლარიც. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლით გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს მოვალის მიერ გადახდილი 8 875 აშშ დოლარის გათვალისწინებით.
9. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მოვალემ მხოლოდ საპროცენტო სარგებელი გადაიხადა და ისიც არასრულად.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 12 ივლისს გაცემულ #160767965 სააღსრულებო ფურცლის პროცენტის ნაწილში, კერძოდ, გადაუხდელი პროცენტი - 1645 აშშ დოლარით განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე და 625-ე მუხლები გამოიყენა.
11. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12.1. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის შეფასება, რომ მხარეებს შორის სამი სხვადასხვა სესხის ხელშეკრულება დაიდო განსხვავებული ვადებით, არ გაიზიარა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 12 იანვარს დაიდო ერთი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც 2015 წლის 12 ივნისს და 2015 წლის 30 ნოემბერს შევიდა ცვლილებები მხოლოდ სესხის დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2015 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა იმ პუნქტში, რომელიც ეხებოდა სესხის დაბრუნების ვადას და სესხის დაბრუნების ახალი თარიღი 2015 წლის 12 ივლისით განისაზღვრა, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2015 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებით კვლავ ცვლილება შევიდა სესხის დაბრუნების ვადის პუნქტში და სესხის დაბრუნების თარიღი ამჯერად 2016 წლის 12 თებერვალს დადგინდა. 2015 წლის 12 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად. პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ 2015 წლის 12 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა 2016 წლის 12 თებერვლამდე, თუმცა მსესხებლის გარდაცვალებით შეწყდა 2015 წლის 30 დეკემბერს.
12.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე წარდგენილი ხელწერილით, მსესხებლის მიერ გადახდილი - 9450 აშშ დოლარი პროცენტის სახით გადასაცემი თანხაა, ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით პირველი თვის პროცენტი - 1050 აშშ დოლარი გადახდილია, შესაბამისად, მსესხებლის მიერ 2015 წლის 12 იანვრიდან - 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ერთობლივად გადახდილია - 10 500 აშშ დოლარი, აღსანიშნავია, რომ ყოველი გადახდა ხელმოწერილი და დათარიღებულია და დანიშნულებაში მითითებულია - პროცენტის გადახდა, ამასთან, ყოველი გადახდის ოდენობა ემთხვევა სარგებლის განაკვეთს - გაცემული სესხის თანხის 3%-ს - 1050 აშშ დოლარს და, რამდენადაც მხარეთა შეთანხმებით გაცემული სესხი სარგებლიანი იყო და, ამასთან, სესხის ხელშეკრულება 2015 წლის 12 აპრილიდან გაგრძელდა და შეწყდა 2015 წლის 30 დეკემბერს, მსესხებლის გარდაცვალებით, პალატის მოსაზრებით, მსესხებლის მიერ პროცენტის სახით გადახდილი თანხა ვერ ჩაითვლებოდა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამი სხვადასხვა დროს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, განიხილა, როგორც ერთი მთლიანი ხელშეკრულება, არ შეაფასა ისინი ცალ-ცალკე, არ გაითვალისწინა ხელშეკრულებებს შორის ვადები და, რაც მთავარია, არასწორად განავითარა სამართლებრივი დასაბუთება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 12 ივლისს გაცემულ ##160767965 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და, აქედან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 28 750 აშშ დოლარით განსაზღვრაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე, როგორც მოვალე, პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი - ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
19. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამი სხვადასხვა დროს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება განიხილეს - როგორც ერთი მთლიანი ხელშეკრულება. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ, რაკი დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ივნისისა და იმავე წლის 30 ნოემბრის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებებით, მხოლოდ სესხის დაბრუნების ვადა შეიცვალა, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ 2015 წლის 12 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელეკრულება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში. ამასთან, წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მსესხებელმა 2015 წლის 12 იანვრიდან 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პროცენტი - 10 500 აშშ დოლარი გადაიხადა, რაც ვერ ჩაითვლება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც მოვალის მხრიდან კრედიტორისთვის ძირითადი თანხის გადახდას დაადასტურებდა (სსკ-ის 427-ე მუხლი).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 896.52 ლარის (საგადახდო დავალება #45, გადახდის თარიღი 17.10.2017), 70% – 627.56 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ზ.ჭ–ძეს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 896.52 ლარის (საგადახდო დავალება #45, გადახდის თარიღი 17.10.2017), 70% – 627.56 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი