№ას-1280-2018 30 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – მ. და ნ. ჭ–ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ზ. და ქ.ლ–ები
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. და ნ. ჭ–ები (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დაზარალებულის უფლებამონაცვლე) ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზ. (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ქ.ლ–ებს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის - 8720 ლარის ანაზღაურება, საიდანაც საფლავის მოწყობისა და გადახურვის ხარჯი - 6920 ლარს (ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი - 25 092 ლარისა), საფლავის პასპორტის აღებისა და სარიტუალო მომსახურების - 200 ლარს, ხოლო ქელეხის ხარჯი -1600 ლარს შეადგენდა. სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 3000 ლარის გადახდაც დაეკისრათ.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეთა მიერ ზ. ჭ–ძის (შემდეგში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პირი, დაზარალებული) საფლავის მოწყობაზე გაწეული ხარჯის ოდენობა სადავო არ არის, თუმცა, მიუხედავად ამ გარემოებისა, სასამართლომ იხელმძღვანელა ექსპეტიზის დასკვნით, რომელმაც, ზოგადად, ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობისა და ქვის მასალით მოპირკეთებაზე შესასრულებელი სამუშაოების საბაზრო ღირებულება განსაზღვრა. მითითებული დასკვნა თეორიული შინაარსისაა და ექსპერტიზა არ ეყრდნობა გარდაცვლილი პირის საფლავის აზომვის, შესწავლისა და საექპერტო კვლევის ზუსტ მონაცემებს.
2.2. გარდაცვლილის საფლავი მოპირკეთებულია თუ არა ძირადღირებული მასალით, სადავოა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. კასატორის მტკიცებით, საერთაშორისო სტანდარტით 25 000 -ლარიანი საფლავი ძვირადღირებულად არ მიიჩნევა.
2.3. კასატორმა მოიხმო მოწმის ჩვენებაც (ხელოსნის), რომელმაც შესრულებულ სამუშაოებში 25000 ლარის მიღება დაადასტურა. მისი მითითებით, საშუალო ღირებულების საფლავის ღირებულება 7000-დან 10000 ლარამდე მერყეობს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2017 წლის 17 აპრილს პირველი მოპასუხის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებული პირი (მოსარჩელეთა შვილი) გარდაიცვალა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 12.07.2017წ. განაჩენით პირველი მოპასუხე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულთა ჩადენისათვის.
5.2.2. სასამართლო - ექსპერტიზის #006997317 დასკვნის (ტ.3. ს.ფ. 70-72), თანახმად: ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობასა და ქვის მასალით მოპირკეთებაზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ექსპერტიზაზე წარდგენილი მონაცემებისა და მასალის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 6920.36 ლარს.
5.3. საკასაციო საჩივარში ასახული სამართლებრივი შედავება ცხადყოფს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სადავო მხოლოდ საფლავის მოწყობის ხარჯის ანგარიშში ასანაზღაურებელი თანხის (ზიანის) მოცულობაა.
5.4. მოსარჩელისათვის დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) მუხლი, პირველი მოპასუხის მიმართ, სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი) მეორე მოპასუხის მიმართ, ასევე, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და სსკ-ის 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.) მუხლები.
5.5. საქმეზე დადგენილ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის რა მოპასუხეთა მიმართ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებას, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა დავაზე სწორად განსაზღვრეს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, რაც საბოლოოდ დავის შედეგზეც აისახა.
5.6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების შედავებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის არასამართლიანად განსაზღვრის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისათვის არსებითია, დადგინდეს ზიანის რეალური ოდენობა - ის ფაქტობრივი დანაკლისი, რაც ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის მოქმედებით დაზარალებულ მხარეს მიადგა. ასეთ დროს კი, ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სწორედ მატერიალური დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრას ენიჭება მნიშვნელობა. მოვალეს არ შეიძლება, დაეკისროს იმაზე მძიმე ფინანსური ტვირთი, ვიდრე ეს მისი ვალდებულებულების არსს შეესატყვისება. განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე განჩინების 5.2.2 პუნქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნა ითვალისწინებს ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობასა და ქვის მასალით მოპირკეთებაზე შესასრულებელი სამუშაოების საშუალო, საორიენტაციო ღირებულებას, რომლის საპირწონედ კასატორს სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მითითებულ დასკვნაში საფლავის მოწყობის ხარჯების საბაზრო ღირებულების ოდენობის შეუსაბამისობას რეალურ მონაცემებთან.
5.7. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებას და ნივთიერი მტკიცებულების სახით საქმეში დაცულ საფლავის ფოტო ამსახველ მასალას. მოწმეთა ჩვენება ცხადყოფს, რომ დაზარალებულის საფლავი არასტანდარტულია, არც სამკაციანი და არც ორკაციანი, ხოლო საფლავის ზომებია 4X6მ-ზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გარდაცვლილი პირის დაკრძალვისათვის განკუთვნილი სასაფლავი - მისი ფართობისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, განკუთვნილია ერთზე მეტი პირის დაკრძალვისათვის. საკასაციო პალატის განმარტებით, მოპასუხეებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ დელიქტით მიყენებული ზიანის შედეგად გარდაცვლილი პირის საფლავზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე, რაც ერთი პირის საფლავის მოწყობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს, და მოპასუხეებისათვის იმ საფლავის კეთილმოწყობის ხარჯების სრულად ანაზღაურების დაკისრება, რომელიც განკუთვნილია არა ერთი, არამედ რამდენიმე პირის დასაკრძალად, მიყენებული ზიანის თანაზომიერი არ არის. კასატორებს ამ დავის ფარგლებში, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ ერთი პირის საფლავის მოწყობის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას გააქარწყლებდა, კასატორებმა მხოლოდ მათ მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დასკვნა წარმოადგინეს, რაც საკასაციო პალატის განსჯით, ბევრად აღემატება ერთი ადამიანის საფლავის მოწყობისათვის დადგენილ საშუალო ღირებულებას და ამ მოცულობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეთათვის დაკისრება ეწინააღმდეგება მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიმართ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ წესს.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-593-568-2016 24 ივლისი, 2017 წელი).
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჭ–ძისა და ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე