№ას-1555-2018 7 ივნისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შს „ე–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ იპოთეკის ხელშეკრულებისა და იპოთეკის რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2009 წლის 16 ივნისს შპს „ე–ისა“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი, საჩივრის ავტორი ან კასატორი) და გ.ჯ–ს (შემდეგში - პირველი მოპასუხე, გამყიდველი ან მოვალე) შორის გაფორმდა იპოთეკის #090197974 ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის 2009 წლის 19 მაისის (ნასყიდობისა და სესხის) ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 260 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: #.....; #.......; .........; #.........; # ...... და #...... (შემდეგში იპოთეკის საგანი), რომლებსაც შემდგომ შეეცვალათ საკადასტრო კოდები და გაერთიანდა ორ საკადასტრო ერთეულად - #....... და #...... (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ხელშეკრულება, ს.ფ. 20-25; 26-37; 38-42. ტ.1).
2. 2016 წლის 28 მარტს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკის საგანი შეიძინა რ.კ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, ან მოწინააღმდეგე მხარე), (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 20-25).
3. 2016 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ იპოთეკის ხელშეკრულებისა და იპოთეკის რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულება 2009 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით იყო დადებული და მიზნად ისახავდა მხარეთა შორის 2009 წლის 19 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის, 260 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად მოვალის ქონების იპოთეკით დატვირთვას, შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.
4. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.
5. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოვალე ეტაპობრივად ასრულებდა ვალდებულებას, ბოლო - 2015 წლის 16 თებერვლის შესრულება დასტურდება სამშენებლო მასალის მიწოდების თაობაზე წარდგებილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა იპოთეკის #090197974 ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში და მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით - #..... და #..... იპოთეკის რეგისტრაციის ჩანაწერი გაუქმდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და სსკ-ის 170-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე, 153-ე და 286-ე მუხლები გამოიყენა.
7. გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387-ე მუხლის პირველი ნაწილი).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის/აპელანტის წარმომადგენელმა გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე და არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან აპელანტს (კომპანიის დირექტორს) სურდა, თავად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ, თურქეთში ვიზიტის გამო, ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას, რის დასტურადაც წარდგენილ იქნა ავიაბილეთები. მისი მითითებით, აპელანტი არ იყო ვალდებული, ემტკიცებინა თურქეთში ვიზიტის აუცილებლობა და ამ მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მის გამოუცხადებლობას, უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, რადგან თურქეთში ვიზიტის გამო, აპელანტი ითხოვდა შემდგომში საქმის განხლვაში მონაწილეობის მისაღებად, სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადებას.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოება.
12. 2018 წლის 27 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე წლის 10 ივლისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა, შემდეგი დასაბუთებით:
12.1. კასატორის მტკიცებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას, წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ იგი ფიზიკურად ვერ იქნებოდა პროცესზე და ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრაზე ერთდროულად. ამასთან, იგი არაა ვალდებული, ამტკიცოს საზღვარგარეთ ვიზიტის გადაუდებელი აუცილებლობა და ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა შეხვედრაზე დასწრებას. წარმომადგენლის სხდომაზე დასწრებაც არ შეცვლიდა არსებულ გარემოებას, რადგან მისი მოთხოვნა იყო სხდომის სხვა დროისათვის გადადება, რათა შემდგომში თავად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
15. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
16. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და, 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2018 წლის 27 მარტს, 17:00 საათზე, დაინიშნა (სსსკ-ის 376-ე მუხლი).
17. 2018 წლის 27 მარტს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი/მოპასუხე და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო უწყება (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), ჩაჰბარდა 2018 წლის 16 თებერვალს (ამაზე არც კასატორი არ დავობს), (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 24, ტ.2). მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
18. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
19. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
20. განსახილველ შემთხვევაში, მეორე მოპასუხის/კომპანიის დირექტორი საქმის განხილვის გადადებას თურქეთში ვიზიტის (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების) გამო ითხოვდა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამსახურებრივი მივლინება შესაძლებელია მივიჩნიოთ სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად, რაც საქმის განხილვის გადადების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დასტურდება კომპანიის დირექტორის სამსახურებრივ მივლინებაში საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გადადო საქმის განხილვა, ვინაიდან, მოპასუხე სასამართლოში საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებდა, რომელიც საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა და დღემდე არ მიუთითებია გამოუცხადებლობის მიზეზებზე. მართალია, სსსკ-ის 93.2 მუხლის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის გამო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუ წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას (შდრ. სუსგ. #ას-678-649-2016, 16.12.2016წ). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორმა ვერ წარმოადგინა.
21. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უცვლელად უნდა დარჩეს.
22. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი