№ას-1786-2018 31 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სს „ს.ს.ე–ა”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.შ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ სამართლიანი კომპენსაციის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.ს.ე–ა” (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ექსპროპრიატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, გ.შ–ძის (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ სამართლიანი კომპენსაციის გადახდის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 7789 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 172-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის ექსპერტის დასკვნა და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო დავის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 მარტის დასკვნას, ხოლო განსახლების სამოქმედო გეგმით - RAP-ით გათვალისწინებულ შეფასების მეთოდზე საერთოდ არ უმსჯელია. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი დასკვნები და მიკერძოებულად მიემხრო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 მარტის დასკვნას. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს რომ გამოეკვლია და შეეფასებინა RAP-ი და შპს „თ.ა.ი. ა–ის“ დასკვნა, მიიჩნევდა, რომ ეს აუდიტორული დასკვნა არის სრულყოფილი, ყოვლისმომცველი, დასაბუთებული, ფაქტობრივი გარემოებების რეალურად ამსახველი და საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით - მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ....; მიწის ნაკვეთი 209 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები). მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი უძრავი ნივთი მოპასუხის საკუთრებად ირიცხება.
5.4. ქონების მესაკუთრესთან მოლაპარაკების ოქმის მიხედვით, მესაკუთრე არ დაეთანხმა ექსპროპრიატორის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას მიწის ნაკვეთთან და მასზე არსებულ ნარგავებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრული იყო საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმისა და გეგმის საფუძველზე მომზადებული შპს ,,თ.ა.ი. ა–ის“ დასკვნით. ამ დასკვნის მიხედვით 209 კვ.მ მიწის ნაკვეთი 4180 ლარად, მიწაზე არსებული ნარგავები - 3264 ლარად, მიწის ნაკვეთზე არსებული ლითონის კონტეინერი კი - 4 635 ლარად შეფასდა.
5.5. 2017 წლის 8 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს 12 079 ლარის კომპენსაცია ჩაურიცხა.
5.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 მარტის #001427417 დასკვნით, ქალაქ ბათუმში, ..... მდებარე #..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება საორიენტაციოდ 23 აშშ დოლარს შეადგენს, შესაბამისად 209 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 4 807 დოლარით, რაც ეროვნული ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსის შესაბამისად - 11947 ლარს შეადგენს.
6. მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელი სამართალურთიერთობის სამართლებრივი ასპექტები სპეციფიკურია და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და ამავე პუნქტის საფუძველზე მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
7. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ. სუსგ №ას-727-695-2014; 2016 წლის 15 ივლისი).
8. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავაც სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებულ შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც, ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას.
9. როგორც უკვე აღინიშნა, ექსპროპრიაცია გამართლებულია მხოლოდ სამართლიანი და გონივრული კომპენსაციის სანაცვლოდ და საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანიც სწორედ ექსპროპირებული ქონების კომპენსაციის სამართლიანი და ადეკვატური ღირებულების განსზღვრაა.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა სარჩელის საფუძვლიანობაზე მიანიშნებს. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინტანციის სასამართლოთა სამართლებრივ შეფასებას საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, სახელდობრ:
10.1. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შეეხება კონკრეტულად ექსპროპირებული ქონების ინდივიდუალურ შეფასებას, მისი მახასიათებელების გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ექსპერტიზისას შემფასებელმა გამოიყენა გაყიდვების შედარების მეთოდი, რაც გულისხმობს შესაფასებელი ობიექტის პირდაპირ შედარებას ანალოგების იმ მონაცემებთან, რომლებიც გაიყიდა ან რომლებიც გაცხადებულია გასაყიდად. გაყიდვების შედარებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებისას შემფასებელმა შემდეგი თანმიმდევრობით იმოქმედა: გამოიკვლია ბაზარი (მოიპოვა და გაანალიზა ბაზრის ის მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლეოდა დადგენილიყო ანალოგიური უძრავი ქონების ობიექტები); დაადგინა ინფორმაციის სისწორე; შეარჩია შედარების ის ელემენტები, რომელთა მეშვეობითაც შესაფასებელი ქონების ობიექტი შედარდა ანალოგებთან; შეაჯერა გაყიდვადი ქონების ობიექტები განსახილველ ქონებასთან შედარების ელემენტების გამოყენებით; დააკორექტირა ყველა ანალოგიური შედარების ელემენტის ფასები შესაფასებელი უძრავი ქონების ელემენტებთან მიმართებით; დაადგინა შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ანალოგებთან დაკორექტირებული ფასების შეჯერების გზით. რაც შეეხება განსახლების სამოქმედო გეგმას და შპს ,,თ.ა.ი.ე. ა–ის’’ აუდიტორულ დასკვნას, ეს დოკუმენტები ასახავს ზოგად ინფორმაციას - ელექტროგადამცემი ხაზის ა-ბ–მის 62 მეტრიან ბუფერულ ზონაში, ბ-ხ–ის 11 კმ-იან მონაკვეთში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების, ამ მიწის ნაკვეთებზე მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების, ასევე, შენობა-ნაგებობების შეფასების შესახებ. ამასთან, აუდიტორულ დასკვნაში დეტალურად არ არის განმარტებული ფასის გამოთვლის პრინციპი და წესი. გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა 2017 წლის 15 მარტითაა დათარიღებული, ემთხვევა ექსპროპრიაციის პერიოდს და აუდიტორულ დასკვნასთან შედარებით ერთი წლით გვიანდელ, განახლებულ მონაცემს ასახავს.
10.2. საკასაციო პალატის განსჯით, ზემოხსენებულ მტკიცებულებათა შედარება ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 მარტის დასკვნა ასახავს ქონების საბაზრო ღირებულებას კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, განსხვავებით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნისგან. პალატის მოსაზრებით, ქონების ექსპროპრიაციის დროს, რომელიც სხვა პირის საკუთრების უფლების ხელყოფის კანონით დაშვებული ქმედებაა, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონება - ერთი უძრავი ნივთი იქნება თუ მრავალი, უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, მისი კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით, ვინაიდან მხოლოდ ამგვარი მიდგომის ფარგლებშია შესაძლებელი ქონების სამართლიანი კომპენსაციის დადგენა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ თავად მოპასუხემ დაურთო შესაგებელს მოსარჩელის ქონების მიმდებარედ ...ქ. N8 ბ-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ამსახველი დასკვნა, რომლითაც 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 28 აშშ დოლარადაა შეფასებული, რაც ბევრად აღემატება, მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის სანაცვლო შეთავაზებას, რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სხვა დასკვნებს და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამდგენ ქონების გასხვისების განცხადებებს, ისინი არ ასახავს მოსარჩელისათვის ჩამორთმეული ქონების ადგილმდებარეობის არეალში მოქცეული ქონების საბაზრო ღირებულებას და, ამდენად, მათი გათვალისწინება უძრავ ქონებათა ზუსტი საბაზრო ღირებულების გამოთვლის მიზნით დაუსაბუთებელია. საგულისხმოა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 მარტის ექსპერტიზის დასკვნით ექსპროპრირებული ქონების ღირებულება გამოანგარიშებულია მხოლოდ მიწის ნაკვეთის ღირებულების ნაწილში და არ ასახავს მასზე მდგარი შენობა-ნაგებობის ღირებულებას, რაც იმას მოწმობს, რომ ექსპერტს შეფასების ობიექტის გამოკვლევის დროს გათვალისწინებული აქვს დამკვეთის/ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრის ინტერესი, მხოლოდ მიწის ნაკვეთის რეალური ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან, ექსპროპრიაციის ოქმის თანახმად, მოსარჩელე დაეთანხმა სადავო მიწის ნაკვეთზე მდგარი შენობა-ნაგებობის ექსპროპრიაციის სანაცვლოდ მოპასუხის შეთავაზებას. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასაშვები და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც გადაწონიდა და გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების სამართლებრივ მნიშვნელობას, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს აუცილებელი საზოგადოებრივ საჭიროებისათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის გადაცემული კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის მოცულობა.
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (388.35 ლარის) 30%-ის, 116.50 ლარის, გადახდა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ს.ე–ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.ს.ე–ას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (388.35 ლარის) 30%-ის, 116.50 ლარის გადახდა;
3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი