№ას-1894-2018 31 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ზ.ჭ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ჭ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ქირის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.ჭ–ა (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამქირავებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინების (რომლითაც გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება) უცვლელად დატოვების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით - მ.ჭ–ას (შემდეგში მოსარჩელე, გამქირავებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 2875 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა დაედგინა, 2013 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე მოპასუხის მიერ ბინის ქირის გადახდის ფაქტი, რაც შეეხება სადავო პერიოდს, სასამართლოსვე უნდა გამოერკვია, რომ 2015 წლის დეკემბრიდან - 2016 წლის 11 დეკემბრამდე მოპასუხემ აანაზღაურა ოთხი თვის ბინის ქირა.
2.2. კასატორი არ იზიარებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლიანობის თაობაზე სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი, მოსარჩელის გამოუცხადებლობა მიეჩნია საპატიოდ. კასატორის მტკიცებით, არ არსებობს სათანადო მტკიცებულება, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა, ერთი მხრივ, 2018 წლის 2 თებერვალს მოსარჩელის სამასახურში ყოფნის ფაქტს და, მეორე მხრივ, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების მიზნით, მოსარჩელის სამუშაო საათებში გათავისუფლების შეუძლებლობას. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება, რომ პირი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ შეიძლება, მიჩნეული იყოს სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2013 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ..... ქუჩა N66-ში მდებარე ბინის ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო.
5.2.2. ქირავნობის საწყისი 5 თვის ბინის ქირა - 200 აშშ დოლარს, ხოლო ქირავნობის შემდგომი სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში, თვიურად - 250 აშშ დოლარს შეადგენდა.
5.2.3. ქირავნობის ხელშეკრულება 2013 წლის 27 ნოემბრიდან 2016 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედებდა და ქირავნობის სრულმა პერიოდმა - 36.5 თვე მოიცვა. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელმა ქირამ შეადგინა - 8875 აშშ დოლარი, საიდანაც დამქირავებელმა 6000 აშშ დოლარი გადაიხადა. დამქირავებელს გამქირავებლისთვის გადასახდელი აქვს - 2 875 აშშ დოლარის ქირა.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, ქირის გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა 531-ე მუხლის (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.) დანაწესიდან გამომდინარეობს.
5.4. საქმეზე დადგენილ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის რა მოპასუხის მიმართ ქირის გადახდის დაკისრების მავალდებულებელ გარემობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა დავაზე სწორად განსაზღვრეს ქირის, შესაბამისი მოცულობით, დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, რაც, საბოლოოდ, დავის შედეგზეც აისახა.
5.5 მოსარჩელე სადავოდ ხდის 2015 წლის დეკემბრის შემდგომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდის გადაუხდელი ქირის ანაზღაურების საკითხს. მისი განმარტებით, დამქირავებელმა 2016 წელს 1000 აშშ დოლარის გადახდით 2015 წლის ოთხი თვის (სექტემბერი-დეკემბერი) ქირა დაფარა, 2015 წლის დეკემბრიდან კი, მოპასუხეს ქირა აღარ გადაუხდია. პალატის განსჯით, მოსარჩელის მტკიცების საპირისპიროდ, კასატორის პრეტენზია, რომ მან 2016 წელს შესაბამისი წლის 4 თვის ქირა გადაიხადა, მოპასუხეს, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაესაბუთებინა. ქირის გადახდის ამსახველ ქვითრებში მითითებული არა არის, რომ მოპასუხემ სწორედ სადავო პერიოდის ქირა გადაიხადა. 2013 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე გადახდილი ქირის საერთო მოცულობა და გადახდის თარიღები კი, მოწმობს, რომ მოპასუხე ხშირად აყოვნებდა ქირის გადახდას და 2015 წლის ქირა სრულად არ აუნაზღაურებია. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ 2016 წელს შესრულებული გადახდით 2015 წლის ბოლო 4 თვის ქირის გადახდის თაობაზე მოსარჩელის მსჯელობა საფუძვლიანია, ხოლო მოპასუხეს ამ მსჯელობის საპირწონედ, მოსარჩელის მტკიცების გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ქვითრებში დაფიქსირებული იქნებოდა, რომ მოპასუხემ გადაიხადა 2016 წლის იანვარ-აპრილის ქირა, მაშინ სასამართლო არ გაიზიარებდა მოსარჩელის განმარტებას, მაგრამ, როდესაც მოსარჩელე მიუთითებს, რომ დამქირავებელმა დაფარა 2015 წლის ბოლო ოთხი თვის ქირა, ხოლო დამქირავებელი ვერ ადასტურებს ამ პერიოდის ქირის გადახდას, 2016 წელს 1000 აშშ დოლარის გადახდის ამ წლის საანგარიშო პერიოდისათვის კუთვნილების შესახებ კასატორის პრეტენზია მოკლებულია დასაბუთებულობას. უფრო მეტიც, პალატის განსჯით, მოსარჩელე მოპასუხეს 2015 წლის ქირის გადახდას, იმ გარემობის გათვალისწინებით, არ ედავება, რომ მოპასუხემ 2016 წელს 1000 აშშ დოლარის გადახდით, სწორედ 2015 წლის 4 თვის ქირა დაფარა.
5.6. რაც შეეხება კასატორის შედავებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სამუშაო ადგილზე ყოფნის გამო პროცესზე გამოუცხადებლობა იმ შემთხვევაში შეიძლება, მივიჩნიოთ საპატიოდ, თუ მხარე წინასწარ აცნობებს სასამართლოს ამის თაობაზე, და, ამავდროულად, დაამტკიცებს, რომ, მისი თხოვნის მიუხედავად, მას დამსაქმებელმა უარი უთხრა სამუშაო საათების განმავლობაში სასამართლო სხდომაზე გამოსაცხადებლად სამუშაო ადგილის მიტოვებაზე, ან, თუ სამსახურებრივ მოვალეობათა სპეციფიკის გათვალისწინებით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შეუძლებელია პროცესის მონაწილე პირის მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს წინასწარ ინფორმირება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სწორედ იმას ამტკიცებს, რომ სხდომის დღეს აუცილებელი გახდა ობიექტზე გასვლით აუდიტორული შემოწმების ჩატარება, რის თაობაზეც მან სასამართლოს წინასწარ ვერ აცნობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ გარემოებას ადასტურებს. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, პალატის განსჯით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ ამ საქმეზე ჩატარდა სამი სხდომა, სამივე მათგანზე გამოცხადდა მოსარჩელე, მან სასამართლოს მისცა ახსნა-განმარტება სარჩელთან დაკავშირებით, შეედავა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თემატურად ეს მტკიცებულებები სასამართლომ შესაბამის სხდომაზე გამოიკვლია კიდეც. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე საქმის გადადების შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, აშკარაა საქმისადმი მოსარჩელის ინტერესი, მეორეც, სასამართლომ ფაქტობრივად დაასრულა საქმის გამოკვლევა და მისი დასრულება იმავე სხდომაზე შეიძლებოდა. გასათვალისწინებელია, რომ სხდომის გადადება მხოლოდ მხარეთა მორიგების მიზანს ემსახურებოდა (იხ. 24.01.2018 წლის სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 162-169).
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-593-568-2016 24 ივლისი, 2017 წელი).
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
10. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 381.45 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 381.45 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 10.01.2019) 70% – 267.01 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ჭ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ჭ–ას (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 381.45 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 10.01.2019) 70% – 267.01 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე