№ას-1928-2018 31 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ზ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.ღ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.თ–ძე (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, გამსესხებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2014 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი - სესხის ძირითადი თანხის - 1050 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, 1421 აშშ დოლარის, დაკისრების ნაწილში და დ.ღ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე, მსესხებელი) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირითადი თანხის 7000 აშშ დოლარის ნაცვლად,5950 აშშ დოლარით, ხოლო მის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული პირგასამტეხლო, 3087 აშშ დოლარის ნაცვლად - 1666 აშშ დოლარით განისაზღვრა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის წესით საქმის განმხილველმა მოსამართლემ ამ დავის გადაწყვეტამდე, 2014 წლის 3 დეკემბერს, სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში განიხილა მსესხებლის სარჩელი გამსესხებლის წინააღმდეგ, იმავე დავის საგანზე, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქოს საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 394-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა განეხილა ეს დავა და მითითებული გარემოება გადაწყვეტილების გაუქმების აბსულუტური საფუძველია.
2.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევით გადახდილი 1050 აშშ დოლარი არასწორად მიაკუთვნა სესხის ძირითად თანხას.
2.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით (მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია). სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით, ვინაიდან არ პასუხობს ხელშეკრულების პირობებს და, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს უფლება შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, თუკი ეს გათვალიწისინებულია მხარეთა შეთანხმებით და დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2013 წლის 29 ოქტომბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო. მოპასუხემ მოსარჩელეს სესხად - 7000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა. ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ. ხაშურში, ..... მდებარე უძრავი ქონება. ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, სესხის დაბრუნების ვადა 2013 წლის 29 იანვარს ამოიწურა.
5.2.2. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ეკისრება საერთო თანხის - 0,3% პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება სანოტარო წესით არის დამოწმებული.
5.2.3. იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესაკუთრის ან მსესხებელის მიერ წინამდებარე ან/და საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია, ნოტარიუსს მიმართოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
5.2.4. 2014 წლის 24 სექტემბერს, გამსესხებელმა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით მსესხებლის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 7000 აშშ დოლარი სესხისა და 3087 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს ჯამით - 10087 აშშ დოლარითა და სააღსრულებო ხარჯებით განისაზღვრა.
5.2.5. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მსესხებელს გადახდილი აქვს 3 თვის სარგებელი - 1050 აშშ დოლარი. ამავდროულად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, სხვადასხვა დროს მსესხებელმა გამსესხებელს 1050 აშშ დოლარიც გადაუხადა.
6. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნების სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ მატერიალურ თუ საპროცესო კანონმდებლობასთან კანონშესაბამისობის შეფასებამდე, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას წინამდებარე განჩინების 2.1 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიაზე შეაჩერებს, რომელიც ამ დავაზე ქვემდგომი ინტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველზე მიუთითებს. საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კასატორს განუმარტავს, რომ მის მიერ წამოჭრილი საკითხი სსსკ-ის 394-ე მუხლით (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;) გათვალისწინებულ შემთხვევას არ წარმოადგენს. დასახელებული ნორმა შეეხება შემთხვევას, როდესაც ერთი კონკრეტული დავა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განხილულია ერთი და იმავე მოსამართლის მიერ. კანონმდებლის მიზანიც სწორედ ისაა, რომ სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, მომჩივანს ჰქონდეს სამართლებრივი ბერკეტი, პროცესუალური დაცვის მაღალი სტანდარტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დავის უსამართლო/უკანონო შედეგი, რაც სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ერთი და იმავე მოსამართლის მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში ვერ მიიღწევა. კონკრეტულ დავაზე კი, საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე მოსარჩელის დაზუსტებული სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო წარმოებაში არ მიიღო იმ მოსამართლემ, რომელიც ამ დავაზე ძირითად სარჩელზე სამართაწარმოების განმახორციელებელი პირია. ამდენად, მოსამართლემ სამართალწარმოება განახორციელა ერთი და იმავე პირის მიერ აღძრულ სარჩელზე ერთი (პირველი) სასამართლო ინსტანციის ფარგლებში, რაც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმებლობით აკრძალული არ არის და სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ განიხილება.
7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
7.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სარჩელში გაცხადებული მოცულობით შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი: ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
7.2. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011,19.04.2012).
7.3. საკასაციო პალატის განსჯის საგანია სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გადახდილი 1050 აშშ დოლარის რაობის განსაზღვრა, კასატორი/კრედიტორი მას სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ფარგლებში გადახდილ საპროცენტო სარგებლად განიხილავს, ხოლო, მოსარჩელის მტკიცებით, მან 1050 აშშ დოლარის გამსესხებლისთვის გადაცემით - არა სესხის სარგებელი, არამედ სესხის ძირითადი თანხის ნაწილი დაფარა. ამრიგად, გამოსარკვევია, მსესხებელმა სესხი ნაწილობრივ დაფარა, თუ მითითებული თანხა სესხის სარგებლის ანგარიშში გადაუხადა გამსესხებელს. ამ საკითხის გამორკვევისთვის საკასაციო პალატა სახელშეკრულებო ურთიერთობის დეტალებზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, გამსესხებელსა და მსესხებელს შორის სესხის ხელშეკრულება იპოთეკით არის უზრუნველყოფილი და რთული წერილობითი ფორმით 3 თვის ვადით დაიდო. სესხის ვადის ამოწურვის დროისთვის, მსესხებელს კრედიტორისთვის სესხის 3 თვის სარგებელი სრულად ჰქონდა ანაზღაურებული, ხოლო სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება მითითებულ ვადაში არ შეუსრულებია.
7.3.1. საკასაციო პალატა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსისა და ფორმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მტკიცება სამართლებრივად დასაბუთებულია, ხოლო კასატორის არგუმენტაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას, სახელდობრ:
7.3.2. პალატის განმარტებით, ფორმის დაცვას ექვემდებარება არა მარტო ძირითადი გარიგება, არამედ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე კონტრაჰენტი პირების დამატებითი შეთანხმება თუ შემდგომი სახელშეკრულებო ცვლილებებიც. სსკ-ის 59.1 მუხლიდან (ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე, ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა) გამომდინარე, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, დაიცვეს თუ არა მხარეებმა გათვალისწინებული ფორმა. კანონის ეს ნორმა იმპერატიულია და მხარეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ. გარიგების ბათილობა შეიძლება, გამოიწვიოს როგორც მარტივი წერილობითი, ისე - რთული სანოტარო ფორმის დაუცველობამ. მთავარია, კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად იყოს განსაზღვრული მოცემული გარიგების ნამდვილობისათვის ფორმა. რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა გარიგების ნამდვილობა ფორმას დაუკავშირეს, კერძოდ კი, მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგებისათვის სანოტარო ფორმა განსაზღვრეს, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაც ძირითადი ხელშეკრულების იდენტურად სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულებით უნდა განხორციელებულიყო. ამდენად, მხარეები ზეპირად ან კონკლუდენტურად რომც შეთანხმებულიყვნენ სესხის გაგრძელებაზე, იგი სამართლებრივი ძალის მქონე ვერ იქნებოდა, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, ფორმის სავალდებულოობის ფარგლები ვრცელდება ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყოველ შემდგომ შეთანხმებაზეც. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უარყოფს სადავო თანხის სესხის სარგებლის სახით გადახდის ფაქტს, თუმცა ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს თანხის გადახდისას მოვალე მას, როგორც ძირ თანხას, თუ - როგორც პროცენტს იხდიდა, ვინაიდან ფაქტობრივი შესრულება ფორმის ნაკლს მხოლოდ მაშინ ასწორებს, თუ ამის შესახებ კანონი პირდაპირ მიუთითებს ან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ეს საფრთხეს არ უქმნის სამართლებრივ სტაბილურობას ან მონაწილეებს (დაუშვებელია ამ გამონაკლისის განზოგადება და მისი გამოყენება ფორმის დაუცველი ყველა გარიგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორმა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა, დაკარგავდა აზრს. ლ.ჭანტურია, „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, 2011, გვ. 349) (შდრ. საქმე №ას-109-105-2016, 27 დეკემბერი, 2017 წელი). რთული წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ამ სამართლებრივი ურთიერთობის იმავე პირობებით გაგრძელების თაობაზე მხარეთა ნების იმავე ფორმით გამოვლენის იმპერატიულობა სსკ-ის 328.1 მუხლის (თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ) შინაარსიდანაც გამომდინარეობს (შდრ სუსგ ას-1269-1501-05, 30.06.2006 წელი; ას-231-216-2014, 9.02.2015 წელი). ამასთან, მართალია, სესხის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მხარეები უფლებამოსილი არიან, გააგრძელონ სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვადა სარგებლის კეთილსინდისიერად გადახდის შემთხვევაში, მაგრამ მხარეებს, თუ სურდათ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება, ამაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ იმავე ფორმით, რა ფორმითაც იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება დაიდო.
7.4. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელემ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს შემცირებაც მოითხოვა. საკასაციო პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირების უკანონობის თაობაზე.
7.4.1 პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სსკ-ის 420-ე მუხლში დეკლარირებული სასამართლოს უფლებამოსილება, ჩაერიოს თუნდაც მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნებით დაწესებული პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრაში და, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს კიდეც მისი ოდენობა, სწორედ სახელშეკრულებო წონასწორობისა და კრედიტორის ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედების უკუქცევას ემსახურება, მართალია, მოვალე თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში თანხმდება კრედიტორის მიერ შეთავაზებულ პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ, გარიგების დადების ინტერესის სანაცვლოდ, პირი შესაძლებელია, დასთანხმდეს არაგონივრულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხშირია ვალდებულების დაურღვევლობის რწმენა მოვალის მხრიდან და, ამავდროულად, სარგებლიან გარიგებაში კონტრაჰირების სურვილი.
7.4.2 განსახილველ დავაზე საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის 0.3 %-ის დაწესება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ერთ საანგარიშო წელზე 108%-ს შეადგენს, ვალდებულების დარღვევის შინაარსისა და დარღვევის ხარისხის, დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გაანალიზების საფუძველზე, პირგასამტეხლოს არაგონივრული და ზნეობრივად გაუმართლებელი ოდენობაა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
7.4.3 საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
8. საბოლოოდ, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ერთობლიობა, პალატის განსჯით, ქმნის 1050 აშშ დოლარის სესხის ძირითად თანხაში ჩათვლისა და პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივ საფუძვლიანობას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დავაზე სწორად განსაზღვრეს დამქირავებლის მიერ გადასახდელი სესხისა და პირგასამტეხლოს შესაბამისი მოცულობით განსაზღვრის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, რაც საბოლოოდ დავის შედეგზეც აისახა.
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ.სუსგ № ას-752-720-2016, 25.11.2016, 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება, №ას-800-756-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი, საქმე №ას-109-105-2016, 27 დეკემბერი, 2017 წელი).
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე