Facebook Twitter

საქმე №ა-39-შ-2-2020 15 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.პ–ის (ქ–ის) შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2019 წლის 3 მაისის N24 F 312/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2019 წლის 3 მაისის N24 F 312/19 გადაწყვეტილების მიხედვით, მ.პ–ი (ქ–ი) და ჰ.პ. პ–ი განქორწინდნენ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს მ.პ–ის (ქ–ის) სახელით შუამდგომლობით მომართა მზია ქ–მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგი გარემოებების გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ნორმის ხსენებული დათქმა იმპერატიულია და შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობად მიიჩნევს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და მას (შუამდგომლობას) უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელია სარჩელში (შუამდგომლობაში) აღნიშნული იყოს წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი, რაც შუამდგომლობაში მითითებული არ არის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობას ხელს აწერს მ. ქ–ი და საქმეში წარდგენილია 2019 წლის 18 დეკემბერს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობით, მ. ქ–ს უფლებამოსილება მიენიჭა იყოს მ.პ–ის (ქ–ის) სრულუფლებიანი წარმომადგენელი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციაში მათ შორის - სასამართლოში. მარწმუნებლის სახელით მიიღოს/წარადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/განცხადება/ცნობა/ინფორმაცია, შეიტანოს დამატება/შესწორება დოკუმენტაციაში, მოახდინოს დოკუმენტაციის აპოსტილით დამოწმება ან/და ლეგალიზაცია, მარწმუნებლის სახელით მოაწეროს ხელი სათანადო დოკუმენტებს და შეუზღუდავად შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა სახის მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება აღნიშნული დავალების შესრულებასთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, უდავოა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობით, ამ უკანასკნელს სარჩელის (განცხადების/შუამდგომლობის) სასამართლოში წარდგენის უფლებამოსილება არ აქვს მინიჭებული. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირებს, რომლებასაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა - ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობაზე ხელმომწერი პირი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ სუბიექტად ვერ განიხილება, ვინაიდან, გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ამ უკანასკნელის გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gba.ge) არსებულ ადვოკატთა რეესტრის მონაცემებში - წევრთა ერთიან სიაში შუამდგომლობაზე ხელმომწერი პირი მ. ქ–ი არ მოიძებნა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მ.პ–ს (ქ–ს) უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.პ–ს (ქ–ს) უარი ეთქვას შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2019 წლის 3 მაისის N24 F 312/19 გადაწყვეტილების გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე