ბს-448-114-კს-03 1 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საქმის შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
30.10.02 კულტურის სამინისტრომ და 25.11.02წ. ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სარჩელებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შპს აფთიაქი “ზ.-ის” მიმართ, ქ. თბილისში, ... მდებარე შპს აფთიაქი “ზ.-ის” მიერ ამოშენებული კედლების მოშლისა და ამოშენების შედეგად მიღებული სათავსოს და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდის შესახებ. სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ შპს აფთიაქმა “ზ.-მ” 2002წ. ოქტომბერში ქ. თბილისში, ... მდებარე შენობაში არსებული კუთვნილი ფართის ქვეშ ორივე მხრიდან ამოაშენა კედლები საერთო სარგებლობის ეზოში, რის შედეგადაც მიიღო დამხმარე სათავსო. შპს აფთიაქი “ზ.-ის” მიერ მშენებლობა განხორციელდა სათანადო ნებართვის, პროექტისა და ლიცენზირების გარეშე, რითაც მოპასუხემ დაარღვია “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის და “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნები. ამასთანავე, მოსარჩელეების აზრით, პროექტით გაუთვალისწინებელი კედლების ამოშენების შედეგად მიღებული დამხმარე სათავსო განთავსებული იყო მიწის ნაკვეთზე, რომელსაც არ ფლობდა მოპასუხე და რომელზედაც შენობა-ნაგებობის განთავსების უფლება მას არ გააჩნდა.
10.11.02წ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურის სამინისტრომ, განმცხადებელმა ითხოვა შპს აფთიაქი “ზ.-ის” მიერ თბილისში, ... წარმოებული სამშენებლო საქმიანობის აკრძალვა, რაც რაიონული სასამართლოს 20.11.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 23.12.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის “ სარჩელები. შპს აფთიაქი “ზ.-ს” დაევალა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო ქ. თბილისში, ... მდებარე შენობაში მისი კუთვნილი ფართის ქვეშ-ორი მხრიდან საერთო სარგებლობის ეზოში ამოშენებული კედლების დანგრევა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდა. რაიონული სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.11.02წ. განჩინება, რომლითაც შპს აფთიაქ “ზ.-ს” აეკრძალა ... სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რაც მიქცეულ იქნა დაუყოვნევბლივ აღსასრულებლად. თბილისის კრწანისი-მთაწმიდის რაიონული სასამართლოს 23.12.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს აფთიაქი “ზ.-ის” გენ. დირექტორმა ნ. ხ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 10.02.03წ. განჩინებით დაკმაყოფილდა კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის ნ. კ.-ის განცხადება, გადაწყვეტიების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს “ზ.-ს” აეკრძალა სადავო ფართობზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
18.07.03წ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასასახო საქმეთა სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა შპს აფთიაქი “ზ.-ის” გენ. დირექტორმა ნ. ხ.-მ, განმცხადებელმა ითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვის შეჩერება, რადგან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა კულტურის სამინისტროს 17.02.03წ. სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა შპს აფთიაქი “ზ.-ის” კუთვნილ ფართზე დამატებითი ფართის მიშენების პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის 29.01.02წ. ¹დიზ-7 ბრძანების და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 03.06.02წ. გაცემული მშენებლობის ¹6/60 ნებართვის გაუქმებას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ განსახილველად წარდგენილ მათ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენდა სწორედ მითითებული ადმინისტრაციული აქტები. შესაბამისად თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საფუძველი ეცლებოდა მათ სააპელაციო საჩივარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.09.03წ. განჩინებით შეჩერდა შპს აფთიაქი “ზ.-ის” სააპელაციო საჩივრის განხილვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში კულტურის სამინისტროს სარჩელის გადაწყვეტამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის მთ. არქიტექტორის 29.01.02წ. ¹დიზ-7 ბრძანება ქ. თბილისში მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ... არსებულ შპს აფთიაქი “ზ.-ის” კუთვნილ ფართზე დამატებითი ფართის მიშენების პროექტის შეთანხმების შესახებ და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 03.06.02წ. გაცემული მშენებლობის ¹6/60 ნებართვა. სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვა შეუძლებელია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში მყოფი საქართველოს კულტურის სამინისტროს სარჩელისა გამო ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით შეთანხმებულ იქნა ქ. თბილისის ... მდებარე შპს აფთიაქი “ზ.-ის” კუთვნილ ფართზე დამატებითი მიშენების პროექტი და შესაბამისად გაცემულ იქნა ნებართვა, ხოლო შპს აფთიაქი “ზ.-ის” სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შეადგენდა სწორედ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 23.12.03წ. გადაწვეტილების მე-2 პუნქტის გაუქმება, რომლითაც შპს აფთიაქ “ზ.-ს” დაევალა იგივე მისამართზე მისი კუთვნილი (ძირითადი და დამატებითი) ფართის ქვეშ საერთო სარგებლობის ეზოში ამ კედლების ამოშენების შედეგად მიღებული დამხმარე სათავსოსა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდა.
კულტურის სამინისტოს წარმომადგენელმა გ. კ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.09.03წ. განჩინებაზე. სააპელაციო პალატის 22.10.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივარისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელებით საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია ითხოვდნენ შპს აფთიაქი “ზ.-ის” კუთვნილი ფართის ქვეშ საერთო სარგებლობის ეზოში შპს აფთიაქი “ზ.-ის” მიერ ამოშენებული კედლების იძულებითი წესით დანგრევას, კედლების ამოშენების შედეგად მიღებული დამხმარე სათავსოს მოშლას, ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდას. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ კულტურის სამინისტროს სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული აქტების _ 27.09.02წ. ¹6/60 მშენებლობის ნებართვის და მთ. არქიტექტორის 29.01.02წ. ¹დიზ-7 ბრძანების ბათილად ცნობას, ამ აქტებით გათვალისწინებული მშენებლობის შეწყვეტას. სააპელაციო პალატის წარმოებაში არსებული საქმის განხილვა არ არის დამოკიდებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმების შესახებ კულტურის სამინისტროს სარჩელის განხილვის შედეგებზე, ვინაიდან სადავო აქტები არ ითვალისწინებენ მიშენებული ფართობის ქვეშ კედლების აგებას. აღნიშნული დასტურდება ქ. თბილისის “არქმშენისპექციის” 07.11.02წ. ¹130-2 დადგენილებით, არქიტექტურულ-სამშემებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ 28.10.02წ. ოქმით, მისაშენებელი ფართობის საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 29.11.02წ. დასკვნით, თვით შპს “ზ.-ის” შესაგებლებით და სააპელაციო საჩივრით, რომლებშიც აღნიშნულია, რომ შპს “ზ.-მ” სამშენებლო სამუშაოები დაიწყო არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 03.06.02წ. გაცემული მშენებლობის ნებართვის ¹6/60-ის თანახმად, სამშენებლო პროექტი დამტკიცდა ქ. თბილისის მთ. არქიტექტორის 29.01.02წ. ¹დიზ-7 ბრძანებით, მშენებლობის პროცესში გაირკვა, რომ ამ ნაწილის სრულად გამაგრების სამუშაოების, ქვედა მზიდი კედლების ამოშენების გარეშე, საფრთხე შეექმნებოდა მთლიან შენობას. სწორედ მიშენების გამაგრების მოსაზრებები და არა კედლების მშენებლობის პროექტით გათვალისწინება წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის უარყოფის ძირითად არგუმენტს. გარდა ამისა, საქართველოს კულტურის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: შპს “ზ.-ის” დაკვეთით შპს “პ.-ის” მიერ წარმოებული, არსებულ აფთიაქზე იმ დამატებითი ფართის მშენებლობის შეწყვეტა, რომელსაც არ ითვალისწინებს შესაბამისი უწყებების მიერ დამტკიცებული სამშენებლო პროექტი; იმ ფართის დანგრევა, რომლის მიშენებასაც არ ითვალისწინებს შესაბამისი უწყების მიერ დამტკიცებული სამშენებლო პროექტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში მყოფი სარჩელი ვერ იქონიებს სამართლებრივ გავლენას საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთანავე, უკეთუ საქმის განხილვის პროცესში დადგინდება, რომ სადავო მშენებლობა, პირველ სართულზე კედლების აგება სათანადო წესის დაცვით იყო ნებადართული, აღნიშნული იქნება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. 27.09.02წ. ¹6/60 მშენებლობის ნებართვით და მთ. არქიტექტორის 29.01.02წ. ¹დიზ-7 ბრძანებით გათვალისწინებული ნაგებობის გამაგრების საჭიროებისათვის შენობის პირველ სართულზე კედლების აგების მოსაზრებები ეხება განსახილველი დავის გადაწყვეტის არსებით მხარეს და არ ქმნის საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქმეზე პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერების ისეთი ობიექტური საფუძველი, რომელიც შეუძლებელს გახდიდა განსახილველ საქმეზე პროცესის შემდგომ მსვლელობას, სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არ არსებობის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კულტურის სამინისტროს კერძო საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კულტურის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.09.03წ. და 22.10.03წ. განჩინებები და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.