19 დეკემბერი, 2019 წელი,
საქმე №ას-1625-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - სს „კ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები - ა.ხ–ძე, გ.გ–ი, ლ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 2 აპრილს სს „კ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი, კრედიტორი ან საჩივრის ავტორი) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს ნებისმიერ ბანკში საარბიტრაჟო მოპასუხე ლ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდები) საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის აკრძალვა 2224.96 ლარის ფარგლებში, გარდა სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხისა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდგომში – სსსკ-ის, 198-ე მუხლი).
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით, განცხადება უარყოფილ იქნა.
3. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით კრედიტორმა საჩივარი 2019 წლის 17 აპრილს წარადგინა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით, საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მის ავტორს სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად 5 დღე განესაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
5.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება საჩივრის ავტორს 2019 წლის 25 ივნისს, სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა. პალატამ აღნიშნა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა, 2019 წლის 26 ივნისს დაიწყო და, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 1 ივლისს ამოიწურა, თუმცა, აღნიშნულ ვადაში, საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის, რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
6. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად მიიჩნია თუ არა დაუშვებლად, ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა;
7.2. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით, საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის თანახმადაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრა 5 დღით და საჩივრის ავტორს განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის უარყოფითი შედეგების თაობაზე.
7.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით კი, საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
7.4. დადგენილია, რომ საჩივრის ავტორს (ორგანიზაციის წარმომადგენელს), ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2019 წლის 25 ივნისს ჩაჰბარდა, შესაბამისად, ხარვეზი 2019 წლის 1 ივლისის ჩათვლით უნდა აღმოფხვრილიყო.
7.5. უდავოა ისიც, რომ გზავნილის ჩაბარების შემდეგ, საჩივრის ავტორს დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის საფუძველზე მართებულად დაუდგინა საჩივრის ავტორს ხარვეზი, ეს განჩინება ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჩივრის ავტორს 2019 წლის 25 ივნისს ჩაჰბარდა (იხ. გზავნილი, ს.ფ. 83), ხოლო, ამავე წლის 26 ივნისს (სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი) დაწყებული საპროცესო ვადა 1 ივლისს (ორშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლი) ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, განმცხადებელმა თვითონვე გამოაცალა სამართლებრივი საფუძველი უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი საჩივრის განხილვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4, 264.3-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „კ.ბ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი