19 დეკემბერი, 2019 წელი,
საქმე №ას-1580-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - პ.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ი–სი"
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შპს „ი–სის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო პ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, პირველი მოპასუხე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) კუთვნილ 49%-იან წილს, შპს „ი–ში“.
2. 2015 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხის, ქ.რ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) და ი.რ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე) მიმართ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 186 444,96 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით - სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადება უარყოფილ იქნა.
6.1. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება. ის ამტკიცებდა, რომ მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების აღსრულებას და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რადგან 49 %-იან წილს, რომელსაც პირველი მოპასუხე ფლობდა კომპანიაში ღირებულება არ გააჩნდა (კომპანის კუთვნილ მოძრავ ქონებას ადევს ყადაღა და საგადასახადო გირავნობა; კომპანია შეტანილია მოვალეთა რეესტრში).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით - საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება; სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს აეკრძალა ქალაქ თბილისში, სოფელ .... მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #......), 1/2 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
8. განჩინება გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. სუსგ # ას -69-63-2015, 19.03.2015; #ას-1249-2018, 30.11.2018წ).
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კომპანიის მხრიდან კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანება, ამცირებს კომპანიის წილის ღირებულებას, რის გამოც ვლინდება დავის საგნის დაცვის აუცილებლობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან 49 %-იან წილს, რომელსაც პირველი მოპასუხე ფლობდა კომპანიაში, ფაქტობრივად ღირებულება არ გააჩნდა (კომპანის კუთვნილ მოძრავ ქონებას ადევს ყადაღა და საგადასახადო გირავნობა; კომპანია შეტანილია მოვალეთა რეესტრში). შესაბამისად, ეს გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც იკვეთება სარჩელის პერსპექტიულობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლებით და მართებულად უზრუნველყო გადაწყვეტილების აღსრულება.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების, კერძოდ, საკუთრების უფლების შეზღუდვას. უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის/აკრძალვის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, უძრავი ქონების გასხვისების/სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, ამგვარი მიზნის ლეგიტიმურია.
14. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს პირველი მოპასუხის საკუთრებას (იხ. ამონაწერი, საჯარო რეესტიდან ს.ფ. 27-28. ტ.4), ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამართლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად მოპასუხის ქონებაზე აკრძალვის დაწესება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
15. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4, 264.3-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.ნ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი