Facebook Twitter

საქმე №ას-843-2019 10 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.მ–ა (მოპასუხე, აპელანტი, საჩივრის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ. ვ.მ–დი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ჯ. ვ.მ–დმა (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ი.მ–ას (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი ან კასატორი) მიმართ 23089 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოაწყობდა მანსარდს რემონტით. აღნიშნული სამუშოების შესრულების და მასალის ხარჯებისათვის მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა გადასცა სამ ეტაპად: თავდაპირველად - 1500 აშშ დოლარი, 2016 წლის 18 აპრილს - 2896 აშშ დოლარი (რაც მოპასუხემ დაადასტურა ხელწერილით), აპრილის თვეში - 2578 აშშ დოლარი. მთლიანობაში მოპასუხისათვის გადახდილია 20474 აშშ დოლარი. მოპასუხემ გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ შეწყვიტა მუშაობა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ მიღებული თანხა სრულად მოხმარდა სამშენებლო სამუშაოებს. ამასთან, მოპასუხემ სადავო გახადა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების შესახებ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაო შეუსაბამოდ არის შეფასებული, ვინაიდან შეაფასება ეყრდნობა არა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდს, არამედ დოლარის ლართან მიმართებით არსებულ კურსს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6924 აშშ დოლარის გადახდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა მისი ზეპირი მოსმენით განხილვა, რის თაობაზეც, მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე – 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2019 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე, არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი.

9. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დასტურდებოდა რომ სასამართლო უწყება 2018 წლის 21 ნოემბერს ჰქონდა ჩაბარებული აპელანტის წარმომადგენელს. 2019 წლის 19 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა და სხდომის სხვა დროისათვის გადადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გარდაეცვალა ახლობელი და მოუწია ქალაქიდან გამგზავრება.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ-ის) 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონმდებელი განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად და სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევს „ახლო ნათესავის“ და არა „ახლობლის“ გარდაცვალებას, როგორც ეს განცხადებაშია მითითებული და ამასთან, არ არის დაკონკრეტებული თუ რა ნათესაური კავშირი აქვს აპელანტის წარმომადგენელს ახლობელთან. ასევე, არ არის წარმოდგენილი გარდაცვალების დამადასტურებელი მტკიცებულება.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა არ იყო განპირობებული საპატიო მიზეზით. იმავდროულად, აღნიშნა, რომ აპელანტის (მოპასუხის) მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა ვარაუდი, რომ მხარე აღიარებს მოთხოვნის მართებულობას და ცნობს სარჩელს, რის გამოც, კარგავს თავის დაცვის ინტერესს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ვარაუდი, რომ მოპასუხე ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას ან უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს განზრახ ან დაუდევრობის გამო. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასევე აქვს პრევენციული ფუნქცია და ნაწილობრივ სადამსჯელო ფუნქციაც, რათა შემდგომში აღკვეთილ იქნეს მხარეთა არაკეთილსინდისიერი ქმედება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა აპელანტმა (მოპასუხე).

14. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, წარმომადგენლის ახლობლის გარდაცვალებით, რაც სასამართლოს სსსკ-ის 215.3. მუხლის თანახმად, საპატიოდ უნდა მიეჩნია. ამასთან, საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ გარდაცვალების მოწმობის სასამართლოში წარდგენის ვალდებულება მას არ ეკისრება, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლი, ახლო ნათესავის გარდაცვალებისას ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, არ ითვალისწინებს. აპელანტის განმარტებით, ახლობლის, იგივე ახლო ნათესავის მოულოდნელი გარდაცვალება სერიოზულ სტრესს იწვევს გარდაცვლილის ახლობლებში. ასეთ დროს, გარდაცვალების ცნობის მოთხოვნა გარდაცვლილის ოჯახისათვის მიუღებელია ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 7-12-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 233.1. მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

17. სსსკ-ის 241-ე მუხლის ბოლო წინადადების ამავე კოდექსის 215.3. მუხლთან შეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 1. საპატიო მიზეზად შეუძლია მიუთითოს ,,სხვა გარემოებებზეც’’, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და 2. რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზანშეწონილობაზე, ეს ორი წინაპირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სსსკ-ის 233.1. მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რომელიმე საფუძველზე. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი მისი ახლობლის (მისივე განმარტებით დედის ბიძაშვილის მეუღლე) გარდაცვალებით, რის თაობაზე, სასამართლოს აცნობა პროცესამდე 1 დღით ადრე.

19. სააპელაციო პალატამ იმ გარემოებაზე მითითება, რომ აპელანტის წარმომადგენელს არ ეკისრებოდა საპატიო მიზეზად მითითებული გარემოების, კერძოდ, კი ,,ახლობლის’’ (რაც აპელანტის მოსაზრებით გაიგივებული უნდა იყოს ახლო ნათესავთან) გარდაცვალების დამადასტურებელი მტკიცებულების, სასამართლოში წარდგენის ვალდებულება, არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ აპელანტის ამგვარი მოლოდინი ეწინააღმდეგება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს (სსსკ-ის 4.1., 102-ე და 103.1 მუხლები).

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის ავტორმა (აპელანტი) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

21. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია სსსკ-ის 393.2-ე და 394-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; ასევე, არასწორად განმარტა კანონი; გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

22. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, არ შეაფასა და შესაბამისად არც გააქარწყლა საჩივარში წარმოდგენილი საფუძვლიანი პრეტენზია იმის შესახებ, რომ პენსიონერ აპელანტს, რომელმაც გადაიხადა ბაჟი სოლიდური ოდენობით და დიდი ხნის განმავლობაში მოთმინებით ელოდა საქმის არსებითად განხილვას, პირველ სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით აპელანტის გამოუცხადებლობა რატომ ნიშნავს, რომ აპელანტს სურდა საქმის გაჭიანურება. აპელანტმა პროცესამდე ერთი დღით ადრე წერილობით აცნობა გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს. კასატორის განცხადებით, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ კანონმდებელი სსკ-ის 215.2 მუხლის თანახმად განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად და სასამართლო ხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევს „ახლო ნათესავის“ და არა „ახლობლის“ გარდაცვალებას, როგორც ეს განცხადებაშია მითითებული. აპელანტის მიერ წარმოდგენილი განცხადებით უტყუარად არის დადასტურებული სხდომის გადადების საპატიოობა და სასამართლოს მიმართ პატივისცემა, თუმცა, სასამართლომ ნორმის არაწორი გამოყენების შედეგად შეუზღუდა მხარეს უფლება საქმე განხილულიყო არსებითად, რის გამოც, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო ნორმათა მოთხოვნები.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის (მოპასუხე) გამოუცხადებლობის გამო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერებაა.

26. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2019 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის დღის თაობაზე ინფორმირებულობა კასატორს სადავოდ არ გაუხდია არც საკასაციო საჩივარსა და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილ საჩივარში. შესაბამისად, საკასაციო პალატა უდავო გარემოებად მიიჩნევს სხდომაზე მხარეთა მოწვევის შესახებ გარემოებას.

27. დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი (მოპასუხე), ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სააპელაციო საჩივრის უარყოფა.

28. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამოიყენება ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

29. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ (სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი) და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა კომპონენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

30. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომის დღის შესახებ ინფორმირებულობა უდავო გარემოებაა. სადავოა მხოლოდ გამოუცხადებლობის საპატიოობა, კერძოდ, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა განაპირობა ახლობლის გარდაცვალებამ, რის გამოც, კასატორის წარმომადგენელს მოუწია ქალაქიდან გასვლა.

31. შესაბამისად, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად კი, უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

32. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

33. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე მიუთითებს.

34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს მიაჩნია, რომ ახლობლის გარდაცვალება წარმოადგენს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ იმ გარემოებას, რომელიც საპატიოდ მიიჩნევს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას და ამასთან, ნორმა არ ითვალისწინებს გარდაცვალების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებასაც (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სსსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილი საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რის გამოც, არ არსებობს სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების ამავე კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობა, კერძოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ ნაწილში, რომ სსსკ-ის 215.3 მუხლის თანახმად, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად და სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კანონმდებელი მიიჩნევს „ახლო ნათესავის“ და არა „ახლობლის“ გარდაცვალებას, როგორც ეს განცხადებაშია მითითებული და ამასათან, არ არის დაკონკრეტებული თუ რა ნათესაური კავშირი აქვს ამ ახლობელთან. ასევე, არ არის წარმოადგენილი გარდაცვალების დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.; სუსგ ას-397-370-2017, 30 ივნისი, 2017 წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი