№ას-995-958-2016 31 იანვარი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – ლ.კ–ა, გ.რ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „წ–ი 2.“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასის გადახდა, ხელფასის გადახდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.კ–ა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) შპს „წ–ი 2-ში“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მუშაობდა მთავარ ბუღალტრად, ხოლო გ.რ–ა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) მთავარ ეკონომისტად.
2. მოსარჩელეებმა 2009 წლის აგვისტოში ზეგანაკვეთური სამუშაოები შეასრულეს, რისთვისაც დამსაქმებელს თითოეულისათვის - 6000 ლარი უნდა აენაზღაურებინა.
3. დამსაქმებელმა, მოსარჩელეებს 2009 წლის აგვისტოს შრომითი ანაზღაურება - 500 ლარი და ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულება - 6 000 ლარი არ აუნაზღაურა.
4. 2014 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის მიმართ აუნაზღაურებელი ხელფასისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
5. მოპასუხეს არც შესაგებელი წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი, მიუღებელი შრომის ანაზღაურებისა და ამ თანხის ანაზღაურებისათვის დასარიცხი პროცენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 17101,50 ლარის (საიდანაც 500 ლარი გადაუხდელი ხელფასია, 815,50 ლარი, ამ თანხის ანაზღაურებისათვის დასარიცხი პროცენტი, 6000 ლარი, ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის გადასახდელი თანხაა, ხოლო 9786 ლარი - ამ თანხის ანაზღაურებისათვის დასარიცხი პროცენტი) გადახდა დაეკისრა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ; სარჩელი, თითოეული მოსარჩელისათვის 224 062,80 ლარის, სულ - 448 125,60 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრების ნაწილში უარყოფილ იქნა.
7. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელში მითითებული არ იყო ფაქტები, რომლებიც ადასტურებდა მოსარჩელეთათვის გადაუხდელი შრომის ანაზღაურების გამო მიუღებელ შემოსავალს.
8.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა ამ მოთხოვნას.
8.3. სააპელაციო პალატის დასკვნით, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, რომლის დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის, თითოეულის სასარგებლოდ - 224062,80 ლარის დაკისრებას ითხოვდნენ, თუმცა კონკრეტული გარემოებები, საიდან და რა სავარაუდო შემოსავალი უნდა მიეღოთ მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში და რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი შემოსავლის მიღება, სარჩელში მითითებული არ არის. შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
8.4. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატამ მიიჩნია, რომ ეს გარემოება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
9. აღნიშნული განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. კასატორების მტკიცებით, მიუხედავად მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა ვერ გაარკვიეს, რა სავარაუდო შემოსავალი უნდა მიეღოთ მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელფასის გადახდის დაყოვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და ამავე კოდექსის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლით, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ის ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ, უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016).
16. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება და სავარაუდო იყო თუ არა ეს მოვალისათვის (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, სსკ-ის 412-ე მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება, ვინაიდან, მოსარჩელეები არ უთითებენ, თუ რა სავარაუდო შემოსავალი უნდა მიეღოთ მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში და რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. რაკი ამ გარემოებების მითითების ვალდებულება მოსარჩელეებს გააჩნდათ და არ მიუთითეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან არ არსებობდა დამტკიცებულად მიჩნეული ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად გაამართლებდა.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ასა და გ.რ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი