Facebook Twitter

13 იანვარი, 2020 წელი

№ა-2-შ-1-2020 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე უკრაინის სახელმწიფო საწარმო ,,კ.ა.ქ–ის“ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი, უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, თანხის დაკისრების თაობაზე.

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა - აღსრულების საკითხს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (სსსკ-ის პირველი მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელს (შუამდგომლობას) უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს. იმავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. იმავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ შუამდგომლობას ხელს აწერს ა.პ–ი, როგორც უკრაინის სახელმწიფო საწარმო ,,კ.ა.ქ–ის“ დირექტორი, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შპს ,,ს.ი–თან“ (მოწინააღმდეგე მხარე) გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს პ.ვ. კ–ი აწერს, შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქმის მასალებით შუამდგომლობაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილება დაუდასტურებელია, რის გამოც შეუძლებელია დადგენა იმისა, რომ შუამდგომლობა გაცხადებულია ულებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, უკრაინის სახელმწიფო საწარმო ,,კ.ა.ქ–ას“ უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უკრაინის სახელმწიფო საწარმო ,,კ.ა.ქ–ას“ უარი ეთქვას უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე