Facebook Twitter

საქმე №ა-5563-შ-165-2019 15 იანვარი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ა.ნ. კიზი ბ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ბ–ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს #2(052)-68/2018 გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ნ. კიზი ბ–ასა (კ–ა) (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან არასრულწლოვნის დედა) და ო. ბ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან არასრულწლოვნის მამა) შორის 2014 წლის 16 აპრილს ნაფტალანის საქალაქო სარეგისტრაციო განყოფილებაში დარეგისტრირდა ქორწინება სარეგისტრაციო ნომრით #24.

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს 2015 წლის 17 აგვისტოს შეეძინათ შვილი ზ. ო. კიზი ბ–ა (შემდეგში: არასრულწლოვანი).

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს #2(052)-68/2018 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; არასრულწლოვნის მამას არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის 2018 წლის 18 იანვრიდან შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის - 100 მანათის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 მანათი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ასევე, დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო უცხო ქვეყნის სასამართლოში გასამართი სხდომის თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის თაობაზე, მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვას არ ესწრებოდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

5. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, 2019 წლის 5 დეკემბერს აღძრული შუამდგომლობით ამ განჩინების მესამე პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

7. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

8. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს გზავნილი 2019 წლის 16 დეკემბერს პირადად ჩაჰბარდა.

9. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან) ("ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროის, თარიღისა და განხილვის ადგილმდებარეობის შესახებ, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

11. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.

12. ამავე ხელშეკრულების მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 42-46 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 44-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.

14. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.

15. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა 42-46 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ნ. კიზი ბ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნაფტალანის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს #2(052)-68/2018 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:

2.1. ო. ბ–ს ა.ნ. კიზი ბ–ას სასარგებლოდ 2015 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ზ. ო. კიზი ბ–ას რჩენისათვის 2018 წლის 18 იანვრიდან სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად ალიმენტის 100 (ასი) მანათის გადახდა დაეკისრა;

2.2. ო. ბ–ს ა.ნ. კიზი ბ–ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 20 (ოცი) მანათის გადახდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე