საქმე №ას-1607-2019 13 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ა–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც.ფ-ჩ–ი, გ.ჩ–ი (მოპასუხეები)
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისში, ....., პირველ სართულზე მდებარე 234.52 კვ.მ. ფართი (ს/კ .....), ყოფილი სასადილოს ტერიტორია, არის სახელმწიფოს საკუთრება (ტ. 1, ს.ფ. 18-19).
2. ქ. თბილისი, ....., ნაკვ. 34/020, სართული 2, ბინა 5, 19.39 კვ.მ (ს/კ .....) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ.ა–ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 16-17).
3. მოსარჩელე, ც.ფ–ჩ–ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და გ.ჩ–ი (შემდეგში: მეორე მოპასუხე) არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ირიცხებიან სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, კერძოდ, ქ. თბილისში, ..... მდებარე „გ–ის“ შენობაში რეგისტრირებულ დევნილთა სახელობით სიაში (ტ. 1, ს.ფ. 24-26, 115-116).
4. საწარმო კომბინატი „გ–ის“ შენობაში, მდებარე ქ. თბილისში, ....., 1993 წლიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩასახლებულები არიან სოხუმში განლაგებული გეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და მათ ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები N 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 13, ასევე - საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი სასადილო), საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე (შპს „ფ–ლა 2..“-ის მიერ 2008 წლის 14 თებერვალს გაცემული ცნობა, ტ. 1, ს.ფ. 21).
5. სასარჩელო მოთხოვნა
5.1. მოსარჩელემ 2017 წლის 2 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......, „გეოლკომბის“ შენობის პირველი სართულის (ყოფილი სასადილო) (ს/კ ......) გამოთხოვა მოითხოვა.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელე სადავო ფართის მესაკუთრე არ არის და სადავო ქონებაზე მას არანაირი უფლება არ აქვს.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე, 159-ე, 160-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
8.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სსსკ-ში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
9.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არ არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მისთვის იმგვარი უფლების მინიჭების ფაქტი, რომლის საფუძველზეც აპელანტი უფლებამოსილი იქნებოდა, კანონის თანახმად მოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა. აპელანტის განმარტებით, მისი უფლება უძრავ ნივთთან მიმართებით დასტურდება შპს „ფ–ლა 2...“-ის მიერ გაცემული ცნობით, თუმცა საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რომ აღნიშნული იურიდიული პირი „გ–ის“ უფლებამონაცვლეა. ამასთან, რამდენადაც სადავო ნივთზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრება, მითითებული ფაქტი შესაძლოა მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ იქნეს აღიარებული.
9.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეები ფლობენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართს, რაც საქმის განხილვის დროისათვის ამ უკანასკნელის ნებას არ ეწინააღმდეგება. მოსარჩელემ კი, ვერ დაადასტურა იმგვარი მფლობელობის უფლების არსებობა, რაც მას მესაკუთრის მსგავსად ნივთის ვინდიცირების უფლებას მიანიჭებდა. რაც შეეხება, აპელანტის მითითებას, იმის შესახებ, რომ მოპასუხეები ....... მდებარე „გ–ის“ შენობაში რეგისტრირებულ დევნილთა სახელობით სიაში არ ირიცხებიან და მათ იქ ბინადრობის კანონიერი უფლება არ აქვთ, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ არის საკმარისი სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
10. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის 2014 წლის 19 ივნისის #02-2/306 წერილის შინაარსი, რომლითაც დადგენილია, რომ შპს „სა–ბი“ 2002 წელს, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 5 ივლისის #1-3/477 ბრძანებით, მართლაც შეერწყა საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნულ კომპანიას, მაგრამ 2007 წელს საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანია ნატურით გაიყო, რა დროსაც შპს „ს–ში“ შევიდა შპს „ფ–ლა - 2...“-ის საწესდებო კაპიტალი.
10.3. კასატორის განმარტებით, ის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი, მართლზომიერი მფლობელია.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რასაც სარჩელში უთითებდა, ხოლო სადავო ფართის მფლობელობა არ არის კანონით გათვალისწინებული ის საფუძველი, რაც მოსარჩელეს (კასატორს) უძრავი ქონების მოპასუხეთაგან გამოთხოვის უფლებას ანიჭებს.
19. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ არის იმ ფართის მესაკუთრე, საიდანაც ითხოვს მოპასუხეების გამოსახლებას, სარჩელი წარუმატებელი და შესაბამისად უარყოფილია (სსკ-ის 172.1-ე მუხლი).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ა–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე