საქმე №ას-1236-2019 16 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ.თ–ა (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.თ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელით მიმართა სასამართლოს სს ,,ლ.ბ–ის“ (შემდეგში: ბანკი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: ა) ხელშეკრულების საფუძველზე გაუცემელი თანხის - 900 ლარის ანაზღაურება; ბ) ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოწვეული მატერიალური ხარჯების კერძოდ, ოპერაციის ხარჯი - 3200 ლარის ოდენობით, წამლების საფასური - 5.068 ლარის ოდენობით, ხუთი წლის განმავლობაში შესაძენი წამლების საფასური - 11.381 ლარისა და რეაბილიტაციის ხარჯების სახით - 3000 ლარის გადახადა; გ) მორალური ზიანის სახით - 100.000 ლარის ანაზღაურება.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 11 სექტემბერს მას დაენიშნა სახელმწიფო პენსია, რომელსაც იღებდა ბანკის ოზურგეთის ფილიალის მეშვეობით. 2014 წლის 27 ნოემბერს და 2016 წლის 04 მაისს ისარგებლა სოციალური ავანსით, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო პენსიაზე არა უმეტეს 50%-ის ჩამოჭრით. მოგვიანებით, მისთვის გახდა ცნობილი, რომ ხელშეკრულებები შედგენილი იყო კანონდარღვევით, თუმცა, მისი პრეტენზიები ბანკის ხელმძღვანელობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დეპარატამენტის მიერ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 11 აპრილს ბანკის ფილიალში შეატყობინეს, რომ პენსია ისევ არ დაერიცხებოდა, მიღებული სტრესის გამო, რამდენიმე საათში მიიღო გულის შეტევა და აღმოჩნდა რეანიმაციაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ქ.ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. გაუკეთდა გულის შუნტირება. ფაქტობირივად გახდა ინვალიდი ანუ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ნერვიულობის გამო, ორჯერ ისევ იქნა მოთავსებული რეანიმაციის განყოფილებაში, როგორც თბილისში, ასევე, ბათუმში.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2014 წლის 27 ნოემბერს ბანკსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ავანსის სახით მიიღო - 1125 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის მომსახურების საკომისიო - ავანსის მოცულობის ძირითადი თანხის 2.22%, მოქმედების ვადა - 18 თვე. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ავანსის გაცემის შემდეგ მის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური სარგოს თანხებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურაფდ სესხის დასაფარად მიმართულიყო - 150 ლარი, ხოლო მომდევნო 15 თვე კი - 75 ლარი. მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდებს ახორციელებდა მხოლოდ 2015 წლის ივნისის თვემდე. 2015 წლის 18 ივლისს ისარგებლა პარალელური ავანსით, კერძოდ, კვლავ აიღო წინსწრებად პენსია 488.76 ლარის ოდენობით, ისე, რომ ჯერ სრულად არ ჰქონდა შესრულებული 2014 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2015 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელემ ისევ ისარგებლა პარალელური ავანსით და აიღო სესხის სახით 182.86 ლარი. რაც შეეხება 2016 წლის 04 მაისს გაფორმებულ სოციალური ავანსის ხელშეკრულებას, მოსარჩელემ, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ავანსის სახით მიიღო 1469 ლარი, 36 თვის ვადით, სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად 80 ლარის გადახდით. გადახდებს ახორციელებდა 2016 წლის აგვისტოს თვემდე, 2016 წლის 19 აგვისტოს კი ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2016 წლის 04 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, გაზარდა სესხის თანხა 2720 ლარამდე და შეცვალა გადახდის წესი, კერძოდ 3 თვის ვადით გადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2016 წლის დეკემბრის 2017 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში, თუმცა, 2016 წლის დეკემბერს, 2017 წლის იანვარს და თებერვალს ისევ მიმართა ბანკს გადავადების მოთხოვნით. ამდენად, მისთვის თავიდანვე ნათ– იყო, რომ 2017 წლის მარტის, აპრილსა და მაისის თვეებში ვერ შესძლებდა პენსიით სარგებლობას, რადგან თავისივე მოთხოვნის საფუძველზე იყო გადახდები გადავადებული. მოსარჩელეს, რომ ესარგებლა მხოლოდ იმ სესხებით, რომელიც თავად აქვს სარჩელში მითითებული, 2014 წლის 27 ნოემბრის სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 75 ლარით, ხოლო 2016 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება კი, ყოველთვიურად 80 ლარის გადახდით, თუმცა, იგი იღებდა პარალელურად სესხებს, რაც წარმოშობდა დამატებით ვალდებულებებს. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდა 2017 წლის 11 აპრილს ბანკის ფილიალში შეტყობინება, რომ პენსია არ დაერიცხებოდა და მიღებული სტრესის გამო მოათავსეს საავადმყოფოში.
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს N9454785 (პუნქტი 4.10) და 2016 წლის 04 მაისს N12273014 (პუნქტი 4.9) გაფორმებული სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კლიენტი ბანკს აძლევს წინასწარ, უპირობო და გამოუთხოვად უფლებას, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კლიენტის მიერ ნებისმიერი სოციალური სარგოს მიღების მიზნით სხვა კომერციულ ბანკში საბანკო ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, კლიენტისათვის წინასწარი შეტყობინების და დამატებითი ნებართვის გარეშე, მიმართოს ისეთ კომერციულ ბანკს და კლიენტის სახელით ჩართოს ავტომატური გადარიცხვის სერვისი ან სხვაგვარად მიმართოს კლიენტის ასეთ ანგარიშზე არსებული თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების, პირგასამტეხლოს ან კლიენტზე დაკისრებული ნებისმიერი სხვა გადასახადების სრულად დასაფარად (ტომი 1, ს/ფ 16-18, 71-72).
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა მოპასუხეზე 900 ლარის დაკისრებას. მოსარჩელე უთითებდა, რომ ბანკი მას უსაფუძვლოდ და უკანონოდ აჭრიდა პენსიის 100%-ს, 50%-ის ნაცვლად. აღნიშნული თანხა მას დაანგარიშებული აქვს 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდზე, რა დროსაც, მას ბანკი უსაფუძვლოდ უკავებდა და არ აძლევდა პენსიის 50%-ს.
8. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის გაფორმებული იქნა რამოდენიმე სოციალური დახმარების ან/და ავანსის ხელშეკრულება, კერძოდ: 2014 წლის 27 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა N9454785 სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ავანსის სახით მიიღო 1125 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის მომსახურების საკომისიო - ავანსის მოცულობის ძირითადი თანხის 2.22% თვეში, მოქმედების ვადა - 18 თვე. ამავე ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა აიღო ვალდებულება ავანსის გაცემის შემდეგ მის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური სარგოს თანხებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად სესხის დასაფარად მიმართულიყო - 150 ლარი, ხოლო მომდევნო 15 თვე კი - 75 ლარი ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე. ამავე ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, რომ ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ: 4.8.1. განახორციელოს ბანკში კლიენტის ანაგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება. 4.8.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ავანსის გადასახდელი, ავანსის მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების ან/და სხვა ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
9. დადგენილია, რომ 2016 წლის 04 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა N12273014 სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ავანსის სახით მიიღო 1469 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის საკომისიო - ავანსის გაცემის მომენტში დადგენილი ძირითადი თანხის 2.67%, მოქმედების ვადა - 36 თვე. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად შეამციროს ფინანსური ვალდებულება 80 ლარის გადახდით. ამავე ხელშეკრულების 4.7. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კლიენტი აცხადებს თანხმობას, ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ: 4.7.1. განახორციელოს ბანკში კლიენტის ანაგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება. 4.7.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ავანსის გადასახდელი, ავანსის მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების ან/და სხვა ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
10. 2016 წლის 19 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2016 წლის 04 მაისს გაფორმებულ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებაში, მოსარჩელემ გაზარდა სესხის თანხა 2720 ლარამდე, შემდეგი პირობებით: ავანსის მოქმედების ვადად განისაზღვრა - 36 თვე, ავანსის ყოველთვიურად დასაფარი თანხა განისაზღვრა - 80 ლარით, შეიცვალა გადახდის წესი, სამი თვის ვადით გაადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვარისა და თებერვლის თვეებში.
11. უდავოა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა ბანკის წინაშე ვალდებულებები. ამასთან, დადგენილია, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გარკვეულ თვეებში მოსარჩელეს პენსიიდან არ აუღია რაიმე თანხა. მისი პენსიით იფარებოდა ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები, მაგრამ აღნიშნული გამომდინარეობდა თვით მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებიდან. ამგვარი იყო მხარეთა შორის შეთანხმება. ამასთან, მოსარჩელე ისე რომ გასტუმრებული არ ჰქონდა მიმდინარე ავანსის ხელშეკრულება, დებდა ბანკთან პარალელურ ავანსის ხელშეკრულებებს, ასევე, რამოდენიმეჯერ გადაავადა მიმდინარე გადასახადი, რამაც გამოიწვია გარკვეულ თვეებში სრული პენსიის დაკავება, რაც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან. შესაბამისად, ჩამორიცხული სრული პენსიიდან იფარებოდა მოსარჩელის მიერ ბანკის წინაშე აღებული მიმდინარე ვალდებულებები.
12. მოსარჩელის (აპელანტი) პრეტენზია იმას ეფუძნებოდა, რომ ხელშეკრულების 4.4 პუნქტი კანონსაწინააღმდეგოა, რადგან ბანკს არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა პენსიის 50%-ზე მეტი. აღნიშნული არ იქნა გაზიარებული, რადგან მოსარჩელეს (აპელანტი) კანონით დადგენილი წესით, ეს ხელშეკრულებები ან მისი რომელიმე ჩანაწერი (ნაწილი) სადავოდ არ გაუხდია. ამ ხელშეკრულებათა ნამდვილობის პირობებში კი, მოსარჩელის პრეტენზია ბანკის მიერ თანხის სამართლებრივი საფუძვლის ჩამოჭრის თაობაზე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
13. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკის მიერ მოსარჩელის პენსიის სრული ოდენობით დაკავებას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი. მისი პენსიით, ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, იფარებოდა მის მიერ ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები.
14. მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, მას მიადგა ბანკთან ურთიერთობის შედეგად, კერძოდ, გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შედეგადაც ასევე მიიღო სულიერი ტანჯვა და სტრესი.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის; კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
16. სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
17. ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად გაანაწილა: მოსარჩელეს დააკისრა ზიანის არსებობისა და მისი მოცულობის, ასევე, მიზეზობრივი კავშირის (მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის) მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს - მისივე ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობის მტკიცების ტვირთი.
18. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა, ის გარემოება, რომ აღნიშნული გამოწვეულია ბანკის ბრალეული მოქმედებით, დაუდასტურებელია. ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული მოწმეების მოსარჩელის მეუღლისა და შვილის: ფ. და ნ. თ–ას ჩვენებებითაც არ დადასტურდა ის გარემოება, რომ სწორედ ბანკის მხრიდან პენსიის დაკავებით იქნა გამოწვეული ვ.თ–ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (იხ.,ტ.2. ს.ფ. 156).
19. ასევე, დაუდასტურებელია ბანკის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობა; ბანკი მოქმედებდა მხოლოდ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების განმაპირობებელი გარემოების არსებობას.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
21. კასატორი მიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ბანკს უფლება არ ჰქონდა მოსარჩელისთვის ჩამოეჭრა პენსიის 50%-ზე მეტი.
22. კასატორი მიუთითებს, რომ იგი ასაჩივრებს მასსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პ.4.4-ს, სადაც მოსარჩელეს სამი თვის განმავლობაში ჩამოეჭრება პენსიის 100%.
23. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მიზეზობრივი კავშირი ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის და ეყრდნობა წარმოდგენილ სამედიცინო ცნობაში- ფორმა100 - მითითებულ მიზეზებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, წონა, თამბაქოს მოწევა და სხვა. კასატორი აღნიშნავს, რომ ინფაქტი ადამიანს ემართება მიღებული სტრესის ფონზე, რის გარკვევასაც სპეციალური ცოდნა სჭირდება და არა ბანკის წარმომადგენლების განმარტება. ამასთან, კასატორის მითითებით, არასწორია ეროვნული ბანკის წერილის შინაარსი, რომ მოსარჩელეს ყოველთვიურად ერიცხება პენსია 80 ლარი. კასატორი ამ წერილს უწოდებს სიცრუეს და აღნიშნავს, რომ ამის დასტურია ბანკის ანგარიშიდან ამონაწერი.
24. კასატორი აღნიშნავს, რომ უსახსრობით მას ადგება სულიერი ტანჯვა, რაც სსკ-ის 413-ე მუხლის მიხედვით მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს მიაჩნია, რომ არსებობდა მისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, თუმცა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მას უსაფუძვლოდ უთხრეს უარი მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
28. საკასაციო პალატა არ იზიარებს წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს, სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, კერძოდ, ნორმით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში, დაზარალებულმა შეიძლება, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთმითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც, დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს, რომლის დამტკიცების ვალდებულებაც ეკისრება დაზარალებულს (იხ., სუსგ №ას-111-111-2018, 11 მაისი, 2018 წელი, პ.109).
30. გასათვალისწინებელია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
32. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები].
33. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ფაქტის არსებობა (მისი მოცულობა) და ამ ზიანის, მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის (მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი) მტკიცება სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ეკისრებოდა მოსარჩელს. მოსარჩელის მიერ მტკიცების ამ სტადიის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეს დაეკისრებოდა მისივე ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობის მტკიცების ტვირთი.
34. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება მტკიცებულება, იგი მხოლოდ განმარტავს, რომ საპენსიო ანგარიშიდან პენსიის 100%-ით ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის შეტყობინებამ განაპირობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც სსკ-ის 413-ე მუხლის მიზნებისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევა.
35. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ბანკს უფლება არ ჰქონდა მოსარჩელისთვის ჩამოეჭრა პენსიის 50%-ზე მეტი და რომ იგი ასაჩივრებს მასსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პ.4.4-ს, სადაც მოსარჩელეს სამი თვის განმავლობაში ჩამოეჭრება პენსიის 100% (იხ., კასაციის საფუძვლები, ამ განჩინების პპ. 21, 22), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის (აპელანტი) პრეტენზია იმას ეფუძნებოდა, რომ ხელშეკრულების 4.4 პუნქტი კანონსაწინააღმდეგოა, რადგან ბანკს არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა პენსიის 50%-ზე მეტი. აღნიშნული არ იქნა გაზიარებული, რადგან მოსარჩელეს (აპელანტი) კანონით დადგენილი წესით, ეს ხელშეკრულებები ან მისი რომელიმე ჩანაწერი (ნაწილი) სადავოდ არ გაუხდია. ამ ხელშეკრულებათა ნამდვილობის პირობებში კი, მოსარჩელის პრეტენზია ბანკის მიერ თანხის სამართლებრივი საფუძვლის ჩამოჭრის თაობაზე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. აღნიშნული ვერ გახდება ვერც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი, რადგან სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
36. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია არც მატერიალური ზიანის ანაზღაურების წარმომშობი გარემოებების არსებობის ნაწილში (სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი).
37. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.თ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე