საქმე №ას-1712-2019 9 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.შ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ვი, ლ.ბ–ძე, ზ.ბ–ძე, ც.ქ–ძე, გ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს.შ–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ლ.ბ–ვის, ლ.ბ–ძის, ზ.ბ–ძის, ც.ქ–ძისა და გ.გ–ძის მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ს.შ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა .
აღნიშნული გადაწყეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.შ–ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით ს.შ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება. ს.შ–ას სარჩელი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს.შ–ას წარმომადგენელმა ნ.ქ–ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს.შ–ას საკასაციო საჩივარი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ს.შ–ას წარმომადგენელი ნ.ქ–ა, მხარეებს განემარტა მოცემული განჩინების გასაჩივრების წესი (ს.ფ. 162-163). ასეთ შემთხვევაში კასატორი, მოცემულ შეთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2019 წლის 6 ივნისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ.
დიდი პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (სუსგ დიდიდ პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2019 წლის 7 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 18 ივნისს, შესაბამისად, კერძო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო (საკასაციო) საჩივარი ს.შ–ას წარმომადგენელმა ნ.ქ–ამ ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 25 ივნისს (იხ. ტ.3, ს.ფ.181-191) ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს.შ–ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობებშიც კი, მას მაინც არ ექნებოდა წარმატების პერსპექტივა, რადგან აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არარსობის პირობებში მის დაუშვებლობასთან დაკავშირებით დადგენილია სასამართლო პრაქტიკა (იხ.სუსგ დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016; სუსგ, 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-937-887-2015; სუსგ 2015 წლის 1 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-17-14-2015, აგრეთვე სუსგ 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას-1525-2019).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.შ–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი