Facebook Twitter

საქმე №ას-1636-2019 20 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ჯ–ა, გ.ჯ–ა, დ.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ–ი“, ნოტარიუსები – რ.ნ–ი, თ.პ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ.ა–მა, ბ. და გ.ჯ–ებმა (შემდგომ – მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე შპს), ნოტარიუსების – რ.ნ–ისა და თ.პ–ის (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე შპს-სთან გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. ხელშეკრულების დებულება არის ბუნდოვანი და გაუგებარი. ასევე, მოპასუხე ნოტარიუსებმა უკანონოდ გამოწერეს სააღსრულებო ფურცლები.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 6 ნოემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ საქმეში არსებულ მისამართზე (ს.ფ. 395, 448-450). აპელანტებისათვის გაგზავნილი გზავნილი 2019 წლიწ 15 ივნისს ჩაიბარა ი.დ–ამ, რომლიც წარმოადგენს ადრესატების ოჯახის წევრს, კერძოდ, იგი არის დ.ა–ის მეუღლე, ბ.ჯ–ას ბიძაშვილი და გ.ჯ–ას დისშვილი (ს.ფ. 451-453).

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს განჩინების ასლი ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით და მათ შეეძლოთ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება.

8. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტების მიერ სასამართლოს მხრიდან დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა ი.დ–ასათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება თავად მხარისათვის მის ჩაბარებად, რადგან დასახელებული პირი მოსარჩელეთა ნათესავია და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრს არ წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 400,55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

17. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

18. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

19. აღნიშნული განჩინების ასლი ერთხელ წარუმატებლად გაეგზავნათ აპელანტებს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, იგი დაუკავშირდა ბ.ჯ–ას, რომელმაც დააზუსტა აპელანტთა მისამართი (ს.ფ 447). განმეორებით აპელანტებს ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება გაეგზავნათ ზემოაღნიშნულ აქტში დასახელებულ მისამართზე და 2019 წლიწ 15 ივნისს ჩაბარდა ი.დ–ას, რომლიც წარმოადგენს ადრესატების ოჯახის წევრს, კერძოდ, იგი არის დ.ა–ის მეუღლე, ბ.ჯ–ას ბიძაშვილი და გ.ჯ–ას დისშვილი (ს.ფ. 451-453).

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს, რომ აპელანტებს სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებიათ, რადგან მხარემ რაიმე მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება, რომ ი.დ–ა აპელანტთა მიმართ სსსკ-ის 74-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი არ არის და მას, თავად ერთ-ერთი აპელანტის მიერ დასახელებულ მისამართზე, სასამართლო გზავნილი აპელანტთათვის გადასაცემად უკანონოდ ჩაბარდა.

21. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

22. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად აითვალა ხარვეზის შესავსებად მხარისათვის მიცემული საპროცესო ვადა 2019 წლის 15 ივნისის შემდგომი დღიდან და მართებულად ჩათვალა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიანი ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. მათ ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსათვის არც მითითებული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ მიუმართავთ.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ა–ის, ბ. და გ.ჯ–ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

პ. ქათამაძე