საქმე №ას-1690-2019 20 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ტ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შეთანხმების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ფ.ტ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მხარეთა შორის დადებული შეთანხმების მესამე მუხლის ბათილად ცნობისა და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 18 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სამინისტროს მიერ მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლში 413.90 კვ.მ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სულ 5 ბინის – ხელშეკრულების 2.1.1. ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონების საცხოვრებელი ფართის შესყიდვა.
3. 2018 წლის 27 ნოემბერს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა. ხუთი ბინა მზად იყო საჯარო რეესტრში აღსარიცხად. აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და თანხმობა სთხოვა, ბინების წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად, დასარეგისტრირებლად.
4. მოსარჩელეს წერილზე პასუხი არ მიუღია და 2018 წლის 21 დეკემბერს დაიბარეს მოპასუხესთან, სადაც დაახვედრეს ქართულ ენაზე შედგენილი 2018 წლის 18 მაისს მასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმება, რომელზეც ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ აუხსნეს შინაარსი. მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ ხელს აწერდა ბინების, წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად, რეგისტრაციისათვის თანხმობას. მოსარჩელე ეროვნებით აზერბაიჯანელია, არ ფლობს ქართულ ენას, შეთანხმების შინაარსი გაიგო მოგვიანებით, როდესაც შეთანხმება აჩვენა იურისტებს. უკანონოა შეთანხმების მე-3 მუხლი, რომლითაც მოსარჩელეს ეკისრება პირგასამტეხლოს – 8071.20 ლარის გადახდა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის მაღალი.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ 21 დღის დაგვიანებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მას დაეკისრა პირგასამტეხლო დაგვიანების გამო, 30 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით, რაც სულ 8071.20 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ქართული ენის არცოდნის ფაქტს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საქმე აწარმოოს სახელმწიფო ენაზე და არცერთი ნორმა არ ავალდებულებს მას სხვა ენაზე აწარმოოს დოკუმენტაცია ან მოლაპარაკებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტელო ოდენობა – 8071.20 ლარი შემცირდა 1614.24 ლარამდე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2019 წლის 26 ივლისს. დანიშნულ დროს მხარეები სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ. სააპელაციო პალატა 50 წუთის განმავლობაში ელოდა მათ და დაადგინა, რომ არც კანცელარიის მეშვეობით არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 276-ე მუხლით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2019 წლის 22 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, შეიქმნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და განისაზღვრა მის უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა მხარის უფლებამონაცვლეობა. ამასთან, აღნიშნული სააგენტო ფორმირების პროცესშია და მისი სახელით მინდობილობის წარდგენა ვერ მოხერხდა.
12. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ უწყების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტი სრული შემადგენლობით (26 თანამშრომელი) 2019 წლის 25 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაბარებული იყო გასაუბრებაზე, ვინაიდან კონკრეტულ თანამშრომელთან გასაუბრების დრო არ იყო ცნობილი, ყველა ერთ დროს დაიბარეს და შეუძლებელი გახდა გასაუბრების დასრულების დროის განსაზღვრა. აღნიშნულის გამო, მოპასუხის თანამშრომლები ვერ გამოცხადდებოდნენ საქმის განხილვაზე, რის თაობაზეც ეცნობა სასამართლოს და მხარემ იშუამდგომლა პროცესის გადადება არაუადრეს 1 დეკემბრისა, რადგან რეორგანიზაცია უნდა დასრულებულიყო 30 ნოემბერს. შუამდგომლობას დაერთო 22 ოქტომბერს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინება გასაუბრების შესახებ. აღნიშნულ დრომდე მითითებული შუამდგომლობის წარდგენა შეუძლებელი იყო გასაუბრების კონკრეტული თარიღის არცოდნის გამო.
13. მითითებული შუამდგომლობა ფოსტის სერვის ცენტრს ჩაბარდა 2019 წლის 23 ოქტომბერს, ხოლო სასამართლოს გადაეცა 25 ოქტომბერს 12:30 საათზე, რაც ირკვევა ფოსტის დასტურით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სხდომა გახსნა 12:51 საათზე. ამ დროს შუამდგომლობა უკვე სასამართლოს ჰქონდა გადაცემული. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ აპელანტს არ მიუმართავს სასამართლოსათვის და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არ უცნობებია.
14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 92-ე და 279-ე მუხლების დანაწესები.
15. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
18. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
19. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
20. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
21. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს (სუსგ 13.04.2018წ. საქმე №ას-374-374-2018).
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1. მხარეებს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობოთ საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია; 2. სასამართლო პროცესზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა; 3. მხარეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე (ს.ფ 202), რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ 2019 წლის 26 ივლისს კანონით დადგენილი წესით (ს.ფ 206-207), რაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ.
24. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს არცერთი მხარე არ გამოცხადდა. სხდომა გაიხსნა 12:51:17 საათზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მომენტისათვის მხარეებს საკუთარი გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია არ წარუდგენიათ.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ აპელანტმა საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობით სააპელაციო პალატას მიმართა 2019 წლის 25 ოქტომბრის 12:30 საათზე, რის დასტურადაც მხარემ მიუთითა საფოსტო გზავნილის სასამართლოსათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაციაზე (ს.ფ 249), რომელიც დაურთო კერძო საჩივარს.
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ოქტომბერს შემოსულ განცხადებაზე, რომელზეც დასმულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბეჭედი და განცხადების სასამართლოში შეტანის დროდ დაფიქსირებულია 15:10 საათი (ს.ფ 231). შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ განცხადება სასამართლოს 12:30 საათზე ჩაბარდა.
27. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მომენტში სასამართლოს აპელანტის გამოუცხადებლობის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა.
28. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნიეს უშუალოდ შუამდგომლობისა და მისი საფუძვლების შეფასებას და განმარტავს, რომ აპელანტის მოთხოვნის მოტივები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას არ ქმნის.
29. მხარე თავის შუამდგომლობაში უთითებდა ორ არგუმენტზე: აპელანტის უფლებამონაცვლის დადგენაზე და 2019 წლის 25 ოქტომბერს მისი სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობაზე, რადგან ორგანიზაციაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და 26-ვე იურისტი დაბარებულ იქნა გასაუბრებაზე 25 ოქტომბერის 11:00 საათზე.
30. უფლებამონაცვლის დადგენასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უფლებამონაცვლეობის ფაქტის დასადგენად მხარემ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილება, საიდანაც დასტურდება, რომ მხარისათვის 23 ოქტომბრამდე (დრო, როდესაც მხარემ საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობა ფოსტას ჩააბარა) გაცილებით ადრე გახდა ცნობილი ორგანიზაციის ფუნქციების განაწილების შედეგად მხარის ცვლილების საჭიროების თაობაზე და შეეძლო, დროულად მიემართა სასამართლოსათვის აღნიშნული შესახებ.
31. ამავდროულად, კერძო საჩივრის მოთხოვნის პასუხად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის უფლებამონაცვლის დასადგენად საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის ასლი საკმარისი არ არის, რის გამოც მისი შუამდგომლობა საფუძველს მოკლებულია.
32. რაც შეეხება აპელანტის მეორე არგუმენტს, ორგანიზაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, თანამშრომლების ერთი და იგივე დღის 11:00 საათზე დაბარების მოტივით სასამართლოში გამოუცხადებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული წერილის ამონაწერი, რომლის მიხედვით 2019 წლის 25 ოქტომბერს, 11:00 საათზე გასაუბრებაზე დაბარებულ იქნა ერთი კონკრეტული პირი (ს.ფ 232) და არა იურიდიული სამსახურის ყველა თანამშრომელი, როგორც ამაზე კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ შეაფასებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოსაცხადებლად თუნდაც ერთი წარმომადგენლის მოუძიებლობას (მით უფრო, როდესაც, თავად მხარის განმარტებით, იურიდიულ სამსახურში 26 თანამშრომელია) განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის 25 ოქტომბერს დანიშნული სხდომის შესახებ აპელანტს პროცესამდე რამდენიმე თვით ადრე ეცნობა.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
34. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით.
35. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს სრულიად გონივრული დრო ჰქონდა საქმის განხილვისათვის მოსამზადებლად და პროცესზე წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადების უზრუნველსაყოფად, ამდენად, მხარემ ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებაზე, რომელიც 2019 წლის 25 ოქტომბრის სხდომის გადადების საპატიო მიზეზი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა არც საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა, რადგან აპელანტის უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების განმავლობაში შესასრულებელი საპროცესო მოქმედებების განხორციელების ვალდებულება დავაში ჩაბმულ მხარეს ეკისრებოდა.
37. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე