საქმე №ას-1707-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ.გ–ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე გ.გ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ C1... საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების ძირი თანხის – 7399,78 ლარის, სარგებლის 4239,05 ლარისა და მოპასუხე გ.გ–ძეს (პ.ნ ....), მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის’’ სასარგებლოდ C1... საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 7399.78 ლარის წლიური 11% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 802.83 ლარს; მოპასუხე გ.გ–ძეს მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის’’ სასარგებლოდ C1... საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის, სარგებლის 3270.74 ლარისა და ჯარიმის 66.20 ლარის გადახდა; მოპასუხე გ.გ–ძეს მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის’’ სასარგებლოდ C1.... საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის - 6625.27 ლარის წლიური 10% თორმეტი თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 653.44 ლარს. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.გ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.გ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ.გ–ძეს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 12 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორ გ.გ–ძეს პირადად სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2019 წლის 12 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.232). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 13 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 16 დეკემბერს, ვინაიდან 15 დეკემბერი იყო დასვენების დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი